Skip to main content

გლობალური სანედლეულო პრობლემების ეკოლოგიური ასპექტები

 გლობალური სანედლეულო პრობლემების ეკოლოგიური ასპექტები

 

ნიკა ჩიტაძე

გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი

საერთაშორისო პოლიტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი

ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთავრებულთა კავშირი, საქართველო - საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევითი ცენტრის პრეზიდენტი

 




შესავალი. სანედლეულო პრობლემების ზოგადი ნიშნები

თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას კაცობრიობის ნედლეულით მაქსიმალური უზრუნველყოფა წარმოადგენს. მოცემული საკითხი, ყოველთვის არსებობდა, მაგრამ გლობალური მნიშვნელობა მან უკანასკნელ ათწლეულებში შეიძინა, როდესაც მოსახლეობის რაოდენობისა და წარმოების მოცულობის უპრეცენდენტო ზრდამ მთელი სიმწვავით წამოჭრა სანედლეულო პრობლემა.

გლობალური სანედლეულო პრობლემები დაკავშირებულია ნედლეულზე (როგორც ენერგეტიკულ, ასევე ლითონურ და არალითონურ წიაღირსეულზე) მოთხოვნილების ძალიან სწრაფ, ხშირ შემთხვევაში სტიქიურ ზრდასთან. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ უკანასკნელი სამოცდაათი-ოთხმოცი წლის განმავლობაში დედამიწის წიაღიდან მოიპოვეს და გამოიყენეს უფრო მეტი ნედლეული, ვიდრე კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე. ამასთანავე, ამ პროცესს შეუქცევადი ხასიათი გააჩნია, ნედლეულის მარაგი კი ეტაპობრივად მცირდება, რაც მომავალში მრავალ გადაუჭრელ პრობლემას წარმოშობს. 

მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში შექმნილმა სანედლეულო კრიზისმა თვალსაჩინო გახადა, რომ შეუძლებელია ნედლეულის მოხმარების ასეთი ტემპებით გაგრძელება, რაც კაცობრიობას გამოსავლის ძიებისაკენ უბიძგებს.

სანედლეულო კრიზისს ამწვავებს ისიც, რომ ნედლეულის მარაგის შემცირების პარალელურად უარესედება საბადოების სამთო-გეოლოგიური პირობები და შესაბამისად, მოპოვების თვითღირებულება იზრდება.

გარდა ამისა, მოპოვებითი მრეწველობა დაკავშირებულია მთელ რიგ გარემოსდაცვით  პრობლემებთან. ნედლეულის ღია წესით მოპოვება ამცირებს ფინანსურ დანახარჯებს, მაგრამ ამავე დროს მიწების დეგრადაციას და მწყობრიდან გამოსვლას განაპირობებს. მნიშვნელოვანი პრობლემაა აგრეთვე ატმოსფეროს, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება. უკანასკნელ წლებში სულ უფრო ერიდებიან გოგირდის მაღალი შემცველობის ნავთობისა და ნახშირის გამოყენებას, ზოგიერთმა სახელმწიფომ კი (სადაც ე.წ. მჟავური წვიმების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს), საერთოდ აკრძალა ასეთი ნედლეულის მოხმარება. ყოველივე ეს კი ნედლეულით უზრუნველყოფაში ახალ პრობლემებს წარმოშობს. 

სანედლეულო პრობლემა: მომავლის პერსპექტივა

დღევანდელ ეტაპზე ნედლეულის მოხმარების არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ნედლეულზე მოთხოვნილების სტაბილიზაციას ან შემცირებას განვითარებულ ქვეყნებში და მნიშვნელოვან ზრდას განვითარებად სამყაროში, სავარაუდოა, რომ ზოგიერთი წიაღირსეულის სიმდიდრის არსებული მარაგი შესაძლებელია უკვე უახლოეს მომავალში ამოიწუროს. მაგალითად, კალის მადნის არსებული მარაგი კაცობრიობას ეყოფა დაახლოებით 2025 წლამდე, 2030 წლისათვის ამოიწურება ვოლფრამის, ვერცხლისწყლის, სურმის, ტყვიისა და სურმის მარაგი, 2040 წლისათვის - კობალტის, მოლიბდენის, სპილენძის, ნიკელის, 2060 წლისათვის - ალუმინის (ბოქსიტების) და რკინის, ხოლო 2080 წლისათვის - მარგანეცის მარაგი (დავითაშვილი, ელიზბარაშვილი, 2012). მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ლითონური ნედლეულის არაერთჯერადი გამოყენების (ჯართის გადამუშავება) შესაძლებლობა, რაც ლითონის ნედლეულის გამოყენების პერიოდს მნიშვნელოვნად ზრდის, მაგრამ საბოლოო ეტაპზე, ალტერნატიული, შემცველი მასალების სამეურნეო სისტემაში დანერგვა აუცილებლობას წარმოადგენს.

შედარებით უკეთესი მდგომარეობა არსებობს ქიმიური და სხვა არალითონური წიაღირსეულით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ფოსფორიტების, აპატიტების, კალიუმის მარილების, გოგირდის და საშენი მასალების მარაგის ამოწურვის საფრთხე 21-ე საუკუნეში არ გვემუქრება, მაგრამ ლითონისაგან განსხვავებით, ამ ნედლეულის უმრავლესობის თავიდან გამოყენების შესაძლებლობა არ არსებობს. შესაბამისად, მოცემული ნედლეულის ალტერნატიული პროდუქციით ჩანაცვლების საკითხი დროის კონკრეტულ მონაკვეთში მაინც დადგება. 

განსაკუთრებით რთული ვითარებაა სათბობ-ენერგეტიკული ნედლეულის (ნავთობი, ბუნებრივი აირი, ნახშირი) თვალსაზრისით. მოცემული რესურსები გამოლევად და აღუდგენად, ერთჯერადი გამოყენების რესურსებს მიეკუთვნებიან. მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე რადიკალური ცვლილებების შედეგად, მათი მოხმარების მოცულობის ტემპები სწრაფად იზრდება, ხოლო მარაგი, ახალი საბადოების აღმოჩენის მიუხედავად, შეზღუდულია და 50-60 წლით განისაზღვრება (ნახშირის გარდა, რომლის გამოლევაც საკმაოდ შორეული პერსპექტივაა). სწორედ ეს არის იმის ძირითადი მიზეზი, რომ სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფა კაცობრიობის უმთავრეს სანედლეულო პრობლემას წარმოადგენს. მოცემული თემის განსაკუთრებული სიმწვავისა და მნიშვნელობის გამო ენერგეტიკულ პრობლემებს ცალკე გამოყოფენ ხოლმე და უმთავრესი გლობალური პრობლემების რიცხვს მიაკუთვნებენ (დავითაშვილი, ელიზბარაშვილი, 2012).

სათბობ-ენერგეტიკული პრობლემები

წარსულ პერიოდში ენერგიის მოხმარების სწრაფი ზრდის მიუხედავად, მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე კაცობრიობა სერიოზული პრობლემების წინაშე არ დამდგარა. ენერგიის წარმოების ზრდა უზრუნველყოფილი იყო იაფი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების ზრდისა და ახალი საბადოების ათვისების ხარჯზე. შედარებით დაბალი თვითღირებულება გააჩნდა ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებაც. ყოველივე ამის გამო ეს ორი ენერგეტიკული რესურსი ენერგიის ძირითად წყაროდ გადაიქცა. მათმა ხვედრითმა წილმა 70-იანი წლების მსოფლიო თბურ ენერგეტიკულ ბალანსში 60%-ს გადააჭარბა, მაშინ როცა 50-იან წლებში 40%-ზე ნაკლები იყო (Chitadze, 2017). შესაბამისად შემცირდა ენერგიის სხვა წყაროების როლი, ხოლო სახელმწიფოთა დიდი ნაწილის ეკონომიკა მთლიანად აღმოჩნდა დამოკიდებული ნავთობისა და გაზის იმპორტზე. გარდა ამისა, იაფი ენერგიის ეპოქამ შექმნა წარმოებისა და მოსახლეობის თავისებური სტრუქტურა და განლაგება, რომელიც მეტად ინერციულია და რომლის შეცვლასაც ათეული წლების დასჭირდება.

თანამედროვე ისტორიის მომდევნო პერიოდში ენერგორესურსებზე მოთხოვნილების უპრეცენდენტო ზრდამ და მათი გამოყენების უზარმაზარმა მასშტაბებმა ნათელი  გახადა, რომ კაცობრიობა სერიოზული პრობლემების წინაშე იმყოფება. ყველასათვის თვალსაჩინო გახდა, რომ ენერგორესურსების მარაგი ულევი არ არის და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიების მიმართულებით დიდი ძალისხმევის გაწევაა საჭირო. 

ზემოთქმული იმას არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა კატასტროფულია. კაცობრიობას ენერგეტიკული შიმშილი ჯერჯერობით არ ემუქრება, მაგრამ ის, რომ იაფი ენერგიის წყაროების (ნავთობისა და ბუნებრივი გაზის) ეპოქა საბოლოოდ დამთავრდა, საკამათო თემას აღარ წარმოადგენს.

ნათელია, რომ შემდგომი 40-50 წლის მანძილზე აუცილებელია ძირეული ცვლილებები მსოფლიო ენერგეტიკულ ბალანსში. დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე შევიდა ე.წ. „გარდამავალ“ პერიოდში, რაც გულისხმობს ამოწურვად, ორგანული სათბობ-ენერგეტიკული ნედლეულიდან ენერგიის ამოუწურავ (მზის, ქარის, მოქცევის, გეოთერმულ, წყლის) რესურსებზე გადასვლას. ეს ძალიან რთული და ძვირადღირებული ამოცანაა. წარმოუდგენელ სიძნელეებთან არის დაკავშირებული მთელ რიგ დარგებში (მაგ: ტრანსპორტში) ნავთობპროდუქტების შეცვლა ენერგიის ისეთი სხვა წყაროთი, რომელსაც ისეთივე სიმძლავრე და ეფექტი ექნება, როგფორც მაგალითად ბენზინს ან საავიაციო ნავთს. თუმცა, მომავალში, დროის კონკრეტულ ეტაპზე - ადრე თუ გვიან ეს უნდა მოხდეს, რადგან გარდა იმისა, რომ ორგანული სათბობის რესურსების მარაგი შეზღუდულია, ამ ნედლეულის არსებული მასშტაბებით გამოყენებამ მძიმე ეკოლოგიური შედეგები უკვე გამოიწვია.

აღუდგენელი ენერგეტიკული რესურსების პრობლემა

ნახშირი. ნახშირის დადასტურებული დაზვერილი მარაგის ხვედრითი წილი მთელ გეოლოგიურ მარაგში საკმაოდ მცირეა (დაახლოებით 7%, ანუ 700 მილიარდი ტონა), მაგრამ მოხმარების დღევანდელი დონისა და მომავალი ტენდენციების გათვალისწინებით, მარტო ეს მარაგი პლანეტის მოსახლეობას 200 წელზე მეტ ხანს ეყოფა (Maksakovski, 2009).

უკანასკნელ პერიოდში ნავთობსა და გაზზე ფასების მკვეთრმა მატებამ ნახშირის როლი და მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა. მოიმატა ნახშირის დაზვერილი მარაგის მოცულობამაც. ყოველივე ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ორგანულ სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებში ნახშირის როლის ზრდაა მოსალოდნელი. 

ნავთობი. გეოლოგიოური და გეოფიზიკური შეფასების თანახმად, მსოფლიოში არსებული ნავთობის ის მარაგი, რომლის ამოღებაც ტექნიკურად შესაძლებელია, დაახლოებით 400 მილიარდ ტონას უდრის. აქედან დაახლოებით 40% ტრადიციული ნავთობის კატეგორიას მიეკუთვნება. დადასტურებული დაზვერილი მარაგის საერთო მოცულობა 150 მილიოარდ ტონას აღწევს. ნავთობის წლიური მსოფლიო მოპოვება კი 4 მილიარდ ტონას აჭარბებს. მარაგის თითქმის 2/3 ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე მოდის. მთავარი მომხმარებლები არიან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სახელმწიფოები და იაპონია, თუმცა სწრაფად იზრდება ჩინეთის, ინდოეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების წილიც (ელიზბარაშვილი, დავითაშვილი. 2012).

სავარაუდოა, რომ ნავთობის მოპოვების სამკმაოდ მაღალი მოცულობა 21-ე საუკუნის 40-იან წლებამდე შენარჩუნდება. შემდეგ კი, მოსალოდნელია მნიშვნელობანი კლება, ერთის მხრივ, მარაგის გამოლევისა და შესაბამისად მკვეთრი გაძვირების, მეორე მხრივ კი, ენერგიის ალტერნატიული წყაროების ათვისებისა და დანერგვის გამო.

ბუნებრივი გაზი.  ბუნებრივი აირი ერთ-ერთ ყველაზე მოხერხებულ და მაღალკალორიულ სათბობ-ენერგეტიკულ რესურსს წარმოადგენს. მისი განსაკუთრებული პოპულარობა და მზარდი როლი განპირობებულია როგორც მაღალი თბოუნარობით, ისე მოპოვებისა და გადაზიდვის შედარებით სიმარტივითა და დაბალი ფასებით, აგრეთვე ეკოლოგიური სისუფთავით. ამიტომ არაფერი ექსტრაორდინალური არ არის იმაში, რომ ბალანსი თხევად და აირად სათბობს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ იცვლება, მით უფრო, რომ ბუნებრივი გაზის მსოფლიო მარაგი პლანეტის მოსახლეობას უფრო დიდი ხნის განმავლობაში ეყოფა, ვიდრე ტრადიციული კატეგორიის ნავთობის დაზვერილი მარაგი. თუმცა მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში ნავთობის წილი კვლავ გაიზარდოს, რადგან ნავთობის ის მარაგი, რომლის მოპოვებაც ტექნიკურად შესაძლებელია (მაგრამ დღეს ჯერ არ არის ექსპლუატაციაში) ბუნებრივი გაზის საერთო მარაგს მნიშვნელოვნად აღემატება. გარდა ამისა, გაზის ტრანსპორტირება ოკეანის გაღმა (ანუ გაზის გათხევადება და დანიშნულების ადგილზე ხელახლა, აირად მდგომარეობაში გადაყვანა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დღევანდელ ეტაპზე მეტად აქტუალურია აშშ-დან ევროპის მიმართულებით ფიქალური გაზის ტრანსპორტირების საკითხი) რამდენჯერმე ზრდის თვითღირებულებას და მეტად არარენტაბელურია.

ბირთვული საწვავი. ბირთვული ენერგეტიკის ძირითად ნედლეულს ბუნებრივი ურანის მადანი წარმოადგენს. რა თქმა უნდა აუცილებლობას წარმოადგენს იმის განსაზღვრა, თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ურანის მოპოვება და გადამუშავება, რადგან მაღალი თვითღირებულების შემთხვევაში ურანის მოპოვება არარენტაბელურია. სხვადასხვა სპეციალისტის მოსაზრების თანახმად, ატომური ენერგტიკა მომავლის ენერგეტიკაა და მისი წილი მუდმივად გაიზრდებოდა, მაგრამ 1986 წელს ჩერნობილის აეს-ში მომხდარი კატასტროფული ავარიისა და 2011 წელს იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ფუკუსიმას აეს-ის დაზიანების შემდეგ ეს წარმოდგენა შეიცვალა, ბოლო წლებში განხორციელებული საპროტესტო გამოსვლების შედეგად ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა ახალი აეს-ების მშენებლობაზე იმ ფონზე, როდესაც მანამდე მოქმედი ატომური სადგურებიც კი გაჩერდა. დღევანდელი ტენდეციების მიხედვით მომავალში ატომური ენერგეტიკის ხვედრითი წილი შემცირდება და მის ხარჯზე გაიზრდება ენერგიის არატრადიციული, აღდგენადი წყაროების მნიშვნელობა.

ენერგიის აღდგენადი რესურსები

ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენების შემზღუდავ ფაქტორს მისი მაღალი კაპიტალტევადობა წარმოადგენს. მხოლოდ ძალზედ ძვირადღირებულ დიდ ჰიდროელექტროსადგურებს, თავისი დიდი მოცულობის კაშხლებით (რაც თავის მხრივ უზარმაზარი ტერიტორიების დატბორვას იწვევს და სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემებს წარმოშობს) შეუძლიათ იმავე მოცულობის ელექტროენერგიის წარმოება, რასაც დიდი თბო ან ატომური ელექტროსადგურები აწარმოებენ. მცირე სიმძლავრის ჰესების მშენებლობა კი ნაკლებადრენტაბელურია. საქართველოს მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ისეთი ჰესების რაოდენობა, რომლებიც მხოლოდ ჩამონადენზე იმუშავებდნენ, 7 ათასი მაინც უნდა იყოს, რომ ჯამურად მოხდეს იმ მოცულობის ელექტროენერგიის გამომუშავება, რასაც ერთი ენგურჰესი იძლევა. ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ასეთი ჰესების უმრავლესობა დამოკიდებულია მდინარეთა რეჟიმზე და წყლის დეფიციტის პირობებში შეიძლება საერთოდ გაჩერდეს (ნეიძე, 2004).

რამდენიმე სახელმწიფოში ენერგიის წყაროდ გეოთერმულ რესურსებს იყენებენ. მაგალითად ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ისლანდია და ახალი ზელანდია, სადაც გეიზერებისა და მიწისქვეშა წყლების დიდი მარაგია, შესაძლებელია ელექტროენერგიაზე მთელი მოთხოვნა გეოთერმულმა ელექტროსადგურებმა დააკმაყოფილოს. პერსპექტიულია ეს მიმართულება კიდევ რამდენიმე რეგიონში, მაგრამ მთლიანად, მსოფლიო მასშტაბით, გეოთერმულმა რესურსებმა საეჭვოა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ენერგეტიკული პრობლემების გადაჭრაში.

მეცნიერთა ნაწილი ოპტიმისტურად იყო განწყობილი ენერგიის ამოუწურავი წყაროების (მზის, ქარის, ზღვის მოქცევის ენერგიის) მიმართ და სწორედ მათ მიიჩნევდა მსოფლიო ენერგეტიკის მომავლად და ენერგეტიკული პრობლემების გადაჭრის საშუალებად. ბუნებრივია, რომ ტექნიკურ პროგრესთან და მეცნიერულ მიღწევებთან ერთად ენერგიის არატრადიციული წყაროების როლი საგრძნობლად გაიზრდება და გარკვეული მასშტაბით შეცვლის კიდეც ტრადიციულ სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებს, მაგრამ მათი მიჩნევა ენერგეტიკული პრობლემებისაგან მსოფლიო მოსახლეობის ხსნად აშკარად გადაჭარბებული და რეალობას მოკლებული ვარაუდია.

ენერგეტიკული პრობლემების მოგვარების კიდევ ერთ შესაძლო რესურსად მიიჩნევენ სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ორგანული ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებულ ბიომასას, საიდანაც შესაძლებელია ენერგიის მიღება ბიოგაზის სახით. თუმცა, მოცემული რესურსიც შესაძლებელია მხოლოდ დამხმარე საშუალებად მივიჩნიოთ. რაც შეეხება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანას ენერგიის წყაროს მიზნით (მაგ: შაქრის ლერწმისგან სპირტის მიღება და მისი გამოყენება საწვავად), ეს მიმართულება შედარებით ნაკლებად პერსპექტიულია, რის მთავარ მიზეზს მისი მაღალი თვითღირებულება წარმოადგენს.

ზემოაღნული გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ენერგიის აღდგენადმა და ამოუწურავმა წყარიებმა მხოლოდ დამხმარე როლი შეიძლება შეასრულონ ენერგეტიკული პრობლემების გადაწყვეტაში. ჯერჯერობით მათ არ შეუძლიათ (გარდა ჰიდრო, ხოლო ცალკეულ რეგიონებში გეოთერმული რესურსებისა) კონკურენცია გაუწიონ აღუდგენად სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებს. სავარაუდოა, რომ ეს უკანასკნელი 21-ე საუკუნის პირველ ნახევარშიც ძირითად რესურსად დარჩება.

დასკვნა

გლობალური სანედლეულო პრობლემის გაჩენის მთავარ მიზეზად ალბათ უნდა ჩაითვალოს დედამიწის წიაღიდან მოპოვებული მინერალური ნედლეულის მოცულობის მუდმივი ზრდა, რაც განსაკუთრებით მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაჩქარდა. საკმარისია მოვიყვანოთ მონაცემები, რომ მხოლოდ 1960-1980 წწ. დედამიწის წიაღში არსებული სავარაუდო მთლიანი მოცულობიდან მოპოვებულია სპილენძისა და თუთიის 50%, რკინის მადნის 55%, ალმასის 60%, ნიკელის, კალიუმის მარილების და ფოსფორიტების 65% და ბოქსიტების დაახლოებით 80%. შედეგად, დაიწყო მრავალი აუზის და საბადოს ამოწურვა, დაჩქარდა მრავალი გამოყენებული მადნის ამოწურვა და გაიზარდა დედამიწის წიაღიდან ამოღებული ქანების რაოდენობა. ეს პროცესი შეეხო სხვადასხვა სახის სამთო და მეტალურგიულ, სამთო და ქიმიურ და სხვა სახის ნედლეულს, რამაც თავის მხრივ მსოფლიოში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებაზე მეტად ნეგატიური გავლენა მოახდინა.

 

 

ლიტერატურა:

დავითაშვილი, ზ. ელიზბარაშვილი, ნ. 2012. გლობალური გეოგრაფია. გამომცემლობა „გლობუსი“

Chitadze, N. 2017. World Geography. Political, Economic and Demographic Dimensions. Scholars Press. Germany

მაქსაკოვსკი, ვ. 2009. მსოფლიოს სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია. ასპექტ პრესი (რუსულ ენაზე)

ნეიძე, ვ. 2004. მსოფლიოს სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია. გეოგრაფიის ინსტიტუტი. 

 

Comments

Popular posts from this blog

Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers

  Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers By: Sofi Beridze Nika Chitadze Abstract   The article elaborates upon and analyzes the notion of nuclear weapons non-proliferation and clarifies its importance. Nevertheless, we demonstrate that total nuclear disarmament in contemporary competitive international politics is almost unattainable due to various factors. Initially, some countries that possess nuclear weapons strive to preserve their dominant position in the international arena, that’s why complete disarmament is impossible, and leading powers utilize them for their self-defense. Therefore, it’s out of the question to abandon ownership of them. The paper seeks to demonstrate the importance of “hard power” (regarding nuclear weapons) as a main tool for great powers to preserve preference. We mean maintaining power and primacy as much as they can, compared to other countries. In this article, it is determined whether nuclea...

Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?

  Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?   By: Nika Chitadze Professor of the International Black Sea University        Director of the Center for International Studies  President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center   As is known, Russian President Putin flew to Minsk on December 19 with his "landing" - Minister of Defense Shoigu and Minister of Foreign Affairs Lavrov, and held very serious talks with his Belarusian counterpart Lukashenko, which could greatly influence the course of the Russian-Ukrainian war in the next two to three months.  The details of Putin's visit to the capital of Belarus were shrouded in secrecy - motorcades of Russian and US presidents usually use two identical armored limousines, which constantly change places in the motorcade to make it difficult for potential attackers of that parti...

АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ?

  АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ? Как стало известно, 3 сентября запланирован визит российского лидера в Улан-Батор, где он должен принять участие в торжественных мероприятиях по случаю 85-летия совместной победы СССР и Монголии над японскими войсками на реке Халхин-Гол. Также запланирована официальная встреча с президентом Хурэлсухом. Визит Путина в Монголию в Кремле не вызывает «переживаний», несмотря на наличие ордера на его арест, который, по утверждению Международного уголовного суда (МУС) , Улан-Батор обязан выполнить. Примечательно, что Монголия станет первым государством, признающим юрисдикцию МУС, куда Путин намеревается поехать после начала полномасштабного вторжения в Украину. В конце лета 2023 года он отказался от поездки в ЮАР, которая также является страной-подписантом Римского статута. Вместо него тогда в Йоханнесбург, на саммит БРИКС, отправился глава МИД Лавров, а сам же Путин выступил лишь по видеосвязи. Напомним, что 17 марта ...