რუსეთი და გლობალური ეკონომიკა
ნიკა ჩიტაძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი
საერთაშორისო საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორი
მოსალოდნელია, რომ 2022 წელს დაწყებული ეკონომიკური რეცესია 2023 წელსაც გაგრძელდეს, რადგან მასიური და ისტორიული ენერგეტიკული შოკი, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის აგრესიული ომის შედეგად უკრაინის წინააღმდეგ, განაგრძობს ინფლაციურ ზეწოლას, ამცირებს ნდობას და შინამეურნეობების მსყიდველუნარიანობას და ზრდის რისკებს მთელ მსოფლიოში. მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ხაზს უსვამს გლობალური ეკონომიკის უჩვეულოდ გაუწონასწორებელ და მყიფე პერსპექტივებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში. კერძოდ, 2023 წელს მსოფლიო ეკონომიკა 2,2%-მდე შენელდება, ხოლო 2024 წელს ზომიერად აღდგება 2,7%-მდე ტემპით.
თავის მხრივ, მსოფლიოში
ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო 2023 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის
პროგნოზი მკვეთრად შეამცირა მსოფლიო ბანკმაც. WB-ის პროგნოზით, 2023-ში ეკონომიკა
1.7%-ით გაიზრდება, ეს კი თითქმის ნახევარია 3%-იანი ეკონომიკური ზრდის წინა
მაჩვენებლის. 2024-ში კი 2.7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციის
თანახმად, ზრდის შენელებას მაღალი ინფლაციის დონე, ეროვნული ბანკების მიერ
საპროცენტო განაკვეთების ზრდა, ინვესტიციების შემცირება და გეოპოლიტიკური
დაძაბულობა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა განაპირობებს. ამ მიზეზების გამო,
მიმდინარე წელს მსოფლიოში რეცესიაა მოსალოდნელი და ეს იქნება 80 წლის განმავლობაში
პირველი შემთხვევა, როდესაც ათწლეულში 2 გლობალური რეცესია დაფიქსირდება.
განვითარებულ ეკონომიკებში
ზრდის მაჩვენებელი 2022-ში 2.5%-დან 0.5%-მდე დაიკლებს 2023 წელს. აშშ-ში 0.5%-ანი
ზრდაა მოსალოდნელი, წინა პროგნოზი კი 1.9% იყო. რაც შეეხება ევროზონას, 1.9%-დან
პროგნოზი 0%-მდე შემცირდა, ჩინეთის მაჩვენებელი კი 4.3% იქნება, რაც 0.9
პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით.
განვითარებად ეკონომიკებში
(ჩინეთის გამოკლებით) 2022 წლის 3.8%-დან ზრდის მაჩვენებელი 2023-ში 2.7%-მდე
შემცირდება. მომდევნო 2 წლის განმავლობაში, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის საშუალო
მაჩვენებელი განვიათრებულ ქვეყნებში 2.8% იქნება, რაც 1%-ით ნაკლებია 2010-2019
წლების საშუალოზე.
გლობალური ეკონომიკური
რეცესიის თანმხლებია სასურსათო დეფიციტი. კერძოდ, ჯერ კიდევ 2022 წლის პირველ
ნახევარში მსოფლიოს ბანკის პროგნოზის მიხედვით, უკრაინის ომი 1970-იანი
წლების შემდეგ „ყველაზე დიდ სასაქონლო შოკს" გამოიწვევდა. კერძოდ, მსოფლიო ბანკის
ექსპერტთა მოსაზრების თანახმად,
ხორბლის ფასი 42,7%-ით გაიზრდება და
დოლარში ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს. შესამჩნევად, 33,3%-ით გაძვირდება
ქერი, სოიო - 20%-ით, ზეთი - 29,8%-ით და ქათამი - 41,8%-ით. ფასების ასეთ ზრდას
განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ უკრაინიდან და რუსეთიდან ექსპორტი მკვეთრად შემცირდა.
სხვადასხვა გაანგარიშებით, გაძვირდება სხვა ნედლეულიც, მათ შორის
სასუქი, ლითონი და მინერალები. თუმცა ხე-ტყის, ჩაის და ბრინჯის ხარჯები ნაწილია იმ
მცირერიცხოვან საქონელს შორის, რაც მოსალოდნელია, რომ შემცირდეს.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ომამდე
რუსეთს და უკრაინას ხორბლის გლობალური ექსპორტის 28,9% და მზესუმზირის გლობალური
მარაგის 60% ეკავა, რაც მრავალი გადამუშავებული საკვები პროდუქტის მთავარი
ინგრედიენტია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ომის გამო უკრაინიდან მარცვლეულისა და
ზეთოვანი კულტურის მიწოდება 80%-ზე მეტად შემცირდა.
მოცემულ შემთხვევაში ხაზი
უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ წინასწარი შეფასებით, 2023 წელს უკრაინაში მარცვლეული
კულტურების ნათესები 45%-ით შემცირდება, ხოლო მარცვლეულის მოსავალი, ომამდელ 2021 წელთან
შედარებით, 60%-ით ნაკლები იქნება.
2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით,
უკრაინაში 2021 წელს დამუშავებული 28,4 მილიონი ჰექტარი ნათესი ფართობიდან 24,6
მილიონი ჰექტარი, ანუ მთელი ტერიტორიის 86% არაოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო. აქედან,
3,8 მილიონი ჰექტარი მიწა ფრონტის ხაზთან სიახლოვისა და ჭურვების ნარჩენების გამო
ვერ ითესება. ზამთრის კულტურების თესვა უკვე დასრულდა, რის შემდეგაც ნათესი
ფართობების მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება. სულ 3,8 მილიონი ჰექტარი ზამთრის
მარცვლეული დაითესა, რაც, 2021 წლის შემოდგომის მაჩვენებელთან შედარებით,
კონტროლირებად ტერიტორიებზე 26%-ით, ხოლო მთელი უკრაინის მასშტაბით 43%-ით
ნაკლებია. მიზეზებს შორის აგრარული სპეციალისტები ასახელებენ ექსპორტის შეზღუდულ
შესაძლებლობებს, ძვირადღირებულ ლოგისტიკასა და ამის შედეგად დამდგარ ფასთა
სხვაობას რეგიონებს შორის. კერძოდ, საზღვაო პორტებთან და ევროკავშირთან მოსაზღვრე
რეგიონებში, ქვეყნის ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის რეგიონებთან შედარებით, სოფლის
მეურნეობის პროდუქტებზე უფრო მაღალი ფასებია.
შესაბამისად, 2023 წელს მარცვლეულის
მთლიანი მოცულობა შესაძლოა, 34 მილიონ ტონას არ ასცდეს, რაც, 2022 წელთან
შედარებით, 37%-ით, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელზე 60%-ით ნაკლებია. რაც შეეხება
ზეთოვან კულტურებს, პროგნოზირებული მთლიანი მოსავალი 19,3 მლნ ტონას შეადგენს,
რაც, 2022 წელთან შედარებით, 13%-ით მეტი, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელზე 15%-ით
ნაკლებია.
შედეგად, 2023/24 მარკეტინგულ წლებში მარცვლეულისა
და ზეთოვანი კულტურების საექსპორტო პოტენციალი, დაახლოებით, 35 მილიონი ტონა
იქნება, რაც თვეში 3 მილიონ ტონას შეადგენს. შედარებისთვის: 2021/22 მარკეტინგულ
წლებში ამ კულტურათა საექსპორტო პოტენციალი 85 მილიონი ტონას, ანუ თვეში 7 მილიონი
ტონას შეადგენდა.
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში დიდი პრობლემები შეუქმნა მსოფლიო ვაჭრობას, რომლის
საერთო მოცულობა დაახლოებით 28 ტრილიონ დოლარს შეადგენს. რამაც ყველაზე დიდი
ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა დაბალშემოსავლიან ქვეყნებზე. ვაჭრობის მსოფლიო
ორგანიზაციის ეკონომისტებმა თავიანთი მოლოდინი 2022 წლის საქონლის ვაჭრობის
მოცულობის ზრდის შესახებ შეამცირეს. მათი პროგნოზის მიხედვით გლობალურ დონეზე
საქონლის იმპორტი და ექსპორტი - 4.7%-დან 3%-მდე შემცირდებოდა.
Comments
Post a Comment