რამდენიმე მოსაზრება, თუ რატომ ბრალდება უსამართლოდ მხოლოდ ნაცისტურ გერმანიას მეორე მსოფლიო ომის დაწყება?
მიმდინარე წელს, საერთაშორისო
საზოგადოება ნაციზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავს აღნიშნავს. მართალია წესით საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მიერ ნაციზმზე გამარჯვება 8 მაისს (და არა 9 მაისს) აღინიშნებ, როდესაც სწორედ ამ დღეს გერმანიის ვერმახტის არმიის მთავარსარდლობამ კაპიტულაციის შესახებ აქტს ხელი მოაწერა , მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენის ნებართვით ყურადღებას სხვა გარემოებაზე გავამახვილებ.
როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო, როდესაც ნაცისტური გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. სწორედ ამიტომ, საერთაშორის საზოგადოება მიიჩნევს, რომ სწორედ ნაცისტურმა გერმანიამ, ფაშისტურ იტალიასთან და მილიტარისტულ იაპონიასთან ერთად უნდა აგოს პასუხი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე. სწორედ ამიტომ გაიმართა 1946 წელს ნიურბერგის, ხოლო ერთი წლის შემდეგ ტოკიოს ტრიბუნალები, როდესაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს ან ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს გერმანიისა და იაპონიის იმპერიალისტური პოლიტიკის სულისჩამდგმელ უმაღლესი თანამდებობის სამხედრო თუ სამოქალაქო პირებს, რაც რა თქმა უნდა გახლდათ სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება, თუმცა, ამავე დროს, ბევრი ადამიანი არ საუბრობს იმაზე, თუ რა გახდა მეორე მსოფლიო ომის დაწყების ძირითადი მიზეზი?
ერთ - ერთი ძირითადი მიზეზი კი გახლდათ ჩვენთვის კარგად ცნობილი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერა. აღნიშნულ დოკუმენტს კი ხელი 1939 წლის 23 აგვისტოს მოეწერა, რომლის საიდუმლო პუნქტების მიხედვით ნაცისტურმა გერმანიამ და ბოლშევიკურმა საბჭოთა კავშირმა ევროპაში გავლენის სფეროები გადაინაწილეს. მას შემდეგ კი, როდესაც კრემლმა ჰიტლერულ გერმანიას "მწვანე შუქი" აუნთო, ერთი კვირის თავზე გერმანიამ პოლონეთის დასავლეთ პროვინციებს შეუტია, ხოლო იმავე წლის 17 სექტემბერს საბჭოთა კავშირმა პოლონეთის აღმოსავლეთი პროვინციების ოკუპაცია მოახდინა. მოგვიანებით, თუ ნაცისტურმა გერმანიამ დაიპყრო ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი და ა.შ. საბჭოთა კავშირმა მოახდინა ბალტიის სამი სახელმწიფოს ოკუპაცია, დაიწყო ომი ფინეთთან (რის გამოც სსრკ 1939 წელს ერთა ლიგიდანაც გარიცხეს), სადაც სსრკ-მ დაჭრილების და მოკლულების სახით 250 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა (ამ მსხვერპლის ფასად საბჭოთა იმპერიამ ფინეთის ტერიტორიის მხოლოდ 10%-ის ოკუპაცია მოახერხა), მოგვიანებით კი საბჭოთა ჯარები რუმინეთის ტერიტორიაზეც (ბესარაბია) შეიჭრნენ.
1940 წელს კი სსრკ-სა და გერმანიას შორის ბერლინში ახალი მოლაპარაკება მიმდინარეობდა უკვე მსოფლიოს სხვა რეგიონებში (მათ შორის ახლო აღმოსავლეთში) გავლენის გადანაწილების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ისმის კითხვა, რატომ არ ეკისრება პასუხისმგებლობა მეორე მსოფლიო ომის დაწყებაზე ტოტალიტარულ საბჭოთა იმპერიას? იმ იმპერიას, რომელიც ნაცისტური გერმანიის მოკავშირედაც მოგვევლინა, ხოლო 1940-1941 წლებში კი ჰიტლერულ გერმანიას რეალურ წინააღმდეგობას მხოლოდ დიდი ბრიტანეთი უწევდა, რომელმაც სხვათა შორის საჰაერო ომში გერმანია დაამარცხა კიდეც, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბრიტანეთმა 927 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა, ხოლო გერმანიამ კი 1500-ზე მეტი ბომბდამშენი თუ ავიგამანადგურებელი დაკარგა.
ხოლო რაც შეეხება სსრკ-ის გერმანიაზე გამარჯვებას, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ-მ "ლენდ ლიზის" პროგრამის ფარგლებში საბჭოთა კავშირს დაახლოებით 19 000 ერთეული სამხედრო თვითმფრინავი მიაწოდა.
ყველა აღნიშნული ფაქტი ბადებს შემდეგ ლოგიკურ კითხვებს:
რატომ იზეიმა საერთაშორისო საზოგადოებამ ნაციზმზე გამარჯვების 50-ე, მე-60, 65-ე და ა.შ. წლისთავი მოსკოვში, ანუ იმ ქალაქში, სადაც 1939 წლის 23 აგვისტოს ომის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული?
რატომ არის ოფიციალურად აღიარებული მხოლოდ ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული , როდესაც "ჰოლოკოსტის" ფარგლებში დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი დაიღუპა? ვიხრი რა ქედს უდანაშაულო ადამიანების ხსოვნის წინაშე, უნდა ავღნიშნო, რომ იმავე პერიოდში, სსრკ-ში შექმნილ იქნა ბანაკების მთელი ქსელი - გულაგი. 1941 წლამდე, მასში შედიოდა 53 საკონცენტრაციო ბანაკი, 425 შრომა-გასწორების კოლონია და 50-მდე ბანაკი არასრულწლოვანებისათვის. ამ ბანაკების არსებობის მთელი წლების განმავლობაში მათში 40 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. ხომ არ არის ეს სსრკ-ში მაცხოვრებელი სხვადასხვა ერთა წარმომადგენლების წინააღმდეგ (მათ შორის ეთნიკური რუსების) განხორციელებული გენოციდი? რატომ არ საუბრობს ამ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნულ დანაშაულებებზე კაცობრიობის წინააღმდეგ?
ჩემს მიერ წარმოდგენილი მოსაზრება სრულიად არ აკნინებს იმ დაღუპული 350 ათასამდე საქართველოს მკვიდრის (სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა) ხსოვნას, ვინც საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა და ვისაც ნათლად სწამდა, რომ ის ომში მონაწილეობით საკუთარ სამშობლოს - საქართველოსაც იცავდა (მათ შორის ჩემი ორი ბაბუაც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა). მე ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე, ღმერთმა გაანათლოს მათი სულები, ისევე როგორც ყველა ქვეყნის 62 მილიონამდე სხვადასხვა ქვეყნის ტრაგიკულად დაღუპული ადამიანთა სული, ვინც ცალკეულ პოლიტიკოსთა პირად კომპლექსებსა და მათ ამბიციებს შეეწირა.
ავტორები:
საერთაშორისო სწავლების ცენტრის მკვლევარები
ქეთევან ჯებისაშვილი
ნიკა ჩიტაძე
Comments
Post a Comment