რუსეთის აგრესიის ეკონომიკური ფაქტორები
ნიკა ჩიტაძე
საერთაშორისო საკითხების კვლევიუს ცენტრის დირექტორი
შავი ზვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი
ომმა
გამოიწვია რუსეთის ეკონომიკის იზოლაცია, კერძოდ, დასავლური
სანქციების გამოცხადების გამო რუსეთის ეკონომიკა 2022
წლის განმავლობაში რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით 2,1%-ით
შემცირდა, თუმცა მსოფლიო ბანკის ექსპერტების მტკიცებით, რუსეთის მთლიანი შიდა
პროდუქტი 3%-ზე უფრო მეტად შემცირდა.
2023 იანვარში რუსეთის მიერ ნავთობისა და გაზის ექსპორტის შედეგად
მიღებული შემოსავალი წინა წელთან შედარებით შემცირდა 46%-ით, ხოლო სხვა პროდუქციის
ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი 20-%-ზე მეტად იქნა შემცირებული.
რაც შეეხება 2022 წელს, მოცემულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის
დეფიციტმა 3,3 ტრილიონი რუსული რუბლი, ანუ დაახლოებით 45 მილიარდი დოლარი შეადგინა,
რაც ქვეყნის მშპ-ის 2,3%-ს შეადგენს.
რუსეთის
მიმართ დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით საინტერესოა
აღინიშნოს, რომ ბევრი ქვეყანა სანქციებს არ შეერთებია, მაგრამ ისმის კითხვა, შეუძლიათ თუ არა სხვა სახელმწიფოებს რუსეთისათვის დასავლეთის ჩანაცვლება? პასუხი ცალსახად უარყოფითია, რისი მთავარი
მიზეზიც გახლავთ ის, რომ დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოებზე მოდის მსოფლიოს მშპ-ის 60%-მდე, ჩინეთზე - 20%-ზე ნაკლები, ხოლო რუსეთზე კი მხოლოდ 2%. აღნიშნულიდან სამი მნიშვნელოვანი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს:
პირველი - ომამდე რუსეთი სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მთელ მსოფლიოსთან აწარმოებდა, თანამედროვე ეტაპზე კი მოსკოვისათვის ნახევარი მსოფლიო დახურულია (მთლიანად ან ნაწილობრივ), მითუმეტეს რომ ხელმიუწვდომელია მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ნაწილი - ინვესტიციებისა და "ნოუ-ჰაუს“ წყარო. დღეს, აშშ-სა (მსოფლიო ეკონომიკაში წილი - 25%) და ევროკავშირის (17%) ნაცვლად, რუსეთის მთავარი პარტნიორები, ჩინეთის გარდა, გახდნენ ინდოეთი (წილი მსოფლიო ეკონომიკაში - 3,5%), ახლო აღმოსავლეთი (5%), აფრიკა (3%) და თურქეთი (1%-ზე ნაკლები).
მეორე - ჩინეთი რუსეთისათვის სხვებზე უფრო მსხვილი პარტნიორია. მისი ეკონომიკა რუსეთზე ათჯერ უფრო მეტია, ხოლო მისი დამოკიდებულება რუსულ ენერგომატარებლებზე შედარებით ნაკლებია, ვიდრე ომამდელი ევროპის რუსეთის
ენერგორესურსებზე დამოკიდებულება. ანუ დასავლეთისაკენ გზამოჭრილი რუსეთი ჩინეთის უმცროსი სავაჭრო პარტნიორიდან პეკინის ვასალად გადაიქცა;
მესამე - ჩინეთის, ინდოეთისა და სხვა განვითარებადი ქვეყნების კეთილდღეობა დამოკიდებულია მათ წვდომაზე დასავლეთის ბაზრებთან, ტექნოლოგიებთან და ფულთან. მაგალითად, ჩინეთსა და აშშ-ის შორის
სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა წელიწადში დაახლოებით 700 მილიარდ დოლარს შეადგენს,
ხოლო ევროკავშირსა და ჩინეთს შორის დაახლოებით 500 მილიარდ ევროს. საბოლოო ჯამში, ოფიციალური პეკინი მზად არ არის, რომ დასავლეთთან
რუსეთის გამო ურთიერთობები გაიფუჭოს. მეორადი სანქციებისადმი შიში ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან ჩინეთს აიძულებს, რომ კრემლთან კონტაქტში სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოს.
როგორც უკვე ითქვა, დასავლეთს ჯერჯერობით მეორადი სანქციები არავის მიმართ არ გამოუყენებია. დასავლეთი, მთლიანობაში, არ არის წინააღმდეგი, რომ ჩინეთმა ან ინდოეთმა ისარგებლონ იმ მდგომარეობით, რაშიც ვლადიმერ პუტინმა რუსეთი ჩააყენა - კრემლი ენერგორესურსებისაგან ევროპაში დაკარგული შემოსავლების მისაღებად და პარტნიორების შესანარჩუნებლად იძულებულია, ამ ქვეყნებს ციმბირის ნავთობი და გაზი იაფად, შეღავათებით მისცეს, სამაგიეროდ, რუსეთი მათგან იმპორტულ საქონელს სამჯერ ძვირად ყიდულობს ანუ რუსეთისათვის მათთან ვაჭრობა, ფაქტობრივად, წამგებიანია.
ეკონომიკურმა სანქციებმა უბრალო
მოქალაქეებთან ერთად უდიდესი დარტყმა რუს მილიარდერებს მიაყენა. მაგალითად, თუ
2021 წელს, „ფორბსის“ რეიტინგში 123 რუსი მილიარდერი იყო, ერთი წლის შემდეგ კი
მათი რიცხვი 88-მდე შემცირდა. მას შემდეგ, უკრაინაში შექმნილი სიტუაციის, დასავლეთის
სანქციებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო კი, მათი რიცხვი სულ უფრო კლებულობს.
ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა, რაც ამ დროის განმავლობაში ერთმა ადამიანმა
დაკარგა, 11 მილიარდი დოლარი იყო. მოგვიანებით „ფორბსმა“ სწორედ იმ რუსი
მილიარდერების რეიტინგი შეადგინა, რომლებსაც ბოლო წლებში ყველაზე ნაკლებად
გაუმართლათ.
დასავლეთის სანქციებმა ბევრი მათგანი
იძულებული გახადა საკუთარი მრავალმილიარდიანი იმპერიები გადაერჩინათ, საფონდო
ბაზრის ჩამოქცევამ კი მათი მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა.
„ფორბსის“ მონაცემებით, ერთ წელიწადში
68 რუსი ბიზნესმენი გაღარიბდა.
ომის
შედეგად არსებული ფინანსური ზარალი
ომმა
რუსეთს უდიდესი ფინანსური ზარალი მიაყენა. მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რამდენი დახარჯა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა 2022 წლის 9 თვის განმავლობაში დაახლოებით 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც რუსეთის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ერთ სამხედროზე დაახლოებით 200 დოლარს ხარჯავს. მობილიზაციის შემდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ჯარისკაცების ხელფასების საერთო ხარჯმა კი 2.7 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. ასევე, დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის გამოყოფილმა საკომპენსაციო თანხამ კი 3.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
რუსეთმა დღეში 50,000-მდე ჭურვი გამოიყენა, რაც 5,5 მილიარდ დოლარს აღემატება.
რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქების მისამართით 4 ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა, თითოეულის ღირებულება 3 მილიონ დოლარს შეადგენს.
გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, რუსეთმა დაკარგა 293 თვითმფრინავი, თითოეულის საშუალო ღირებულება 18 მილიონი დოლარია, ასევე 261 ვერტმფრენი 104 მილიონი დოლარის ოდენობით. რუსეთის სამხედრო ავიაციის საერთო დანაკარგი დაახლოებით 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
უკრაინის წინააღმდეგ ომში, 9 თვის განმავლობაში, რუსეთის მიერ დაკარგული ტექნიკის საერთო ღირებულება 20,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Comments
Post a Comment