როგორ შენდება ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო გაკვეთილები წარმატებული ქვეყნების გამოცდილებიდან
როგორ შენდება ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო
გაკვეთილები
წარმატებული ქვეყნების გამოცდილებიდან
აკაკი დვალი
რეზიუმე
სტატია აანალიზებს განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის
აუცილებელ რამდენიმე ფუნდამენტურ და უნივერსალურ ფაქტორს (სხვა მნიშვნელოვან
ფაქტორთა შორის), რომლებმაც უკანასკნელ ათწლეულებში გადამწყვეტი გავლენა იქონიეს მსოფლიოს
ყველა წარმატებული განვითარებადი ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური აღმავლობის და რიგ
შემთხვევებში მათი გამდიდრების პროცესზე. ეს ფაქტორებია: 1) მულტინაციონალური კომპანიების
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლებსაც აქვთ ქვეყანაში ტექნოლოგიების შემოტანის
და გავრცელების პოტენციალი. წარმატებული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, სტატია
წარმოაჩენს ასეთი ინვესტიციების პირდაპირ გავლენას განვითარებადი ქვეყნების ტექნოლოგიურ
განვითარებასა და ინდუსტრიალიზაციაზე. 2) ეკონომიკური აღმავლობისთვის ყველაზე მთავარი
რესურსის - ადამიანური კაპიტალის განვითარება, თანამედროვე განათლებისა და უნარების
განვითარების სისტემის შექმნის გზით. სტატიაში ნაჩვენებია, რომ დიდი და გრძელვადიანი ეკონომიკური წარმატების
მიღწევა შეუძლებელია ქვეყნის ადამიანური რესურსის განვითარებისა და მისი საერთაშორისო
კონკურენტუნარიანობის გაზრდის გარეშე, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მაღალკვალიფიციური
ადამიანური რესურსი წარმოადგენს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან
კომპონენტს. 3) სამრეწველო ინდუსტრიალიზაცია, რაც დღეისათვის კვლავ უალტერნატივოა
ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური აღმავლობის მიღწევისთვის, მიუხედავად იმისა, რომ
ბოლო პერიოდში, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში და გლობალურ ვაჭრობაში სერვისების
სექტორის წილი სულ უფრო იზრდება. სტატიაში ცალკე თავი ეძღვნება მნიშვნელოვანი განსხვავებების
განხილვას სერვისების სექტორსა და სამრეწველო სექტორს შორის, განვითარებადი სახელმწიფოების
კონტექსტში. ამასთან, სამივე აღნიშნული ფაქტორი ურთიერთდამოკიდებულია და ერთმანეთს
განაპირობებს.
წარმატებული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, სტატიაში
გამოკვეთილია სახელმწიფო ხელისუფლების ძლიერი, პროაქტიული და კრეატიული ინტერვენციის
გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ ფაქტორების ეფექტიანად გამოყენებისთვის, განსაკუთრებით
ქვეყნის განვითარების საწყის ეტაპზე. სტატიაში გაკეთებული დასკვნები ეფუძნება ემპირიულ
რაოდენობრივ მონაცემებს და იმ წარმატებული ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც შედარებით
მოკლე პერიოდში უკიდურესი სიღარიბიდან შეძლებულ ან მდიდარ ქვეყნებად გადაიქცნენ. სტატიაში
მოყვანილია კონკრეტული ქეისები ამ სახელმწიფოების ეკონომიკური განვითარების გამოცდილებიდან.
თავი I
„ეკონომიკური ხაფანგი“
დღეს მსოფლიოს სახელმწიფოთა ნახევარზე მეტი ღარიბი ქვეყნების
კატეგორიას მიეკუთვნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეთა უმრავლესობა
უკიდურეს სიღარიბეში ან სიღარიბეში ცხოვრობს. მსოფლიო ბანკის დღეისათვის არსებული სტანდარტით,
უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებად ითვლება ადამიანი, რომლის დღიური შემოსავალი არ აღემატება
2 აშშ დოლარს, ხოლო სიღარიბეში მცხოვრებად მიიჩნევა 5.5 აშშ დოლარამდე დღიური შემოსავლის
მქონე ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში უკიდურესი
სიღარიბე მცირდება (1990 წელს უკიდურეს სიღარიბეში მსოფლიოს მთლიანი მოსახლეობის
36% ცხოვრობდა, დღეისათვის კი ამ მდგომარეობაში მოსახლეობის 10%–ია), სიღარიბეში კვლავ რჩება
მსოფლიოს მთლიანი მოსახლეობის ნახევარი, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის ძირითადი საჭიროებების
დაკმაყოფილებისთვის (World Bank,
2018). სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის
დიდი ნაწილიც ჯერ-ჯერობით სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება.
ყველა დაბალშემოსავლიანი სახელმწიფოს და მასში მაცხოვრებელი
საზოგადოების მიზანი და ამბიცია არის სიღარიბის დაძლევა, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების
გაჩენა და საბოლოოდ მიახლოება მდიდარი ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობასთან. ამის
მიღწევა შესაძლებელია მოხდეს წლების და ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის,
ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) სტაბილური და შეუქცევადი ზრდით. თუმცა, გასული ათწლეულების
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს არის ურთულესი ამოცანა, რომლის მიღწევა მხოლოდ „ჩემპიონებს“
შეუძლიათ. ღარიბი განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობა კი მცდელობების მიუხედავად ვერ
ახერხებს სიღარიბის დაძლევას და შეუქცევადი ეკონომიკური აღმავლობის მიღწევას.
ცნობილი ამერიკული საჯარო პოლიტიკის კვლევის ორგანიზაციის
„Levy Economics Institute“ მიერ 2010 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ მოხსენებაში, კვლევის
ავტორები მიიჩნენენ, რომ ასეთი სახელმწიფოები იმყოფებიან „ეკონომიკურ ხაფანგში“, საიდან
გამოსვლასაც ისინი მთელი რიგი ფაქტორების გამო ვერ ახერხებენ (Felipe et al., 2010).
დღესდღეობით ასეთ „ეკონომიკურ ხაფანგში“ 100-ზე მეტი სახელმწიფოა, რომელთა შორის არის
საქართველოც.
განვითარების
ეკონომიკა იცნობს „ეკონომიკური კონვერგენციის თეორიას“ (economic convergence
theory), რომელსაც სხვანაირად “მიახლოების ეფექტსაც” უწოდებენ. ამ თეორიის თანახმად,
ღარიბ განვითარებად ქვეყნებს ზოგადად აქვთ უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიდრეკილება
(თუ ეფექტიან ნაბიჯებს გადადგამენ განვითარებისკენ), ვიდრე განვითარებულ ქვეყნებს,
რამაც შესაძლოა გარკვეული პერიოდის შემდეგ დააახლოვოს ქვეყნების ამ ორი ჯგუფის საწარმოო
შესაძლებლობები და შემოსავლები. კერძოდ, ღარიბ ქვეყნებში, სადაც
მშპ დაბალია და ქვეყნის პოტენციალი არის დიდწილად გამოუყენებელი, ყოველი ახალი
ეკონომიკური აქტივობა, ინვესტიციები, ტექნოლოგიების დანერგვა, სოციალური
შესაძლებობების განვითარება და სხვა მსგავსი საქმიანობა, განაპირობებს მშპ-ს უფრო
მაღალპროცენტიან ზრდას წლიურად, განსხვავებით მდიდარი ქვეყნებისგან, სადაც
ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების და მაღალი მშპ-ს პირობებში,
დამატებითი ზრდის პროცენტული მაჩვენებელი უფრო ნაკლებია. ეს ტენდენცია ნათლად ჩანს
მსოფლიო ბანკის მონაცემებში, გასული 40-50 წლის განმავლობაში სახელმწიფოთა
ეკონომიკური ზრდის თაობაზე (World Bank Data: Economic Growth - Annual). ამ
მონაცემებით, ზოგადად, ღარიბ განვითარებად ქვეყნებში გარკვეულ პერიოდებში მართლაც ფიქსირდება
წლიური ეკონომიკური ზრდის გაცილებით მაღალი პროცენტული მაჩვენებლები, მაგალითად 7-დან
15 პროცენტამდე, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, რომელიც უმეტესტილად 6-7 პროცენტს
არ აღემატება, ან გაცილებით ნაკლებია.
თუმცა, ეს ტენდენცია არ ნიშნავს
იმას, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის ეკონომიკური კონვერგენცია მარტივად მიღწევადია. უკანასკნელი ათწლეულების გამოცდილებიდან
ჩვენ ვიცით, რომ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებთან სრულად მიახლოვება მხოლოდ რამდენიმე
სახელმწიფომ შეძლო, რომელთა წარმატებას ეკონომიკური სასწაულიც ეწოდა (მაგ. სინგაპური, ტაივანი, სამხრეთ კორეა).
განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობა კი ამას ვერ ახერხებს, დიდი ძალისხმევისა და ეკონომიკური
ზრდის პერიოდული წარმატებული ეტაპებისა. მაგალითად, ბოლო ათწლეულებში, გარკვეულ ეტაპებზე
მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ მსოფლიოს მთელ რიგ ღარიბ განვითარებად ქვეყნებს
აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. თუმცა, ხშირ შემთხვევაში საქმე გვქონდა უღარიბესი
ქვეყნების უკიდურესი სიღარიბიდან გამოსვლასთან (მაგ. ეთიოპია, ტანზანია, მიანმარი)
ან ღარიბი ქვეყნების საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადასვლასთან
(მაგ. პერუ, ინდონეზია, ბოტსვანა), და არა მათი შეუქცევადი განვითარების და გამდიდრების
პროცესთან. რამდენად იქნება ამ ქვეყნების ეკონომიკური ზრდა მდგრადი და გრძელვადიანი,
და მოახდენენ თუ არა ისინი ეკონომიკურ კონვერგენციას მდიდარი ქვეყნების ეკონომიკებთან,
დამოკიდებულია მათ შემდგომ ეკონომიკურ წარმატებებსა და გარღვევებზე, რაც სხვა ფაქტორებთან
ერთად საჭიროებს უცხოური კაპიტალის შემოსვლის უწყვეტობას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას,
ტექნოლოგიურ პროგრესსა და ინდუსტრიალიზაციას (ამ ფაქტორებს უფრო დეტალურად მომდევნო
თავებში განვიხილავთ).
მაგალითად,
მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფო – ეთიოპია 2002-2019 წლიან პერიოდში,
ყოველწლიურად საშუალოდ 10%-ით იზრდება, რაც შთამბეჭდავია. თუმცა, ის დღეისთვის მხოლოდ
და მხოლოდ უკიდურესი სიღარიბიდან გამოსვლის პროცესშია. 2002 წელს ეთიოპიის მშპ ერთ
სულ მოსახლეზე იყო 111 აშშ დოლარი, რაც არის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი, ხოლო
2019 წელს მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 800 აშშ დოლარია, რაც კვლავ ძალიან დაბალი მაჩვენებელია,
(თუმცა ცხადია წინა მაჩვენებელზე უკეთესი). იგივე ვითარებაა კოტდიუარში, ჯიბუტში, მიანმარში,
კამბოჯაში, ტანზანიაში და სხვა განვითარებად ქვეყნებში. ეს სახელმწიფოები ორნიშნა პროცენტული
მაჩვენებლით იზრდებიან ბოლო 15 წლის განმავლობაში, თუმცა ამ ეტაპზე ეს წარმატება მხოლოდ
მათი უკიდურესი სიღარიბიდან გამოსვლას განაპირობებს.
თანამედროვე ისტორიაში ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მაგალითი
გვაქვს იმისა, თუ როგორ შეძლეს ქვეყნებმა დრამატული განვითარება და უღარიბესი სახელმწიფოებიდან
უმდიდრეს ქვეყნებად იქცნენ. ამ ქვეყნებს შორის უპირველესად არის ყველაზე წარმატებული
ოთხეული, აზიურ ვეფხვებად წოდებული სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი და ჰონკონგი,
რომლებმაც 3-4 ათწლეულის განმავლობაში უკიდურესი სიღარიბიდან მიაღწიეს სასწაულებრივ
ეკონომიკურ აღმავლობას და განვითარების დონით მრავალ განვითარებულ სახელმწიფოს გაუსწრეს.
სწორედ ამიტომ ეს 4 ეკონომიკა და მათ მიერ განვლილი რეფორმების გზა დღემდე ითვლება
საუკეთესო მოდელად განვითარებადი ქვეყნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმატების
მოდელები გარკვეულ ასპექტებში ერთმანეთისგან განსხვავებულია.
ეკონომიკური გარღვევების კუთხით წარმატებული ქვეყნების
მეორე ჯგუფად შეგვიძლია მივიჩნიოთ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები
(მაგ. ესტონეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვენია), რომლებმაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ
აღმავლობას მიაღწიეს საბჭოთა დომინაციის დასრულების შემდეგ. თუმცა, ეს არ არის შემთხვევა,
როდესაც ეკონომიკური განვითარების პროცესი უკიდურესი სიღარიბიდან იწყება, ვინაიდან
ამ სახელმწიფოებს კომუნისტური მმართველობის ეპოქაშიც ჰქონდათ ეფექტიანად ფუნქციონირებადი
ეკონომიკა და ინდუსტრიალიზაციის გარკვეული დონე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახელმწიფოებმა
კომუნისტური მმართველობის დასრულების შემდეგ დიდ ეკონომიკურ პროგრესს მიაღწიეს დემოკრატიული
მმართველობის პირობებში, განსხვავებით აზიური ვეფხვებისგან, რომლებსაც განვითარების
პირველ ეტაპზე არ ჰქონდათ კლასიკური დემოკრატიული მმართველობა და მათ წარმატებას ძირითადად
განაპირობებდა მიზანდასახული ლიდერების როლი.
აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით,
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ ვერ მოახერხა არსებული ეკონომიკური ბაზისის
შენარჩუნება და მის საფუძველზე თანამედროვე ეკონომიკის ფორმირება. 1989–1992 წლებში
საქართველოს მშპ დაახლოებით 80%–ით დაეცა, რაც ეკონომიკის განადგურების ტოლფასია. ამის
შედეგად საქართველომ უღარიბესი ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა და მისი სასტრატო პოზიციები
მნიშვნელოვნად გაუარესდა.
არის სახელმწიფოების წარმატებული განვითარების სხვა
მაგალითებიც ასევე შეუქცევადი ეკონომიკური პროგრესით ათწლეულების განმავლობაში, თუმცა
მათ განვითარებულ ქვეყნებთან მიახლოებისთვის ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი. მაგალითად,
ეს ქვეყნებია ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი, მექსიკა, თურქეთი, მალაიზია, ვიეტნამი, ტაილანდი,
სამხრეთ აფრიკა და ა.შ., რომლებსაც აქვთ სხვადასხვა სახის მიღწევები და გამოწვევები.
ამასთან, ესენი ძირითადად არიან დიდი სახელმწიფოები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით,
რომლებიც ბოლო პერიოდში იქცნენ ტრადიციულად მიმზიდველ ქვეყნებად პირდაპირი უცხოური
ინვესტიციებისთვის, რაც არის მათი წარმატების ძირითადი მიზეზი.
„ეკონომიკური სასწაულის“ და ქვეყნის გამდიდრების მიღწევის
ფორმულა ერთი შეხედვით მარტივია - აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკა იზრდებოდეს ყოველწლიურად
შედარებით მაღალი პროცენტით, მაგ. 7–დან 10 პროცენტამდე ან მეტით, რამდენიმე ათწლეულის
განმავლობაში. ამასთან, მდიდარ ქვეყნებთან ეკონომიკური კონვერგენციის მიღწევის ვადა
დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იყო მოცემული სახელმწიფოს საწყისი ეკონომიკური მდგომარეობა,
შეუქცევადი ეკონომიკური ზრდის პროცესის დაწყებამდე. თუმცა, მრავალი ქვეყნის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ღარიბი ქვეყნის
უწყვეტი ეკონომიკური ზრდა, რასაც თან ახლავს ტექნოლოგიური პროგრესი და ინდუსტრიალიზაცია,
არის კომპლექსური პროცესი და უკიდურესად რთულად მიღწევადი მიზანი. ალბათ ამიტომ
უწოდებენ შედარებით მოკლე დროში, თუმცა არც თუ ისე მოკლეში, მიღწეულ დიდ წარმატებას
ეკონომიკურ სასწაულს.
ამ სტატიის მიზანია იმ ფუნდამენტური და უნივერსალური
ფაქტორების განხილვა, რომლებიც განაპირობებენ ქვეყნების მიერ „ეკონომიკური ხაფანგიდან“
თავის დაღწევას, შეუქცევად ეკონომიკურ ზრდას და სახელმწიფოს გამდიდრებას. ეს ის ფაქტორებია,
რომლებიც ყველა წარმატებულმა სახელმწიფომ გამოიყენა განვითარების პროცესში, მიუხედავად
იმისა, რომ მათი განვითარების პოლიტიკა და სტრატეგიები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.
ამ ფაქტორების გამოყენებამ საფუძველი ჩაუყარა მსოფლიოს რამდენიმე უღარიბესი სახელმწიფოს
უმდიდრეს ქვეყნებად გადაქცევას შედარებით მოკლე პერიოდში, და მათ მიერ განვლილი გზა
დღეისათვის კვლავ რჩება განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობის თითქმის ერთადერთ რეცეპტად.
თავი
II
ინვესტიციები,
ტექნოლოგიური პროგრესი და ინდუსტრიალიზაცია
როგორც წარმატებული ქვეყნების გამოცდილება
ცხადჰყოფს, ღარიბი განვითარებადი ქვეყნის გრძელვადიანი და შეუქცევადი ეკონომიკური პროგრესი
რთულია მიღწეულ იქნას მხოლოდ ქვეყნის შიდა რესურსებით და საკუთარი ძალებით (განსაკუთრებით
ქვეყნის განვითარების საწყის ეტაპზე). ამ მიზნის მიღწევის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა
ქვეყანაში უცხოური კაპიტალის და ტექნოლოგიების შემოსვლა.
მაგალითად, სამხრეთ კორეის წარმატებული
განვითარების საწყის ეტაპზე (რომელიც 1961 წლიდან იწყება) ხელისუფლებას განვითარების
თავისებური ფილოსოფია ჰქონდა და ის არ მიესალმებოდა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
შემოსვლას; რიგ დარგებში კრძალავდა კიდეც. 1970-იანი წლებიდან სამხრეთ კორეის ხელისუფლება
მიხვდა, რომ მიუხედავად იმ პერიოდისთვის უკვე მიღწეული გარკვეული პროგრესისა, უცხოური
კაპიტალის და ტექნოლოგიების შემოტანის გარეშე რთული იქნებოდა შემდგომი განვითარება
და გრძელვდიანი მიზნების მიღწევა. შესაბამისად, კორეის მთავრობამ დაიწყო ინვესტიციების
მოზიდვა კონკრეტულ სფეროებში, რომლებიც ხელს უწყობდა ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებას
და ინდუსტრიალიზაციას, თუმცა პირველ ეტაპზე კვლავ იკრძალებოდა ინვესტიციები უძრავ ქონებაში,
სასტუმროებში, საბანკო და სადაზღვეო სფეროებში. შემდგომ პერიოდებში, 1990-იან და
2000-იან წლებში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს კორეამ სრულად გაუხსნა კარი და მათი
მოზიდვის აქტიურ პოლიტიკაზეც გადავიდა (Nicolas, 2013, pp. 14-20).
დღეისათვის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ
უმთავრეს ფაქტორად მიიჩნევა პირდაპირი უცხოური
ინვესტიციები, რომელიც გულისხმობს უცხო კაპიტალის შემოდინებას ქვეყნის ეკონომიკაში,
ახალი საწარმოების შექმნის ან არსებული საწარმოების გადაიარაღების/განვითარების მიზნით,
ძირითადად მათზე მართვის უფლების მოპოვებით. იმ პირობებში, როდესაც განვითარებად სახელმწიფოში
შიდა რესურსები/კაპიტალი ლიმიტირებულია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეშვეობით
ქვეყანაში შემოდის უცხოური კაპიტალი და ხდება ეკონომიკის დამატებითი სტიმულირება. ეს
მარტივი ჭეშმარიტებაა.
თუმცა, ამ სტატიის მიზანია ყურადღების
გამახვილება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ განსაკუთრებულ თავისებურებაზე, რაც
ხშირად ყურადღების მიღმაა. გარკვეულ ინდუსტრიებში, სადაც წარმოების პროცესში გამოიყენება
თანამედროვე და მაღალი ტექნოლოგიები, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს კაპიტალთან ერთად
ქვეყანაში შემოაქვს ტექნოლოგიები და ცოდნა, რაც გარკვეულ პერიოდში ხელს უწყობს ადგილობრივი
ადამიანური კაპიტალის და კომპანიების განვითარებას. განვითარების ეკონომიკის ლიტერატურაში აღნიშნულ პროცესს ეწოდება ტექნოლოგიების
შემოტანა/გადმოცემა (Technology Transfer), და ეს ბევრად უფრო დიდ სიკეთედ მიიჩნევა,
ვიდრე ქვეყანაში მხოლოდ კაპიტალის შემოდინება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეშვეობით
სახელმწიფოში ტექნოლოგიების შემოსვლა წარმოადგენს სახელმწიფოს გრძელვადიანი განვითარების
და მდიდარ ქვეყნებთან მისი ეკონომიკის კონვერგენციის უმთავრეს ფაქტორს. ასეთი ინვესტიციები ძირითადად შემოაქვთ დიდ მულტინაციონალურ
კომპანიებს, რომლებიც დღეისათვის მსოფლიოში არიან მთავარი აქტორები მოწინავე ტექნოლოგიების
სფეროში სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების თვალსაზრისით. შესაბამისად, პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების განხორციელებისას, ასეთ კომპანიებს აქვთ ქვეყანაში ტექნოლოგიების
შემოტანისა და გავრცელების მნიშვნელოვანი პოტენციალი (UNCTAD, 2010, p.6-8). ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ
ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ინდუსტრიებია
განვითარებული ამა თუ იმ სახელმწიფოებში. მაგალითად, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები,
ხ. ფელიპე, უ. კუმარი და ა. აბდონი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს გამდიდრებას განაპირობებს
ეკონომიკური აქტივობის სახეობა (მაგ. კონკრეტული სახის ძვირადღირებული საექსპორტო პროდუქციის
წარმოება) და სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია კონკრეტული მომგებიანი ინდუსტრიების
განვითარებისკენ (Felipe et
al., 2010, p.2). ამ თვალსაზრისით, წარმატების მისაღწევად განვითარებადი
ქვეყნისთვის აუცილებელია ეკონომიკური სტრუქტურის შეცვლა და ზრუნვა ახალი მომგებიანი
ინდუსტრიების შექმნაზე/განვითარებაზე, რაც
ძირითადად მიღწევადია ტექნოლოგიების შემოტანის პოტენციალის მქონე პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოზიდვით.
მაგალითად, როდესაც უცხოური კაპიტალი
ქვეყანაში შემოდის სასტუმროს ბიზნესის საწარმოებლად, ეს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე
პოზიტიური ეფექტის კუთხით შესაძლოა იყოს უფრო ნაკლებად მნიშნელოვანი (თუმცა ზოგადად
ესეც მნიშვნელოვანია), ვიდრე უცხოური კაპიტალით კომპიუტერული ჩიპების, ფარმაცევტული
პროდუქციის ან ავტომობილების მწარმოებელი საწარმოს შექმნა, რომლის მიერ წარმოებული პროდუქცია ძირითადად გამიზნულია ექსპორტისთვის.
მულტინაციონალური კომპანიების ინვესტიციების შემოსვლა, გარდა მხოლოდ უცხოური კაპიტალის
შემოსვლისა, განაპირობებს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების და მენეჯმენტის სტანდარტების
დანერგვას, ადგილობრივი მოსახლეობის და კომპანიების ცოდნის და უნარების განვითარებას
პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სოლიდური სამუშაო ადგილების
შექმნას და რაც ყველაზე მთავარია - საექსპორტო პროდუქციის წარმოებას.
ამის მაგალითია უკლებლივ ყველა წარმატებული
ქვეყანა, რომლებშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიერ ტექნოლოგიების შემოტანამ
განაპირობა ამ სახელმწიფოთა ინდუსტრიალიზაცია, მათი ეკონომიკების მოდერნიზაცია და მრავალათწლეულიანი
შეუქცევადი ეკონომიკური ზრდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნების უმეტესობაში,
მათ შორის ტაივანში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთში და ინდოეთში, მასშტაბური ინდუსტრიალიზაციის
პროცესი მიღწეულ იქნა არა თავად უცხოური მულტინაციონალური კომპანიების მიერ (რომელთა
ინვესტიციები ამ ქვეყნების მშპ-სთან მიმართებაში არ იყო განსაკუთრებით დიდი მოცულობის),
არამედ ამ კომპანიების მიერ ტექნოლოგიების შემოტანის გამო, რამაც მომდევნო პერიოდებში
განაპირობა ადგილობრივი კომპანიების შექმნა
და განვითარება. ამ ქვეყნებში, შთამბეჭდავი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა უმეტესწილად
სწორედ ადგილობრივი კომპანიების განვითარების გზით იქნა მიღწეული.
მაგალითად, ტაივანის განვითარების პროცესში,
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მშპ-სთან მიმართებაში განსაკუთრებულად დიდი არ
იყო (თუ შევადარებთ მაგალითად სინგაპურს) და ტაივანის სასწაულებრივი ეკონომიკური აღმავლობა
ძირითადად შიდა კომპანიების განვითარების გზით იქნა მიღწეული. თუმცა, შიდა კომპანიების
განვითარებისთვის მთავარი ფაქტორი იყო ტექნოლოგიების შემოტანა მულტინაციონალური კომპანიების
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეშვეობით. სამხრეთ კორეის მსგავსად, ტაივანიც აკონტროლებდა
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და უპირატესობას ანიჭებდა უცხოური კაპიტალის შემოსვლას,
რომელსაც ჰქონდა ტექნოლოგიების შემოტანის პოტენციალი (Ashton et al., 2002, p.15).
1965 წლიდან მოყოლებული ტაივანის ხელისუფლებამ მოახერხა მნიშვნელოვანი ამერიკული და
იაპონური ინვესტიციების მოზიდვა უმეტესწილად ელექტროაპარატურის წარმოების დარგში, რაც
ითვლება ტაივანის ინდუსტრიალიზაციის მთავარ ფაქტორად. 1965-1978 წლებში ტაივანში შევიდა
36 ამერიკული და 39 იაპონური გიგანტი კომპანიის ინვესტიციები, რომელთა შორის იყო RCA
Corporation, Zenith Electronics, General Instrument და Matsushita Electric
Industrial Co. (Gold, 1986, pp.83-86). აღნიშნული ინვესტიციების მეშვეობით ტაივანის
მოსახლეობამ და ადგილობრივმა კომპანიებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა ტექნოლოგიებში,
რამაც მოგვიანებით ტაივანს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბრენდების დაფუძნების საშუალება
მისცა. სწორედ აღნიშნულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დღესდღეობით ტაივანი ცნობილია საკუთარი
მაღალტექნოლოგიური მულტინაციონალური ბრენდებით, როგორიც არის Acer inc, Transcend
Information Inc, ASUS Tek Computer Inc, HTC Corporation, Foxconn Technology და სხვა.
ტაივანის აღნიშნული მაგალითი
ნათლად წარმოაჩენს ქვეყანაში ტექნოლოგიების შემოტანის მნიშვნელობას ადამიანური რესურსების
განვითარებისთვის, რაც არის ეკონომიკის შეუქცევადი განვითარების და ქვეყნის გამდიდრების
საფუძველი. ამ კუთხით საინტერესოა ჩინეთის გამოცდილებაც, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში
გარკვეულ სექტორებში (ნავთობისა და გაზის მრეწველობა,
საავტომობილო
ინდუსტრია, ავიაცია, გემთმშენებლობა და სხვა) უცხოური კომპანიების
100%-იანი წილების ფლობა აკრძალა. უცხოურ კომპანიებს შეეძლოთ ჩინეთში ინვესტირება და
საქმიანობა მხოლოდ ჩინურ კომპანიებთან ერთობლივი წილობრივი მონაწილეობით, და ამის მიზანი
იყო სწორედ ადგილობრივი კომპანიების და ადამიანური რესურსის ცოდნისა და უნარების გაზრდა
და ამ გზით ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარება. ცნობილი ჩინური მულტინაციონალური ბრენდების
გაჩენაც დიდწილად ამ პროცესს უკავშირდება. თუმცა, დღეისათვის ინვესტიციების მოზიდვაზე
გაძლიერებული კონკურენციის პირობებში, ჩინეთის მთავრობა ეტაპობრივად ცვლის ამ პოლიტიკას
(ამ საკითხს კიდევ შევეხებით IV თავში - „დიდი კონკურენცია ინვესტიციების მოზიდვაზე“).
საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ განსაკუთრებით
დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით)
გახდა მთავარი და პირდაპირი ფაქტორი მასშტაბური ეკონომიკური ზრდისა, არის სინგაპური, რის გამოც ამ ქვეყნის ინვესტიციების მოზიდვის
გამოცდილება შესაძლოა იყოს განსაკუთრებით საინტერესო პატარა განვითარებადი ქვეყნებისთვის
(სინგაპურის აღნიშნულ გამოცდილებას უფრო ვრცლად VI თავში განვიხილავთ). 1970–იანი წლებიდან მოყოლებული სინგაპურში
წარმოებული სამრეწველო პროდუქციის უდიდესი წილი, დაახლოებით 70–75%, უცხოურ კოპანიებზე
მოდის (Prime, 2012, p. 7). ინვესტიციების მასშტაბურობა
სინგაპურში კიდევ უფრო თვალსაჩინოა 2000–იანი წლებიდან დღემდე, რის შედეგადაც სინგაპურის
ეკონომიკამ კოლოსალურ მასშტაბებს მიაღწია და უმეტეს განვითარებულ ქვეყანას გაუსწრო.
თავი III
სერვისების სექტორის როლი განვითარების პროცესში
დღეისათვის უკლებლივ ყველა
განვითარებული ქვეყნის ეკონომიკის (მშპ-ს) უდიდესი წილი მოდის სერვისების სექტორზე.
მაგალითად, აშშ–ში, რომელიც არის მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკა, ბოლო პერიოდში სერვისებზე
მოდის მშპ–ს დაახლოებით 80% (შესაბამისად სამრეწველო სექტორზე მხოლოდ - 20%); იგივეა
საფრანგეთსა და იაპონიაში; გერმანიასა და შვედეთში სერვისებზე დაახლოებით 70% მოდის,
სინგაპურში დაახლოებით – 75% და ა.შ.
შესაბამისად ჩნდება კითხვა:
არის თუ არა საჭირო განვითარებადი სახელმწიფო კვლავ ცდილობდეს ინდუსტრიალიზაციას სამრეწველო
სექტორში? და ხომ არ შეიძლება განვითარებადმა ქვეყნებმა მთავარი აქცენტი გააკეთონ სერვისების
ეკონომიკის განვითარებაზე და ამ გზით ეცადნონ შეუცევადი ეკონომიკური აღმავლობის მიღწევას?
დღეს განვითარების ეკონომიკის
ზოგიერთი ექსპერტი ეთანხმება ამ მოსაზრებას და თვლის, რომ ბოლო პერიოდში სერვისების
სექტორის გლობალიზაციის გამო, შესაძლებელია განვითარებად ქვეყნებში ამ სექტორს მიენიჭოს
წამყვანი როლი განვითარების პროცესში, რაც ჩაანაცვლებს სამრეწველო ინდუსტრიალიზაციის
საჭიროებას (იხ. Ghani and O’Connell, 2014).
მიუხედავად იმისა, რომ
სერვისების სექტორის განვითარება ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა
და სოციალ–ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისთვის, მხოლოდ სერვისების სექტორზე აქცენტირებას
აქვს გარკვეული შეზღუდვები განვითარებადი ქვეყნების კონტექსტში. ჯერ–ჯერობით მსოფლიოში
არ არსებობს არც ერთი მაგალითი იმისა, რომ რომელიმე სახელმწიფომ მხოლოდ სერვისების
სექტორის განვითარებით (სამრეწველო სექტორის ინდუსტრიალიზაციის გარეშე) მოახერხა მიახლოება
განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებთან. ამასთან,
ყველა განვითარებულ სახელმწიფოში სერვისების ეკონომიკის უპირატესობა გამოიკვეთა პოსტ–ინდუსტრიულ
პერიოდში და დღესდღეობიით მათ ეკონომიკებში სერვისების სექტორის დომინაციის მიუხედავად,
თითოეული ეს ქვეყანა არის ინდუსტრიალიზებული და აქვს ძალიან ძლიერი სამრეწველო სექტორი.
მაგალითად, სინგაპურში სერვისების სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზღვავება
დაიწყო 2000-იანი წლებიდან და სამჯერ გაუსწრო ინვესტიციებს სამრეწველო სექტორში. თუმცა,
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ქვეყანა უკვე იყო ინდუსტრიალიზებული და ჰქონდა მაღალ დონეზე
განვითარებული ეკონომიკა (Nichols, n.d.).
განვითარებადი ქვეყნებისთვის
სერვისების სექტორის მთავარ შეზღუდვას წარმოადგენს
ის გარემოება, რომ სერვისების დიდი ნაწილი
არ არის ექსპორტირებადი და ძირითადად იწარმოება ადგილობრივი ბაზრებისთვის, მაშინ როდესაც
ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი ღარიბი
ქვეყნების გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის (არაექსპორტირებად სერვისებს მიეკუთვნება
მაგალითად შიდა ტრანსპორტი, საცალო ვაჭრობა, მშენებლობა და რემონტი, იურიდიული და საბუღალტრო
მომსახურება, სალონები, დასუფთავება, კომუნალური მომსახურება და სხვა). ამაზე მიუთითებს
ის ფაქტი, რომ განვითარებული ქვეყნებიდან ექსპორტირებული სერვისები გაცილებით ჩამორჩება
ექსპორტირებულ პროდუქციას, მიუხედავად განვითარებული ქვეყნების მშპ–ში სერვისების სექტორის
მნიშვნელოვანი დომინაციისა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისათვის
მთლიანი გლობალური ვაჭრობის მხოლოდ 23% მოდის სერვისებზე (OECD and WTO, 2017, p.113).
მაგალითად, იმ პირობებში
როდესაც აშშ-ს ეკონომიკის (მშპ-ს) 80% მოდის სერვისებზე და მხოლოდ 20% სამრეწველო პროდუქციის
წარმოებაზე, აშშ-დან სერვისების ექსპორტი მხოლოდ 33%-ია მთლიანი ექსპორტიდან; შესაბამისად,
67% სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე მოდის (U.S. Sensus
Bureau). გერმანიაში, სადაც მშპ-ს 70% მოდის სერვისების სექტორზე, მთლიან ექსპორტში
სერვისების ექსპორტი შეადგენს მხოლოდ 26%-ს (German Federal Office of Statistics).
დღეისათვის ასეთი ვითარებაა თითქმის ყველა
განვითარებულ სახელმწიფოში, რაც წარმოაჩენს სამრეწველო ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობას
ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებისთვის. განვითარებულ ქვეყნებს შორის
ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენენ სინგაპური და ჰონკონგი, სადაც სერვისებზე საერთაშორისო
მოთხოვნა განსაკუთრებულად დიდია მათი გეოგრაფიული მდებარეობისა და საერთაშორისო ჰაბის
ფუნქციის გამო. მაგალითად, სინგაპურში წარმოებული სერვისების ექსპორტი მცირედ აღემატება
სინგაპურში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს (თუ არ ჩავთვლით პროდუქციის რე-ექსპორტს
სინგაპურიდან), თუმცა სინგაპურის მშპ-ში სერვისების დომინანტური წილის გათვალისწინებით,
შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მშპ-ში სერვისების წილის პროპორციულად, სინგაპურიდან სერვისების
ექსპორტი დღესდღეობით მაინც ჩამორჩება პროდუქციის ექსპორტს (Singapore Department
of Statistics).
ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს,
რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სერვისების სექტორის წილი გლობალურ ვაჭრობაში პროდუქციით
ვაჭრობასთან მიმართებაში სულ უფრო იზრდება. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პროგნოზით,
2040 წლისთვის ეს წილი დღევანდელთან შედარებით კიდევ დაახლოებთ 50%-ით გაიზრდება (World
Trade Report, 2019, p.10). თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დღეისათვის
ძვირადღირებული მაღალი დონის სერვისების ექსპორტი ძირითადად ხორციელდება განვითარებული
ქვეყნებიდან, ვინაიდან ასეთი სერვისების წარმოებას უმეტესად სჭირდება მაღალი კვალიფიკაცია
და გამოცდილება. მაგალითად, ასეთი სერვისებია ბიზნეს კონსალტინგი, საინჟინრო მომსახურება,
განათლება და ტრეინინგები, ტელეკომუნიკაცია და საინფორმაციო ტექნოლოგიები, სამედიცინო
მომსახურება, საზღვაო და საავიაციო ტრანსპორტი, საფინანსო და სადაზღვეო მომსახურება.
მაღალშემოსავლიან და ექსპორტირებად სერვისებს შორის ერთგვარი გამონაკლისია ტურიზმი,
რომელიც არ მოითხოვს განსაკუთრებით მაღალკვალიფიციურ მუშახელს, რაც სხვა სერვის დარგების
შემთხვევაში არის მთავარი ბარიერი განვითარებადი ქვეყნებისთვის. დღეისათვის ამ სახის
სერვისების ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანა, ტურიზმის ჩათვლით, მსოფლიოში არის აშშ და ბოლო პერიოდში ის დაახლოებით
წლიურად 700 მილიარდი აშშ დოლარის სერვისების ექსპორტს ახორციელებს. ბრიტანეთი წლიურად
დაახლოებით 350 მილიარდი აშშ დოლარის სერვისებს ყიდის საზღვარგარეთ (Nagel, 2016).
ბევრად უფრო პატარა სინგაპურმა, ექვსი მილიონიანი მოსახლეობით, 2018 წელს განახორციელა
დაახლოებით 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სერვისების ექსპორტი (Singapore’s
International Trade, 2018). შესაბამისად, დიდი ალბათობით ამ ტიპის
სერვისების ექსპორტის პროგნოზირებული ზრდა ახლო მომავალში უმეტესწილად კვლავ განვითარებული
ქვეყნების ხარჯზე მოხდება, ვინაიდან განვითარებად ქვეყნებს ძირითადად შეზღუდული აქვთ
მათი წარმოების შესაძლებლობა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინასწარი პროგნოზით, განვითარებადი
ქვეყნების წილი სერვისებით გლობალურ ვაჭრობაში 2040 წლისთვის მხოლოდ 15%-ით გაიზრდება
დღევანდელთან შედარებით, ისიც უმეტესწილად ამ ქვეყნებში სერვისების იმპორტის ხარჯზე
და იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები ციფრულ ტექნოლოგიებს განავითარებენ (World
Trade Report, 2019, p.10).
ამასთან, გასათვალისწინებელია,
რომ ძვირადღირებული სერვისების წარმოებაში
პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც გარკვეული თავისებურებით ხასიათდება და უმეტესწილად
მიზნად ისახავს სერვისების ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვას (და არა მათ ექსპორტს ინვესტიციის
მიმღები ქვეყნიდან), გარდა ინვესტიციებისა ისეთ სექტორებში, როგორიც არის ტურიზმი და
ლოგისტიკა. მაგალითად, როდესაც უცხოური ბანკი, სადაზღვეო კომპანია, კონსალტინგ
კომპანია ან ავია კომპანია ახორციელებს ინვესტიციას სხვა ქვეყანაში, მისი ძირითადი
მიზანი არის სერვისების გაყიდვა ადგილობრივად, ინვესტიციის მიმღებ სახელმწიფოში.
განვითარებადი ქვეყნებიდან
დღეისათვის ძირითადად ხორციელდება უფრო მარტივი ტიპის სერვისების ექსპორტი და გაცილებით
მცირე მოცულობით, რომლის წარმოება არ მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას. ამ კატეგორიის
სერვის დარგებია მაგალითად ტურიზმი, ლოგისტიკა (ტრანზიტული გადაზიდვებისთვის) და ქოლ
ცენტრები. თუმცა, განვითარებადი ქვეყნების უმეტესობა ამ სერვის დარგების განვითარებასაც
ვერ ახერხებს, ვინაიდან ამ სერვისების წარმოებას სჭირდება გარკვეული პირობები, როგორიც
არის მაგალითად ტურისტული პოტენციალი (ტურიზმის დარგის შემთხვევაში), გეოგრაფიული მდებარეობა
(სატრანზიტო გადაზიდვების შემთხვევაში), მოსახლეობის მიერ ინგლისური ენის ცოდნა (ქოლ-ცენტრების
ორგანიზების შემთხვევაში) და ა.შ.
ქვეყნის ტურისტული პოტენციალის
გათვალისწინებით, საქართველოში ტურიზმი უკვე ჩამოყალიბდა ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან
დარგად, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამასთან, არსებობს ამ დარგის კიდევ უფრო განვითარების
შესაძლებლობა. თუმცა, საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს
ეს დარგი, მხოლოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ვერ განაპირობებს სახელმწიფოს მნიშვნელოვან
ეკონომიკურ აღმავლობას და მის გამდიდრებას; პარალელურად აუცილებელია ეკონომიკის სხვა
მომგებიანი ინდუსტრიების განვითარებაც. მაგალითად, ტურისტული პოტენციალის მქონე განვითარებულ
ქვეყნებში, სადაც ეს დარგი მაქსიმალურად არის განვითარებული (საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი,
სინგაპური), ტურიზმის წილი მშპ-ში 5-დან 15%-მდე მერყეობს. გვაქვს მხოლოდ რამდენიმე
გამონაკლისი მსოფლიოში, სადაც მხოლოდ ტურიზმის დარგი განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკაში
ძალიან მაღალი შემოსავლების გენერირებას, თუმცა ეს ქვეყნები აკმაყოფილებენ სამ აუცილებელ
პირობას: 1. ჰყავთ ძალიან მცირე მოსახლეობა 2. აქვთ განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალი
და 3. ხორციელდება დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ტურიზმის დარგში.
მაგალითად, ასეთი ქვეყნებია სეიშელი და მალდივები (სეიშელი - 100 ათასი მოქალაქე; მალდივები
- 350 ათასი მოქალაქე), სადაც მოსახლეობის სიმცირის და ფეშენებელური საკურორტო ზონების ხარჯზე, განსაკუთრებით
დიდია ტურიზმთან დაკავშირებული პირდაპირი და ირიბი შემოსავლები ეკონომიკაში ერთ სულ
მოსახლეზე გაანგარიშებით.
გეოგრაფიული მდებარეობიდან
და რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს გააჩნია პოტენციალი განავითაროს
სხვა მაღალი დონის ექსპორტირებადი სერვის ინდუსტრიებიც, ტურიზმის კვალდაკვალ. მაგალითად,
მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში შესაძლებელია ქვეყანაში განვითარდეს ე.წ. სამედიცინო
ტურიზმი და ასევე მოზიდულ იქნას სტუდენტები უცხო ქვეყნებიდან საქართველოს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში. საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს აქვს პოტენციალი ეტაპობრივად
იქცეს მოსაზღვრე რეგიონების ქვეყნებისთვის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად, ტვირთების
გადაზიდვისთვის და მგზავრთა გადასაყვანად, რისთვისაც აუცილებელია სატრანსპორტო და ლოგისტიკური
ინფრასტრუქტურის განვითარება, ამ დარგებში ადგილობრივი კომპანიების შექმნის/განვითარების
ხელშეწყობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. გრძელვადიან პერიოდში კი საქართველოს
შეუძლია ჰქონდეს ამბიცია, რომ რეგიონში გახდეს საფინანსო, სადაზღვეო და საინფორმაციო
ტექნოლოგიების ცენტრი, სადაც მოზიდული იქნება ამ სექტორებში მსოფლიოს წამყვანი კომპანიები
(ისევე როგორც ეს არის მაგალითად სინგაპურსა და ჰონკონგში). თუმცა, იმისათვის რომ ქვეყანას
ჰქონდეს შანსი იქცეს ამ და სხვა ძვირადღირებული სერვისების ექსპორტიორ ქვეყანად, აუცილებელია
ეკონომიკური განვითარების მრავალი ეტაპის გავლა, რაც მოიცავს ადგილობრივი ადამიანური
რესურსის და კომპანიების განვითარებას, ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესს და ინდუსტრიალიზაციას,
ეკონომიკური განვითარების გარკვეული დონის მიღწევას (ანუ მშპ-ს მნიშვნელოვან გაზრდას),
ქვეყნის ცნობადობისა და პრესტიჟის გაზრდას. სწორედ ამ მიღწევებთან არის დაკავშირებული
თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და ძვირადღირებული სერვისების სექტორის განვითარება
ქვეყანაში, რასაც წარმატებული ქვეყნების გამოცდილებაც ადასტურებს. ამ ვითარების გათვალისწინებით,
ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებისთვის,
რაც არის შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის მთავარი ფაქტორი, დღეისათვის კვლავ უალტერნატივოა
ქვეყნის სამრეწველო ინდუსტრიალიზაცია მულტინაციონალური კომპანიების მიერ ტექნოლოგიების
შემოტანის მეშვეობით. სერვის ინდუსტრიების განვითარება შესაძლებელია ამ პროცესის
პარალელურად განხორციელდეს, ქვეყნის პოტენციალისა და შედარებითი უპირატესობის შესაბამისად.
თავი IV
დიდი კონკურენცია ინვესტიციების მოზიდვაზე
ზოგადად ქვეყნის განვითარება
არის კონკურენტული პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა თუ არ არის კონკურენტუნარიანი,
მისი წარმატების შანსები მცირეა. როგორც სოციალურ გარემოში ადამიანები ერთმანეთს უწევენ
კონკურენციას წარმატების მისაღწევად, ისევეა
კონკურენცია სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ადამიანების მსგავსად, მუდმივად სჭირდებათ
კონკურენტუნარიანობის გაზრდა. სახელმწიფოების შემთხვევაში კონკურენცია გამოიხატება
პირდაპირი უცხოური ინვესტირებისთვის სასურველი გარემოს შექმნასა და ინვესტიციების მოზიდვაში.
დღეს მსოფლიოში დიდი კონკურენციაა
ინვესტიციების მოზიდვაზე. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკანასკნელი ათწლეულის
განმავლობაში მსოფლიო ინვესტირებადი კაპიტალის რაოდენობა, რომელიც სხვადახვა ქვეყნებში
ინვესტიციების სახით შედის, საშუალოდ წლიურად 2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს (World
Bank Data, FDI, Net Inflows). თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეისათვის პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მთავარი მიმღები ქვეყნები ისევ მდიდარი განვითარებული ქვეყნები არიან,
მაგ. აშშ, ჰონკონგი, სინგაპური, საფრანგეთი, ნიდერანდები, შვეიცარია, ისლანდია, კანადა,
ავსტრალია და სხვა, ან ინვესტიციებისთვის ტრადიციულად მიმზიდველი დიდი განვითარებადი
სახელმწიფოები, მაგ. ჩინეთი, ბრაზილია, მექსიკა, ინდოეთი, ინდონეზია, ვიეტნამი, რუსეთი
და სხვა (Desjardins, 2018). შესაბამისად, პატარა განვითარებადი
ქვეყნები სრულიად არაპრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
მოზიდვის თვალსაზრისით.
ხვდებიან რა ეკონომიკური
განვითარებისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უაღრესად დიდ მნიშვნელობას, სახელმწიფოები
მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ცდილობენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საკუთარ
ეკონომიკაში და ამისთვის დგამენ ნაბიჯებს მაქსიმალურად მიმზიდველი გარემოს შექმნისთვის,
თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისად (World Investment Report, 2019, pp.84-88). ამ დიდი შეჯიბრის გამო, რომელშიც სულ უფრო და უფრო ერთვებიან ღარიბი
განვითარებადი სახელმწიფოები, ინვესტიციებისთვის ტრადიციულად მიმზიდველმა დიდმა ბაზრებმაც
დაიწყეს რეგულაციური ტვირთის მოხსნა და ბიზნესის კეთების გაიოლება. ეს კი პატარა მოტივირებულ
ქვეყნებს კიდევ უფრო დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს. მაგალითად, ჩინეთმა, ინდოეთმა,
ინდონეზიამ, მექსიკამ და სხვა დიდმა სახელმწიფოებმა, რომლებიც ბოლო ათწლეულებში წარმოადგენენ
ინვესტიციების განხორციელებისთვის ტრადიციულად სასურველ ქვეყნებს, გარკვეული ფაქტორების
გათვალისწინებით (დიდი ბაზრები, იაფი, კომპეტენტური და ეფექტური მუშახელი და ა.შ.),
მაგრამ გამოირჩეოდნენ არამიმზიდველი გარემოთი ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით
(რთული რეგულაციური ტვირთი, ბიუროკრატია, კორუფცია და სხვა), ბოლო წლებში წამოიწყეს
ამბიციური რეფორმები სწორედ ბიზნესის კეთებისთვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად.
მაგალითად, ინდოეთი ბიზნესის კეთების გაიოლების კუთხით ბოლო 3 წლის განმავლობაში მსოფლიო
ბანკის მიერ რეფორმატორთა ათეულშია შეყვანილი. ინდოეთმა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების
სიიოლის (ease of doing business) რეიტინგში 2020 წელს 63–ე ადგილი დაიკავა და ათეულობით
პუნქტით გაიუმჯობესა წინა რამდენიმე წლის მაჩვენებელი. იმავე რეიტინგში ჩინეთმა 2020
წელს 31–ე ადგილი დაიკავა ძალიან დიდი გაუმჯობესების შედეგად (ბოლო ათწლეულის განმავლობაში
ჩინეთი საშუალოდ 85-ე ადგილს იკავებდა). გასულ წლებთან შედარებით რეიტინგი ათეულობით
პუნქტით გაიუმჯობესა ინდონეზიამაც და 2020 წელს 73–ე ადგილი დაიკავა (2016 წელს 109-ე
ადგილს იკავებდა). ბოლო ათწლეულის განმავლობაში სტაბილურად იუმჯობესებს რეიტინგს ინვესტიციებისთვის
სულ უფრო მზარდად მიმზიდველი ვიეტნამი, რომელიც 2020 წელს ბიზნესის კეთების რეიტინგში
70-ე ადგილს იკავებს (2016 წელს-90-ე ადგილიდან).
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ინვესტიციებისთვის
ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო ტრადიციულად მიმზიდველი ქვეყანა იყო (და კვლავაც არის)
ჩინეთი. 2000–ანი წლების დასაწყისიდან ჩინეთი არის უცხოური კაპიტალის ერთ-ერთი ყველაზე
მსხვილი მიმღები ქვეყანა. ჩინეთის მიმზიდველობას ძირითადად განაპირობებს დიდი ბაზარი
(წარმოებული პროდუქციის რეალიზება დამატებითი ბარიერების გარეშე შეიძლება თავად ჩინეთში),
ხელმისაწვდომი ადგილობრივი ბუნებრივი რესურსები, შედარებით იაფი კვალიფიციური მუშახელი,
განვითარებული ინფრასტრუქტურა, მუდმივი ეკონომიკური ზრდა, საერთაშორისო ბაზრებზე ხელმისაწვდომობის
სიმარტივე, მისაღები საგადასახადო პოლიტიკა და ეკონომიკური სტაბილურობა (Faheem et
al., 2011). ამ ფაქტორების მდგრადობა ამცირებს ბიზნესის საოპერაციო დანახარჯებს, რაც
იზიდავს უცხოურ კაპიტალს, მიუხედავად ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში არსებული
შემზღუდავი ბიუროკრატიული და რეგულაციური ტვირთისა. უფრო მეტიც, დიდი ხნის განმავლობაში
გარკვეულ დარგებში ჩინეთის ხელისუფლება კრძალავდა უცხოური კომპანიების მიერ 100%-იანი
წილის ფლობას და ავალდებულებდა მათ ჩინურ კომპანიებთან ერთობლივი საწარმოს ფორმატში
მუშაობას, რისი მიზეზიც ტექნოლოგიების გადაცემის უკეთ ხელშეწყობა იყო (Huang et
al., 2020). თუმცა, დღეისათვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საგრძნობლად
გაზრდილი კონკურენციის გათვალისწინებით, ჩინეთმა ბოლო წლებში დაიწყო რადიკალური რეფორმების
განხორციელება ინვესტორების სასარგებლოდ. შესაძლოა რეფორმების დაწყების მიზეზი ასევე
იყოს 2018 წლიდან აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული ე.წ. აშშ-ჩინეთის
სავაჭრო ომი, რაც გულისხმობს, ჩინეთში წარმოებულ პროდუქციაზე აშშ-ში იმპორტის მაღალი
გადასახადის დაწესებას, რამაც ბევრი აშშ-ში ექსპორტზე ორიენტირებული მულტინაციონალური
კომპანიისთვის ჩინეთში ინვესტირება წამგებიანი გახადა. შესაბამისად, ჩინეთის ბაზრიდან
მრავალი მულტინაციონალური კომპანია გავიდა, რომლებმაც ახალი ინვესტიციები კვლავ ტრადიციულად
მიმზიდველ ქვეყნებში განახორციელეს, ძირითადად ჩინეთის მეზობლად - ვიეტნამში, ტაილანდსა
და ინდონეზიაში.
საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად ჩინეთის ხელისუფლებამ
2018 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2022 წლისთვის ყველა სექტორში მოხსნას ინვესტორების
ვალდებულება ჩინურ კომპანიებთან ერთობლივი საწარმოების დაფუძნების შესახებ და ეტაპობრივად
დაუშვას უცხოური კომპანიების მიერ 100%-იანი წილების ფლობის შესაძლებლობა. ამასთან,
იგრძნო რა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მნიშვნელოვანი საფრთხე, ჩინეთის
ხელისუფლებამ 2019 წლის განმავლობაში მიიღო ახალი საკანონმდებლო პაკეტი (კანონი ინვესტიციების
შესახებ და მასთან დაკავშირებული რეგულაციები), რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა
და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საინვესტიციო გარემო ჩინეთში. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად,
უცხოური ინვესტორი კომპანიებისთვის დაშვებულია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა,
მთავრობის მიერ დაფინანსების შესაძლებლობა, მიწით უზრუნველყოფის შესაძლებლობა; კანონმდებლობა
ავალდებულებს მთავრობას, რომ შეამციროს რეგულაციური ტვირთი, დაიცვას ინტელექტუალური
საკუთრება, გაუწიოს კონსულტაციები ინვესტორებს, გადაწყვიტოს ინვესტორების მიერ გამოხატული
უკმაყოფილება და სხვა (China's Foreign
Investment Law… 2020).
იმ პირობებში, როდესაც
ინვესტიციებისთვის ტრადიციულად მიმზიდველი ქვეყნები სულ უფრო აუმჯობესებენ თავიანთ
საინვესტიციო გარემოს, ტრადიციულად არასაინტერესო პატარა ქვეყნებს, ისეთი როგორიც საქართველოა,
კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რეფორმები, კრეატიულობა და პროაქტიულობა მართებთ, რათა
შექმნან საუკეთესო პირობები ინვესტიციებისთვის და დაარწმუნონ ინვესტორი კომპანიები
საკუთარ კონკურენტუნარიანობაში. ამასთან, ინვესტიციების მოზიდვის პროცესში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია აქცენტირება ტექნოლოგიების შემოტანაზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა
და ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ
დიდი სახელმწიფოები უფრო მიმზიდველები არიან ინვესტორებისთვის ძირითადად მათი ეკონომიკის დიდი
მასშტაბის გამო, უნდა აღინიშნოს პატარა ქვეყნების ერთი უპირატესობა. კერძოდ, თუ პატარა
სახელმწიფო შეძლებს იქცეს ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ქვეყნად, მისთვის ინვესტიციების
უშუალო პოზიტიური ეფექტი ეკონომიკაზე გაცილებით მნიშნელოვანი იქნება ვიდრე დიდი სახელმწიფოებისთვის,
მოსახლეობის სიმცირის და ეკონომიკის მცირე მასშტაბის გათვალისწინებით. მაგალითად, ინვესტიციებისთვის
ორმა ყველაზე მიმზიდველმა ქვეყანამ ჩინეთმა და სინგაპურმა 2018 წელს შეძლეს შესაბამისად
166 მილიარდი აშშ დოლარის და 82 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
მოზიდვა. აშკარაა, რომ 6 მილიონიანი მოსახლეობის სინგაპურისთვის 82 მილიარდი აშშ დოლარის
ინვესტიცია არის კოლოსალური მასშტაბის; ხოლო 1.5 მილიარდიანი მოსახლეობის ჩინეთისთვის
166 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია არის პროპორციულად გაცილებით მცირე.
თავი V
ადამიანური კაპიტალის განვითარება, როგორც კარგი
საინვესტიციო გარემოს ერთ–ერთი უმთავრესი ფაქტორი
ადამიანური კაპიტალის განვითარება
ყოველთვის ითვლებოდა სახელმწიფოს პროგრესის, წარმატების და სიმდიდრის ერთ–ერთ უმთავრეს
ფაქტორად, რომლის მნიშვნელობაზეც ჯერ კიდევ მე–18 საუკუნეში წერდა ცნობილი ბრიტანელი
ეკონომისტი ადამ სმიტი. ადამიანური კაპიტალის განვითარება თანამედროვე სტანდარტების
და მოთხოვნების შესაბამისად, დღესაც რჩება განვითარების უმთავრეს ფაქტორად, რომლის
გარეშე ეკონომიკური პროგრესი და მითუმეტეს ქვეყნის გამდიდრება წარმოუდგენელია.
ამასთან, ადამიანური კაპიტალი
არის კარგი საინვესტიციო გარემოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. მულტინაციონალური კომპანიები,
რომლებიც წარმოების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ, ინვესტირებისთვის
როგორც წესი ირჩევენ იმ ქვეყნებს, სადაც უკვე არსებობს შესაბამისი უნარების მქონე,
მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი (Sonmez, 2013). ამ თვალსაზრისით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება და ადამიანური
კაპიტალის განვითარება ურთიერთ–დამოკიდებული ფაქტორებია (ერთმანეთს განაპირობებენ).
კერძოდ, ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანია მიმღებ ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის
მინიმალური მარაგის არსებობა, რაც მოცემული ქვეყნის მთავრობის საზრუნავია. თავის მხრივ,
მულტინაციონალურ კომპანიებს ტექნოლოგიების შემოტანის გზით აქვთ პოტენციალი, რომ ხელი
შეუწყონ ადამიანური კაპიტალის შემდგომ განვითარებას. საქართველოს რეალობაში რატომღაც
კარგი საინვესტიციო გარემოს ფაქტორად ნაკლებად მიიჩნევა ადამიანური კაპიტალი და უფრო
დიდი ყურადღება ეთმობა ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის ინფრატრუქტურის განვითარება, რეგულაციური
ტვირთის მოხსნა, დაბალი გადასახადები, ბიზნესის კეთების სიმარტივე და ა.შ. (რაც ასევე
მნიშვნელოვანია).
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს,
რომ მულტინაციონალური კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელება ავტომატურად არ
განაპირობებს ქვეყნის მიერ ტექნოლოგიების აბსორბირებას
და შესაბამისად ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესს. მაქსიმალური ეფექტიანობისთვის საჭიროა
მიმღები ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ამ პროცესის ხელშეწყობა შესაბამისი პოლიტიკის
გატარებით და სტრატეგიული ინტერვენციით (UNCTAD, 2010, pp.18-20). აქ იგულისხმება მთავრობის
ძალისხმევა, რომ მულტინაციონალურ კომპანიებში მაქსიმალურად დასაქმდნენ ადგილობრივი
კადრები, ხელი შეეწყოს ინვესტორ კომპანიებსა და ადგილობრივ კომპანიებს შორის პარტნიორობის
განვითარებას, განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი ადამიანური რესურსის ტრეინინგების
და გადამზადების დაფინანსება ან თანადაფინანსება, ხელი შეეწყოს ერთობლივი საწარმოების
დაფუძნებას და სხვა. განვითარების პროცესში ყველა წარმატებული სახელმწიფო მიმართავდა
ამ და სხვა სტრატეგიულ ღონისძებებს, რათა მაქიმალურად შეეწყო ხელი ქვეყნის ტექნოლოგიური
განვითარებისთვის. მაგალითად, როგორც ზემოთ აღინიშნა, დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთში
ეკონომიკის გარკვეულ დარგებში უცხოურ კომპანიებს ინვესტირება შეეძლოთ მხოლოდ ადგილობრივ
კომპანიებთან წილობრივი მონაწილეობით. თუმცა, ეს უკიდურესი ღონისძებაა და დღეისათვის
ეს არ არის საუკეთესო სტრატეგია ინვესტიციების მოზიდვაზე დიდი კონკურენციის პირობებში.
მულტინაციონალური კომპანიების ინვესტიციები ადგილობრივი
ადამიანური კაპიტალის განვითარებას ძირითადად განაპირობებს ამ კომპანიებში ადგილობრივი
კადრების დასაქმებით და მათ მიერ პრაქტიკული გამოცდილების მიღებით. თუმცა აღსანიშნავია,
რომ ინვესტორ მულტინაციონალურ კომპანიებს ასევე ახასიათებთ უნარების განვითარების პროგრამების
და ტრეინინგების ორგანიზება ადგილობრივი კადრებისთვის სხვადასხვა ფორმატით, უმეტესწილად
მთავრობებთან კოორდინაციით. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც მულტინაციონალური
კომპანია თავად აფინანსებს ადგილობრივი კადრების განათლებას/ტრეინინგებს ან ხდება თანადაფინანსება
ინვესტორი კომპანიისა და ინვესტიციის მიმღები ქვეყნის მთავრობის მხრიდან. ასევე არის
შემთხვევები, როდესაც მულტინაციონალური კომპანიის მიერ ორგანიზებულ და განხორციელებულ
ტრეინინგებს აფინანსებს მხოლოდ ინვესტიციის მიმღები ქვეყნის მთავრობა, რაც შესაძლოა
იყოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. გაეროს ვაჭრობისა
და განვითარების კონფერენცია (UNCTAD) 2000 წელს გამოქვეყნებულ მოხსენებაში აღნიშნავს,
რომ მულტინაციონალური კომპანიები დასაქმებულთა ტრეინინგებში ზოგადად უფრო მეტ ინვესტიციას
ახორციელებენ, ვიდრე ადგილობრივი კომპანიები. მულტინაციონალურ კომპანიებს როგორც წესი
აქვთ მეტი ინფორმაცია განათლების და უნარების განვითარების თანამედროვე ტენდენციების
შესახებ და ასევე მეტი შესაძლებლობა ტრეინინგების მაღალ დონეზე განსახორციელებლად;
ამასთან, მათი ტრეინინგები ორიენტირებულია უფრო გლობალური ბაზრების მოთხოვნებზე (Michie,
2001). ქვემოთ მოყვანილი ქეისი ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური
ადგილობრივი ადამიანური რესურსები მულტინაციონალური კომპანიებისთვის.
2005 წელს ამერიკულმა მულტინაციონალურმა
კომპანია ინტელმა დიდი ინვესტიცია განახორციელა ვიეტნამში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,
ვიეტნამი არის ტრადიციულად მიმზიდველი ქვეყანა მულტინაციონალური კომპანიებისთვის, თუმცა
ვიეტნამში ინტელი დიდ პრობლემას წააწყდა შესაბამისი ადგილობრივი ადამიანური რესურსების
მოძიებისას. ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა თავად დაეფინანსებინა 70-ზე მეტი ადამიანის
2 წლიანი სრულფასოვანი სწავლა აშშ-ს პორტლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო
სპეციალობაზე, შემდგომში ინტელის ვიეტნამის საწარმოში დასაქმების მიზნით
(Engineering Education in Vietnam…n.d.). ამასთან, ინტელს სურდა, რომ ვიეტნამელებისთვის
საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება შესაძლებელი ყოფილიყო ადგილზეც, რისთვისაც კომპანიამ
ინიციატივით მიმართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და 2010 წელს
ერთობლივი ძალებით დააფუძნეს „უმაღლესი საინჟინრო განათლების ალიანსის პროგრამა“. აღნიშნული
პროგრამა ვიეტნამის საინჟინრო და პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე, არიზონას სახელმწიფო
უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და მისი ლიდერობით, ახორციელებს სპეციალისტების გადამზადებას
ტექნიკურ და გამოყენებით სპეციალობებში, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგ მზად
არიან დასაქმებისთვის (HEEAP web-page).
სახელმწიფოს
გრძელვადიანი ეკონომიკური მიზნების მისაღწევად, ადამიანური კაპიტალის განვითარება უკლებლივ
ყველა წარმატებულმა სახელმწიფომ დაისახა პრიორიტეტად, რაც უპირველესად გულისხმობდა
მაღალი ხარისხის საშუალო და უმაღლესი განათლების და პროფესიული უნარების განვითარების
ეფექტიანი სისტემის შექმნას. ამ სახელმწიფოებში
განხორციელებული რეფორმები მოიცავდა განათლების ბიუჯეტის მნიშნელოვან გაზრდას, მასწავლებლების
გადამზადებას, პროგრამების დახვეწას, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათემატიკასა
და ტექნიკურ საგნებზე აქცენტირებას და ა.შ. მაგალითად, სინგაპურში 1970–იანი წლების
ბოლოს განხორციელებული რეფორმის შედეგად, დაწყებით კლასებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა
მათემატიკაზე, მეცნიერებასა და ინგლისურ ენაზე, ხოლო უფროს კლასებში დაინერგა სისტემა,
რომელიც ახდენდა სასწავლო პროგრამების აქცენტირებას ცალკეული მოსწავლეების შესაბამის
ნიჭსა და უნარებზე. რეფორმები შეეხო უმაღლეს სასწავლებლებსაც, სადაც ძირითადი აქცენტი
გადატანილ იქნა საინჟინრო სპეციალობებზე (UNCTAD, 2011, p.31-32).
დღეს ეკონომიკურად წარმატებულ ყველა სახელმწიფოს აქვს დიდი მიღწევები დაწყებითი
და საშუალო განათლების განვითარების კუთხით, რაც ნიშნავს იმას, რომ განათლება და უნარების განვითარება პირდაპირ კავშირშია
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან. წარმოუდგენელია
იმაზე მსჯელობა, რომ განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკამ შეძლოს განვითარებული ქვეყნის
ეკონომიკასთან მიახლოება, თუ მისი მოქალაქეები არ იქნებიან კონკურენტუნარიანნი საერთაშორისო
დონეზე და არ მიიღებენ იმავე ხარისხის (ან უკეთეს) განათლებას, რასაც დღეს იღებენ წარმატებული
ქვეყნების მოქალაქეები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია,
რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში, განვითარებადი ქვეყნის ხელისუფლების
უმთავრესი პრიორიტეტი იყოს სახელმწიფოში განათლების სისტემის განვითარება და ამ სფეროში
მნიშვნელოვანი ინვესტირება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ღარიბ განვითარებად ქვეყნებში
დაბალი ხარისხის განათლების სისტემის არსებობასთან ერთად, ბაზარი ზოგადად ვერ ახერხებს
იმ დარგების და სფეროების გამოვლენას, რომელშიც აუცილებელია მოხდეს ადამიანების კვალიფიკაციის
ამაღლება ეკონომიკური განვითარების მიზნებისთვის. შესაბამისად, ამაზე ზრუნვა არის სახელმწიფო
ხელისუფლების ფუნქცია. მაგალითად, ტაივანში, სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში განვითარების
პირველ ეტაპზე მთავრობებმა თავის ხელში აიღეს ინიციატივა და შექმნეს კონკრეტული მექანიზმები,
რომლის ფარგლებშიც განათლების და უნარების განვითარების სისტემები მუშაობდნენ რათა
უზრუნველეყოთ ეკონომიკისთვის საჭირო და მოთხოვნადი სპეციალური უნარების განვითარება
(Ashton et al., 2002, p.16).
ეკონომიკური განვითარებისა
და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) პროექტი „საერთაშორისო სტუდენტების შეფასების
პროგრამა“ (ე.წ. PISA), ნათლად წარმოაჩენს ღარიბ განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური
პროგრესის ნაკლებობის ძირითად მიზეზს. პროგრამის ფარგლებში, მთელ რიგ განვითარებულ
და განვითარებად ქვეყნებში ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება ტესტები მათემატიკაში,
მეცნიერებასა და წაკითხულის აღქმაში, 15 წლის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების შეფასებისთვის.
ამ პროგრამის შედეგები ცხდჰყოფს, რომ ზოგადად განვითარებადი ქვეყნების მოსწავლეთა აკადემიური
მოსწრება გაცილებით ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას,
რაც ნიშნავს იმას, რომ განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეები არ არიან კონკურენტუნარიანნი
თავიანთი თანატოლების მიმართ განვითარებულ ქვეყნებში. 2018 წლის PISA-ს შედეგების მიხედვით,
საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, რაც მიანიშნებს, რომ განათლების სისტემა საქართველოში
საჭიროებს ძირეულ რეფორმებს და სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვან ინვესტიცირებას.
აშკარაა, რომ თანამედროვე
და მაღალი ხარისხის საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემის ფორმირებით მიღებული სარგებელი
ეკონომიკისთვის არის უკიდურესად აუცილებელი. თუმცა, ეს შედარებით გრძელვადიანი მიზანია
და ამ დარგში განხორციელებული რეფორმების შედეგების ასახვა ეკონომიკაზე შესაძლოა მიღწევადი
იყოს მხოლოდ წლების და ათწლეულების შემდეგ. ამიტომ, აუცილებელია პარალელურად არსებობდეს
სპეციალური პროფესიული უნარების განვითარების მოკლევადიანი გეგმებიც, რაც ქვეყანას
საშუალებას მისცემს დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა მულტინაციონალური კომპანიების ინვესტიციების
მოსაზიდად. ეს ძირითადად გულისხმობს პროფესიული გადამზადების სისტემის ფორმირებას.
აღსანიშნავია, რომ განვითარების საწყის ეტაპზე
(თუმცა ამის შემდგომაც) ყველა წარმატებულმა ქვეყანამ მიიღო განსაკუთრებული ზომები,
რათა მოემზადებინა სამუშაო ძალა ინვესტიციებისთვის. რიგ შემთხვევებში ეს გაკეთდა ინვესტორებთან,
მულტინაციონალურ კომპანიებთან თანამშრომლობით და მათთან კოორდინციით.
მაგალითად, სინგაპურის წარმატების ერთ–ერთი უმთავრესი
ფაქტორი იყო მთავრობის განსაკუთრებული ძალისხმევა ქვეყანაში განათლებისა და უნარების
განვითარებისთვის, რაც მიზნად ისახავდა მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე უცხოური ინვესტორი
კომპანიების მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მთავრობა ამ მიმართულებით ახდენდა
მნიშვნელოვან ინვესტირებას. ასევე ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე (განსაკუთრებით
კი პირველ ეტაპზე) სინგაპურის ხელისუფლება არ ერიდებოდა უცხოური კვალიფიციური შრომითი
რესურსის მიგრაციის სტიმულირებას სინგაპურში, რათა შეევსო ქვეყანაში არსებული უნარების
დეფიციტი (Prime, 2012). აღსანიშნავია, რომ განვითარების საწყის ეტაპზე სინგაპურს ჰქონდა განსაკუთრებული ინსტიტუციური მიდგომა
ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხის მიმართ, რაც გულისხმობს სპეციალური საკოორდინაციო
სტრუქტურული ორგანოების შექმნას, რომლის პირდაპირი ფუნქცია იყო ადგილობრივ ბაზარზე
ინვესტიციებისთვის საჭირო სპეციალური უნარების მიწოდება.
1961 წელს სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროს ფარგლებში დაფუძნდა
ეკონომიკური განვითარების საბჭო (EDB),
რომლის მთავარი ფუნქცია იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სინგაპურის ეკონომიკაში.
თუმცა, ხედავდა რა პირდაპირ კავშირს ინვესტიციების მოზიდვასა და ადამიანური კაპიტალის
განვითარებას შორის, საბჭოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ასევე განეკუთვნებოდა ინვესტორი
კომპანიების მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაბამისი ადგილობრივი სპეციალისტების მოძიებასთან
დაკავშირებით. სინგაპურში ინვესტიციების მოზიდვის საქმეში EDB–ს შეუფასებელი როლის
გათვალისწინებით, განსაკუთრებით საინტერესოა ამ ორგანიზაციის მუშაობა ქვეყანაში ცოდნისა
და უნარების განვითარების მიმართულებით, რასაც სინგაპური თავიდანვე მიიჩნევდა ინვესტიციების
მოზიდვის და ეკონომიკური განვითარების მთავარ ფაქტორად. კერძოდ, EDB მუშაობდა ტრეინინგ
ცენტრების ორგანიზებაზე ორი მიმართულებით: მულტინაციონალურ კომპანიებთან თანამშრომლობით
და სხვა ქვეყნის მთავრობებთან თანამშრომლობით. ამ სფეროში კომპანიებთან თანამშრომლობის
მაგალითია EDB-ისა და ინდური მულტინაციონალური კომპანია TATA-ს ერთობლივი ტრეინინგ
ცენტრი და EDB-ისა და გერმანული მულტინაციონალური კომპანია Rollei-ს ტრეინინგ ცენტრი.
უცხო ქვეყნის მთავრობებთან თანამშრომლობის მაგალითებია იაპონია-სინგაპურის, საფრანგეთ-სინგაპურის
და გერმანია-სინგაპურის ტრეინინგ ცენტრები (UNCTAD, 2011, pp.34-36).
ტრეინინგების და მოქალაქეთა
გადამზადების მიმართ სინგაპურის ხელისუფლების დამოკიდებულება აქტუალურია თანამედროვე
პერიოდშიც, რაც კარგად გამოჩნდა 2020 წელს Covid 19-ის პანდემიის დროს. კერძოდ, სინგაპურის
ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ პანდემიის შემდეგ სინგაპურსა და მსოფლიოში მოხდებოდა ეკონომიკის
რესტრუქტურიზაცია, რაც გულისხმობს ეკონომიკის მთელ რიგ დარგებში მოთხოვნის შემცირებას
და ახალი დარგების ზრდას. შესაბამისად, ჯერ კიდევ პანდემიის პიკის პროცესში ხელისუფლებამ
დაიწყო ტრეინინგ პროგრამების დაგეგმვა, რათა მოეხდინა მოსახლეობის გადამზადება მათი
ახალ დარგებში დასაქმების მიზნით (Prime Minister Lee
Hsien Loong … 2020).
სინგაპურის მსგავსი მექანიზმები
განათლების და უნარების განვითარებისთვის ჰქონდა ტაივანსაც. 1977 წელს ტაივანში შეიქმნა
ეკონომიკური დაგეგმვისა და განვითარების საბჭო - CEPD (იარსება 2014 წლამდე), რომლის
მთავარი მიზანი იყო სამთავრობო უწყებების კოორდინაცია, რათა მათ ემუშავათ მთავრობის
ეკონომიკური სტრატეგიის ჩარჩოებში. საბჭოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია, სინგაპურის EDB-ის
მსგავსად, იყო იმაზე ზრუნვა, რომ ტაივანის საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების
სისტემას მოეხდინა შესაბამისად მომზადებული სამუშაო ძალის უზრუნველყოფა ეკონომიკის
მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (Ashton et al., 2002, p.17).
თავი VI
ინვესტიციების მოზიდვის საუკეთესო გამოცდილება
სინგაპურის ქეისი
უკლებლივ ყველა წარმატებული
სახელმწიფო, რომელმაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ აღმავლობას მიაღწია (სინგაპური, ტაივანი,
სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ტაილანდი, ვიეტნამი, ინდოეთი, ესტონეთი, პოლონეთი, უნგრეთი,
სლოვენია, ლიეტუვა და სხვა), ეკონომიკური ზრდის პროცესში ახერხებდა მსოფლიოს წამყვანი
მულტინაციონალური კომპანიების მოზიდვას საკუთარ ქვეყანაში ინვესტიციების განსახორციელებლად,
რაც იყო ამ ქვეყნების ეკონომიკური წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
ამ ქვეყნებს შორის, ერთ
სულ მოსახლეზე დიდი მოცულობის ინვესტიციების მოზიდვის საუკეთესო მაგალითია სინგაპური,
რომელმაც ინვესტიციების მოზიდვისადმი განსაკუთრებულად პროაქტიული მიდგომით და სპეციალური
სამთავრობო პროგრამებით ამ პატარა სახელმწიფოში მოახერხა უპრეცედენტო რაოდენობის პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. შესაბამისად, სინგაპურის გამოცდილების გათვალიწინება
მნიშნელოვანია პატარა განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ მიერ ინვესტიციების მოზიდვის
პროცესში. სინგაპურის გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოსთვის, ვინაიდან
სინგაპურის მსგავსად, საქართველოსაც აქვს პოტენციალი მომავალში იქცეს რეგიონში სატრანსპორტო,
ლოგისტიკურ, საფინანსო, სამედიცინო თუ სხვა სერვისების ექსპორტის ჰაბად, ქვეყნის გეოგრაფიული
მდებარეობიდან და რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე.
განვითარების პროცესი სინგაპურმა
მულტინაციონალური კომპანიების მოზიდვით დაიწყო, რასაც ყოველთვის მიიჩნევდა ეკონომიკური
აღმავლობის უმთავრეს ფაქტორად. ეკონომიკური
განვითარების მიმართულებით სინგაპურის ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი და
მოქმედება, პირდაპირ თუ ირიბად, მიმართული იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისებისა
და მათი მოზიდვისკენ. ასეთი დიდი პოლიტიკური მზაობის, მოტივაციის და სწორი ნაბიჯების
გადადგმის შედეგად, ეკონომიკური აღმავლობის დაწყების პირველივე დეკადაში
(1968-1978 წლები), პატარა, გამოუცდელმა, არაფრით გამორჩეულმა და ჯერ კიდევ ღარიბმა
სინგაპურმა შეძლო მოეზიდა ისეთი დიდი მულტინაციონალური კომპანიები, როგორიც არის National
Semiconductor, Fairchild, Texas Instruments, ST Microelectronics, Siemens, Sandstrand
Engeneering, Philips, Hewlett Packard, Matsushita (Panasonic) და სხვები. ეს კომპანიები
ძირითადად იყვნენ მიკროჩიპების და ელექტროაპარატურის მწარმოებლები, რამაც განაპირობა
სინგაპურში ამ ინდუსტრიის უმაღლეს დონეზე განვითარება (SSIA website). ამასთან აღსანიშნავია,
რომ მიკროჩიპების ინდუსტრიას სჭირდებოდა მაღალკვალიფიციური მუშახელი, რისთვისაც სინგაპურის
ხელისუფლება მულტინაციონალურ კომპანიებთან კოორდინაციით ახდენდა სპეციალისტების გადამზადებას
და ტრეინინგებს, რაც ავითარებდა სინგაპურის ადამიანურ რესურსს და აძლიერებდა ქვეყნის
შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. სინგაპურში მულტინაციონალური კომპანიების შესვლის
ტენდენცია შეუქცევადად გაგრძელდა შემდგომ ეტაპებზეც, როდესაც ქვეყანაში შევიდნენ Rollei,
Seiko, Apple Computer, IBM, Hitachi, Glaxo და სხვა მრავალი დიდი მულტინაციონალური
კომპანია. 2000-იანი წლებიდან
სინგაპურმა ყველა რეკორდი მოხსნა და ეს სახელმწიფო იქცა ერთ სულ მოსახლეზე მულტინაციონალური კომპანიების
ინვესტიციების უმსხვილეს მიმღებ ქვეყნად მსოფლიოს მასშტაბით, რაც არის სინგაპურის ხელისუფლების
მიერ წინა ათწლეულების განმავლობაში წარმოებული ძალიან პროაქტიული, მწყობრი და გააზრებული
ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შედეგი. 2018 წლის მდგომარეობით, სინგაპურში
7000-მდე მულტინაციონალური კომპანიაა ბაზირებული (Business Times, 2018).
გარდა იმისა, რომ სინგაპურმა
შექმნა ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო გარემო (დაბალი გადასახადები, რიგ შემთხვევებში
გადასახადისგან სრული გათავისუფლება, არანაირი ბიუროკრატიული დაბრკოლებები, მინიმუმამდე
დაყვანილი კორუფცია და ა.შ.), რომელიც შეიძლება ითქვას ბევრად აღემატებოდა სხვა ასევე
წარმატებული განვითარებადი ქვეყნების საინვესტიციო გარემოს (მაგალითად ტაივანსა და
სამხრეთ კორეაში), სინგაპურის ასეთი დიდი წარმატების მთავარი მიზეზი მაინც არის სინგაპურის
მთავრობის პოლიტიკური ნება და უპრეცედენტოდ პროაქტიული მუშაობა ინვესტიციების მოსაზიდად,
რაშიც სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან ერთად, უზარმაზარი როლი ჰქონდა სწორედ ადამიანური
რესურსის განვითარებას და ინვესტირებას ცოდნისა და სპეციალური უნარების განვითარებაში;
ასევე ზრუნვას, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად მომხდარიყო მულტინაციონალური კომპანიების
მხრიდან ცოდნის გადმოცემა ადგილობრივი კომპანიებისა და მოქალაქეებისთვის.
სინგაპურის განვითარების
სტრატეგია საწყისი ეტაპიდან (1960-იანი წლები) ეფუძნებოდა რამდენიმე მთავარ ფაქტორს,
რაც არის უაღრესად საინტერესო სხვა განვითარებადი სახელმწიფოებისთვის. ეს ფაქტორებია:
-
მთავრობის ძლიერი ინტერვენცია ეკონომიკური
აქტივობის და ინვესტიციების წასახალისებლად.
-
მთავრობის მუდმივი სწრაფვა მულტინაციონალური
კომპანიების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ძირითადად აშშ-დან, ევროკავშირიდან
და იაპონიიდან.
-
ინვესტირება ადამიანური კაპიტალისა და ინფრასტრუქტურის
განვითარებაში.
-
სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნება.
-
ბიზნესებისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება
ფისკალური შეღავათების მეშვეობით (Yue, 2001).
ამ მიდგომების მიღმა, ათწლეულების განმავლობაში სინგაპურის ხელისუფლება
ინარჩუნებდა განსაკუთრებულ ამბიციას და მოტივაციას, და ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის
მისაღწევად მუშაობდა ყველა საშუალებით, მათ შორის ძალიან პროაქტიული, სპეციფიური და
კრეატიული მიდგომების გამოყენებით. სინგაპურის ხელისუფლება ყოველთვის იღებდა მიზნობრივ
და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად. მაგალითად,
მუშაობდა პროაქტიულად სინგაპურში კონკრეტული მულტინაციონალური კომპანიების შემოსაყვანად
და გადასახადებისგან ათავისუფლებდა იმ ინდუსტრიებს, რომლებიც მიჩნეული იყო ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვნად. 1970-იანი
წლების დასაწყისისთვის სინგაპურში უცხოური კომპანიების შემოყვანის გზით ქვეყანამ ფაქტობრივად
გადაჭრა უმუშევრობის პრობლემა, რომელიც 14%-იდან (1960 წელს) 4.5%-მდე შემცირდა
(1973 წელს). უკვე 1970-იანი წლების დასაწყისისთვის სინგაპურში დასაქმებულთა 63% უცხოურ
კომპანიებზე მოდიოდა (Tan, 1999, pp.1-6).
ნიშანდობლივია სინგაპურის
ეკონომიკური განვითარების საბჭოს (EDB) როლი ინვესტორი კომპანიების მომსახურების საქმეში. კერძოდ, ეს ორგანიზაცია
ინვესტორ კომპანიებს ყოველთვის ერთი ფანჯრის პრინციპით ემსახურებოდა (და დღემდე ემსახურება). კერძოდ, EDB-ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია
მისი დაფუძნების საწყისი ეტაპიდანვე იყო ინვესტორი კომპანიების ყველა სახის მოთხოვნაზე
რეაგირება და მათი პრობლემების დუყოვნებლივ გადაჭრა, დაწყებული კომპანიის ქვეყანაში
შემოსვლისას მოსაგვარებელი ფორმალობებიდან, დამთავრებული კომპანიის უცხოელ თანამშრომელთა
შვილების განათლების საკითხის გადაჭრით. EDB-ის ამგვარი დამოკიდებულება ინვესტორების
მიმართ, მნიშვნელოვნად ზრდიდა სინგაპურის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას (Tan, 1999, pp.1-6).
სინგაპურის სტრატეგიულ
ხედვას ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ხელისუფლების ეფექტიან ძალისხმევას კარგად
ასახავს ქვემოთ მოყვანილი ქეისი, თუ როგორ შემოიყვანა სინგაპურის ხელისუფლებამ 1970-იანი
წლების დასაწყისში ამერიკული მულტინაციონალური კომპანია Sundstrand-ი.
კომპანია Sundstrand-ის
ქეისი
ქვეყნის განვითარების
საწყის ეტაპზე, სინგაპურის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა ქვეყანაში აეროკოსმოსური ინდუსტრიის
განვითარება, რაშიც მანამდე არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. ამ მიზნით, მთავრობამ
გადაწყვიტა ყველა ღონე ეხმარა, რათა სინგაპურში შემოეყვანა ამ სფეროში იმ დროისთვის
წამყვანი ამერიკული მულტინაციონალური კომპანია Sundstrand-ი. ეს იყო ძალიან ამბიციური
გეგმა, ვინაიდან სინგაპურში საწარმოს დასაფუძნებლად ამერიკული კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი
იყო მიმღებ ქვეყანაში შესაბამისი სპეციალისტების არსებობა, რომლებსაც როგორც წესი სჭირდებოდათ
2-3 წლიანი სპეციალიზირებული ტრეინინგები, კომპანიის პროდუქციის ძალზედ მაღალი სტანდარტების
გათვალისწინებით.
1969 წელს
სინგაპურის EDB-ს ჩიკაგოს ოფისის წარმომადგენლებმა წარმატებულად იმუშავეს, რათა კომპანია
Sundstrand-ის ხელმძღვანელობა ჩასულიყო სინგაპურში შესაძლებლობების გასაცნობად. რამაც
ყველაზე მეტად მოხიბლა კომპანიის წარმომადგენლები, იყო სინგაპურში უკვე არსებული ტრეინინგ
ცენტრების მაღალი ხარისხი და ასევე სკურპულოზულად და ეფექტიანად დაგეგმილი ვიზიტის
პროგრამა, თუმცა კომპანიას მაინც საეჭვოდ მიაჩნდა ადგილობრივი კადრების მომზადების
დონე. ერთწლიანი განხილვების შემდეგ, Sundstrand-მა გადაწყვიტა, რომ საცდელად ძალიან
პატარა საწარმო დაეფუძნებინა სინგაპურში, მთლიანად 250 ათასი აშშ დოლარის ინვესტირებით.
ინვესტიციის სიმცირე არ ითვალსწინებდა იმ შეღავათებს, რაც დაწესებული ჰქონდა სინგაპურის
ხელისუფლებას მინიმუმ 1 მილიონი აშშ დოლარის და მეტი ინვესტიციების შემთხვევაში. თუმცა,
ქვეყნის სტრატეგიული ინტერესიდან გამომდინარე, სინგაპურმა მიიღო ექსკლუზიური გადაწყვეტილება,
რომ კომპანიას ესარგებლა ყველა შეღავათით.
ინვესტიციის
განხორციელებიდან პირველი 2 წლის განმავლობაში სინგაპურში Sundstrand-მა ვერ მიაღწია
ფინანსურ მდგრადობას და გეგმავდა ქვეყნიდან გასვლას. თუმცა, სინგაპურის ხელისუფლებამ
ყველაფერი გააკეთა კომპანიის პრობლემების მოსაგვარებლად, რათა ის არ გასულიყო ქვეყნიდან,
მათ შორის, დიდი ხნით გაუხანგრძლივა გადასახადებისგან გათავისუფლებულის სტატუსი და
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, გამოყო დიდი ოდენობის გრანტები, რათა Sundstrand-ს გადაემზადებინა
სინგაპურის სპეციალისტები აშშ-ში არსებულ კომპანიის დაწესებულებებში. ამ მიზნით
1975-1976 წლებში სინგაპურის მთავრობამ გრანტის სახით 1 მილიონამდე სინგაპურული დოლარი
გამოყო (დაახლოებით 400 ათასი აშშ დოლარამდე), რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა
იყო.
საბოლოოდ სინგაპურის
ხელისუფლების აღნიშნულმა აქტიურობამ განაპირობა Sundstrand-ის პრობლემების მოგვარება
და მისი დარჩენა სინგაპურში, რასაც მომდევნო წლებში მოჰყვა კომპანიის მხრიდან დამატებით
60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება. Sundstrand-ის ინვესტიცია სინგაპურში იქცა ქვეყანაში
წარმატებული აეროკოსმოსური ინდუსტრიის დარგის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად (UNCTAD, 2011; Court Listener, n.d.).
აღნიშნული ქეისი ნათლად
გვიჩვენებს სინგაპურის ხელისუფლების დამოკიდებულებას მუტინაციონალური კომპანიების ინვესტიციების
მოზიდვისადმი, რაც გულისხმობს მის პოლიტიკურ ნებას, სტრატეგიულ ხედვას, მოტივაციას
და პროაქტიულობას, რამაც განაპირობა სინგაპურის უზარმაზარი წარმატება, ათასობით მულტინაციონალური
კომპანიის მოზიდვა და შესაბამისად ეკონომიკური სასწაული.
ინვესტიციების მოსაზიდად
სინგაპურის მთავრობის გადადგმული ნაბიჯებიდან იკვეთება, რომ სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან
ერთად, ეს სახელმწიფო განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა ადამიანური რესურსის განვითარებას
და ყველაფერს აკეთებდა, რათა სინგაპურის მოქალაქეები გამხდარიყვნენ კონკურენტუნარიანნი
მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გარდა იმისა, რომ განვითარების საწყისი ეტაპიდანვე სინგაპურმა
დიდი ინვესტირება და მიზნობრივი რეფორმები განახორციელა საშუალო და უმაღლეს განათლების
სისტემაში, რამაც სინგაპურის მოქალაქეები აქცია მსოფლიოში აღიარებულ ერთ-ერთ ყველაზე
განათლებულ და უნარების მქონე სამუშაო ძალად, ასევე სინგაპურის მთავრობამ მთლიანად
განვითარების პროცესში დიდი ყურადღება დაუთმო პროფესიული უნარების განვითარებას და
შესაბამისი ტრეინინგ ცენტრების შექმნას სხვადასხვა ფორმატებში. ეს საქმიანობა იყო განსაკუთრებით
ეფექტიანი და მნიშვნელოვანი მულტინაციონალური კომპანიების ინვესტიციების მოსაზიდად
საწყის ეტაპზე. უფრო მეტიც, 1979 წლიდან სინგაპურში დაარსდა „უნარების განვითარების
ფონდი“ (Skill Development Fund), რომლის პირდაპირი ფუნქცია იყო კომპანიებისთვის გრანტების
გამოყოფა, მათ შორის უცხოური მულტინაციონალური კომპანიებისთვის, რათა მათ მოეხდინათ
თავიანთი თანამშრომლების გადამზადება, როგორც სინგაპურში არსებულ სხვადასხვა ტრეინინგ
ცენტრებში, ისე საზღვარგარეთ.
სინგაპურის გამოცდილება
ადასტურებს, რომ მულტინაციონალური კომპანიები ეძებენ ადგილს ინვესტირებისთვის, სადაც
მათ ექნებათ ბიზნესის წარმოების საუკეთესო პირობები. თავისი განვითარების პირველვე
ეტაპიდან სწორედ ასეთი პირობები შექმნა სინგაპურის ხელისუფლებამ ყველა თვალსაზრისით
(მათ შორის ადამიანური რესურსების განვითარების კუთხით) და იმავდროულად, უპრეცედენტო
პროაქტიულობით შეძლო მულტინაციონალური კომპანიების დარწმუნება, რომ სინგაპურში ინვესტირება
იქნებოდა მათთვის დიდი წარმატების მომტანი, რაც ყველა შემთხვევაში გამართლდა. ამ პროაქტიულმა
ქვედებებმა მომდევნო წლებში და ათწლეულებში ეს პატარა სახელმწიფო აქცია პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მიზიდულობის ცენტრად.
EDB-ის ყოფილი აღმასრულებელი
თავმჯდომარე (1986-2001) ფილიპ იეო იხსენებს, როგორ გამოხატა მადლიერება ბრიტანული
ფარმაცევტული გიგანტის Glaxo-ს ხელმძღვანელმა სერ პაულ გიროლამიმ სინგაპურის მიმართ,
ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში წარმოებული მომგებიანი საქმიანობის გამო. კერძოდ,
1989 წელს, ერთ-ერთ სადილზე, სერ პაულ გიროლამი მთელი საღამოს განმავლობაში ფილიპ იეოს
უყვებოდა თუ როგორი კმაყოფილი იყო სინგაპურში ინვესტირებით. სერ პაულ გიროლამიმ EDB-ის
ხელმძღვანელს ჰკითხა თუ რისი გაკეთება შეეძლო მას სინგაპურისთვის, თავისი მადლიერების
გამოსახატად. ფილიპ იეომ უპასუხა, რომ Glaxo-ს შეეძლო დაეფინანსებინა წელიწადში 30
სტუდენტის სწავლა ბრიტანეთისა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში 10 წლის განმავლობაში,
რაზეც Glaxo-ს ხელმძღვანელი დაუფიქრებლად დათანხმდა და ამ პროექტისთვის 50 მილიონი
აშშ დოლარი გამოყო (Public Service Division website, n.d.; Speech by the Prime
Minister, 2012) ამასთან, ნიშანდობლივია, რომ Glaxo არ იყო ერთადერთი ინვესტორი, ვინც
სინგაპურის მიმართ მადლიერება ამ გზით გამოხატა. ქვეყნისადმი მადლიერების ნიშნად, სინგაპურში
სასტიპენდიო პროგრამები დააარსეს სხვა კოპანიებმაც, როგორიც არის Sundstrand,
Exxon Mobil, Seiko-Epson, Takashimaya და სხვები (Public Service Division
website, n.d.). ამ ვითარებაში, არ არის გასაკვირი, რომ დიდი მულტინაციონალური კომპანიები
ათწლეულების განმავლობაში მიისრაფვოდნენ და კვლავ მიისწრაფვიან სინგაპურში ინვესტირებისკენ,
რადგან მათ იციან რომ იქ დახვდებათ საუკეთესო პირობები მათი ბიზნესის წარმოებისთვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
Ashton D.N.,
Sung J. and Green F. (2002); The
Evolution of Education and Training Strategies in Singapore, Taiwan and S.
Korea; Journal of Education and Work.
2.
Borensztein E, Gregorio J.D. and Lee J. (1995), How
does Foreign Direct Investment Affect Economic Growth? National Bureau of
Economic Research.
3.
Business Times (2018), Singapore can be Asia hub for MNCs as HK turns to China, www.businesstimes.com.sg
4.
China's Foreign
Investment Law and Related Regulations Mark a New Era for Foreign Investment in
China (2020), Law Firm Baker
McKenzie,; https://www.bakermckenzie.com/-/media/files/insight/publications/2020/01/client_alert__fil_implementing_regulations.pdf
5.
Court Listener
(1991), Sundstrand Corp. v. Commissioner, U.S. Tac Court, https://www.courtlistener.com/opinion/4707122/sundstrand-corp-v-commissioner/
6.
Desjardins J. (2018) “Mapped: Foreign Direct Investment by Country”;
Visual Capitalist; based on World Investment Report, https://www.visualcapitalist.com/mapped-foreign-direct-investment-by-country/
7.
DW, China to liberalize foreign ownership rules, 2018, https://www.dw.com/en/china-to-liberalize-foreign-ownership-rules/a-43418932
8.
Education
Links webpage, engineering education in Vietnam throught private sector engagement https://www.edu-links.org/learning/engineering-education-vietnam-through-private-sector-engagement
9.
Felipe J, Kumar U and Abdon A (2010); how rich countries became rich and why poor
countries remain poor: it’s the economic structure; Levy Economics
Institute.
10.
Faheem M.A., Dost M.K.B., Hussnain A., Izhar S.U., Raza A., Shakeel A. (2011) Factors Attracting FDI Inflow in China, Kuwait Chapter of Arabian
Journal of Business and Management Review, Vol. 1, No.4, https://www.hilarispublisher.com/open-access/factors-attracting-fdi-inflow-in-china-2224-8358-1-134.pdf
11.
German Federal
Office of Statistics www.destatis.de
12.
Ghani E. and O’Connell D.S. (2014), Can Services be a Growth Escalator in
Low-Income Countries?, Policy Research Working Paper, World Bank Group.
13.
Gold T.B. (1986), State
and Society in the
Taiwan Miracle, M.E. Sharpe,
14. Nagel D. (2016), Why services are the
fastest growing exports worldwide – and are about to gain momentum, http://www.tradeready.ca/2016/trade-takeaways/services-fastest-growing-exports-worldwide-gain-momentum/
15. Higher Engeneering Education Alliance Program: https://heeap.org/
16.
Huang A. et. al. (2020), China further opens its market with new
foreign investment law, https://www.mondaq.com/china/inward-foreign-investment/894670/china-further-opens-its-market-with-new)
17.
Huges H. and
Seng Y.P. (1969), Foreign Investment and
Industrialization in Singapore, Australian National University Press.
18.
Michie J. (2001), The
Impact of Foreign Direct Investment on Human Capital Enhancement in Developing
Countries; A Report for the OECD.
19.
Nicolas F.,
Thomsen S., Bang
M. (2013); Lessons
from Investment Policy Reform in Korea; OECD Working Papers on
International Investment.
20.
Nichols A., The role of governments in shaping economic
development in Singapore and Malaysia, Geographical Association, https://www.geography.org.uk/teaching-resources/singapore-malaysia/The-role-of-Governments-in-shaping-economic-development-in-Singapore-and-Malaysia
21.
OECD, WTO - Aid for Trade at a Glance 2017, Chapter
4 –Services Trade Policies and Their
Contribution to Connectivity and Development
22.
Prime Minister Lee Hsien
Loong delivers his May Day message (2020), April 30 https://www.straitstimes.com/singapore/spore-economy-to-open-up-step-by-step-after-covid-19-circuit-breaker-some-sectors-to
23.
Prime P.B. (2012), Utilizing FDI to Stay Ahead: The Case of Singapore, Georgia State
University; International Business Faculty Publications.
24.
Public Service
Division of the Prime Minister’s Office of Singapore, Making a Living, Ensuring Growth, website of the. https://www.psd.gov.sg/heartofpublicservice/our-institutions/making-a-living-ensuring-growth/
25.
Singapore Department of
Statistics www.singstat.gov.sg
26.
Singapore’s International Trade in Services 2018, Bulletin of the Department of Statistics of the Ministry of Trade
& Industry, Republic of Singapore.
27.
SSIA (Singapore
Semiconductor Industry Association) website; Article on the stages for the development of semiconductor industry in Singapore. https://ssia.org.sg/wp-content/uploads/2018/12/Semiconductor50_Timeline_R5_flatten_forWeb.pdf
28.
Speech by the
Prime Minister Lee Hsien Loong at the 30th/40th
Anniversary of GSK’s pharmaceutical manufacturing plants, 1 November 2012. Official website of the
Prime Minister’s Office https://www.pmo.gov.sg/Newsroom/speech-prime-minister-lee-hsien-loong-30th40th-anniversary-gsks-pharmaceutical
29.
Sonmez A. (2013), Multinational
Companies, Knowledge and Technology Transfer,
Springer International Publishing.
30.
Tan A.H.H.
(1999), Official Efforts to Attract FDI:
Case of Singapore’s EDB, National University of Singapore.
31.
UNCTAD paper, FDI, the Transfer and Diffusion of Technology, and Sustainable
Development; December 2010
32.
UNCTAD paper 2011, How
to Integrate FDI and Skill Development, Lessons from Canada and Singapore
33.
UNCTAD, World Investment Report 2019, UN Conference on Trade and
Development https://unctad.org/en/pages/PublicationWebflyer.aspx?publicationid=2460
34.
U.S. Sensus
Bureau, www.census.gov
35.
Wolf M. and
Terrel D. (2016), The High-Tech Industry,
What Is It and Why It Matters to Our Economic Future, Beyond the Numbers,
Vol.5. No. 8.
36.
World Bank
Data-Economic Growth (Annual): https://data.worldbank.org/indicator/ny.gdp.mktp.kd.zg
37.
World Bank, Foreign Direct
Investment, Net Inflows https://data.worldbank.org/indicator/BX.KLT.DINV.CD.WD
38.
World Bank Press Release (2018), Nearly half of theworld lives on less than $5.50 a day https://www.worldbank.org/en/news/press-release/2018/10/17/nearly-half-the-world-lives-on-less-than-550-a-day
39.
World Bank
Press Release (2019), Doing Business 2020: Reforms Boost India’s Business Climate
Rankings; Among Top Ten Improvers for Third Straight Year https://www.worldbank.org/en/news/press-release/2019/10/24/doing-business-india-top-10-improver-business-climate-ranking
40.
WTO (2019), World Trade Report 2019: The Future of
Services Trades
41.
Yue C.S.
(2001), Singapore: Towards a Knowledge-Based
Economy, Nomura Foundation https://www.nomurafoundation.or.jp/en/wordpress/wp-content/uploads/2014/09/20000127-28_Siow-Yue_Chia.pdf
Comments
Post a Comment