რუსეთ-უკრაინის ომის გეოპოლიტიკური შედეგები
ნიკა ჩიტაძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
პროფესორი
საერთაშორისო საკითხების კვლევითი ცენტრი
რუსეთ-უკრაინის ომის განხილვისას, ალბათ მეტად მნიშვნელოვანია გაანალიზებულ იქნეს ის ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც ომის შედეგად მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ცვლილებებს შეუწყო ხელი. კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხოციელებულ აგრესიამდე რჩებოდა იმის შთაბეჭდილება, რომ ვლადიმერ პუტინი თავისი სამხედრო-პოლიტიკური თამაშების ზენიტში იმყოფებოდა, ჯერ კიდევ 2022 წლამდე ბევრი ექსპერტი რუსეთს ერთ-ერთ მნიშვნელოვან „გეოპოლიტიკურ ცენტრად“ განიხილავდა. აღნიშნულის მიზეზად რამდენიმე ფაქტორი შეგვიძლია დავასახელოთ, კერძოდ: 1. რუსეთი აშშ-სთან ერთად განიხილებოდა უძლიერეს ბირთვულ ძალად, რადგანაც აღიარებულია, რომ რუსეთი და აშშ ერთობლივად ფლობენ მსოფლიოში არსებული ბირთვული პოტენციალის 90%-ზე მეტს; 2. პუტინის მმართველობის დროს რუსეთმა მოახერხა სრული კონტროლის დამყარება ჩეჩნეთზე; 3. რუსეთი გახდა „დიდი რვიანის“ წევრი („დიდი შვიდეული“ გადაიქცა „დიდ რვიანად“); 4. რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სრული ოკუპაცია და აღნიშნულ ქმედებაში რუსეთს ხელი ვერავინ შეუშალა და რუსეთის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ ამოქმედებულა და პირიქით, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ბარაქ ობამას მეთაურობით 2009 წელს რუსეთს „გადატვირთვის პოლიტიკის“ ერთობლივად გატარება შესთავაზა; 5. ნავთობზე და გაზზე მაღალი ფასების არსებობისა და ევროპის ბაზარზე რუსეთის ენერგეტიკული რესურსების ექსპორტის ზრდამ რუსეთს არნახული ფინანსური მოგება მოუტანა. ევროპაში მარტო რუსული გაზის ექსპორტის შედეგად პუტინის რეჟიმის წლიური შემოსავალი 400 მილიარ ევროს აღემატებოიდა, ხოლო რუსეთის სავალუტო რეზერვებმა 643 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მეტიც, დასრულებულ იქნა რუსეთიდან გერმანიაში მიმავალი ორი გაზსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადი -1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ - ის მშენებლობა (თითოეული გაზსადენის გამტანუნარიანობა წელიწადში 50 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატებოდა); 6. რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ოკუპაციის დროს, რუსეთი უკრაინის აღნიშნულ რეგიონს შედარებით ადვილად დაეპატრონა, რამაც რუსეთის არმიის უძლეველობის შესახებ იმ დროს არსებული წარმოდგენები გაზარდა. ყირიმის დროებით ანექსიას დასავლეთის მხრიდან შედარებით მსუბუქი სანქციების შემოღება მოჰყვა, რითაც შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ დასავლური დემოკრატიული სამყარო რუსეთს დიდ ანგარიშს უწევდა; 7. რუსეთმა გარკვეულ წარმატებას (მისთვის) სირიაშიც მიაღწია. კერძოდ, სირიის კონფლიქტში ჩარევით, კრემლმა მოახერხა, რომ ბაშარ ასადს, რომლის ხელისუფლებიდან წასვლას დასავლეთი ითხოვდა, თანამდებობა შეუნარჩუნა. გარდა ამისა, რუსეთმა შექმნა იმის იმიტაცია, რომ სწორედ მისი აქტიური სამხედრო მოქმედებების შედეგად მოხერხდა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება სირიის ტერიტორიაზე; 8. რუსეთმა მოახერხა, რომ მოეპოვებინა თითქმის ექსკლუზიური უფლება (გარკვეულწილად გასათვალისწინებელია თურქეთის ფაქტორიც) ყოფილიყო შუამავალი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რისი ერთ-ერთი შედეგი გახლდათ ის ფაქტი, რომ რუსეთმა კონფლიქტის ზონაში 1980-მდე რუსი „სამშვიდობო“ განათავსა. 9. აღნიშნულის პარალელურად აშშ-მა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა 2021 წელს გაიყვანეს საკუთარი ჯარები ავღანეთიდან, რამაც საშუალება მისცა „თალიბანს“, რომელსაც დასავლეთი 2001 წლიდან ებრძოდა, კვლავ აღედგინა ავღანეთზე კონტროლი, რაც თითქოს დასავლეთის სისუსტედ და გარკვეულწილად რუსეთის გამარჯვებად განიხილებოდა; 10. რუსეთმა მოახერხა თავისი საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდა და გეოპოლიტიკური გავლენის განმტკიცება პოსტსაბჭოთა სივრცის (რომელსაც კრემლი ტრადიციულად საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს) ფარგლებს გარეთ, კერძოდ აფრიკაში - როდესაც რამდენჯერმე იქნა ჩატარებული რუსეთ-აფრიკის სამიტი, რომელშიც 20-ზე მეტი აფრიკული ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა, ასევე ლათინურ ამერიკაში, სადაც რუსეთის მოკავშირედ ვენესუელა განიხილება; 11. ბრიქსის (BRICS) (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) შექმნით რუსეთმა ლათინური ამერიკის, აზიის და აფრიკის წამყვან გეოპოლიტიკურ მოთამეშეებთან ერთად ჩამოაყალიბა ფაქტობრივად ანტიდასავლური ალიანსი; 12. 2022 წლის ომამდე რუსეთმა საკუთარი სამხედრო პოტენციალის დემონსტრირება მოახდინა. მაგალითად, პრეზიდენტი პუტინი ამაყობდა, რომ რუსეთმა წარმატებით გამოცადა ზებგერითი სარაკეტო სისტემა და რომ რუსეთი არის პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღი მიიღო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო
საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ადვილად
მოახერხებდა უკრაინის დაპყრობას. მაგალითად, აშშ-ის დაზვერვა რუსეთის უკრაინაში
შეჭრის დღეს, კიევის დაცემას რამდენიმე დღეში ვარაუდობდა. მაგრამ, ერთი წლის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ომის ხაფანგში აღმოჩნდა, რომელიც კატასტროფული შეცდომებით, არასწორად განვითარდა, თანაც, მძიმე სიტუაციიდან გამოსვლის სტრატეგიის გარეშე. ახალი
წლის დადგომამდე ცოტა ხნის ადრე, დასკვნითი პრეს-კონფერენციის გაუქმების ფონზე (რომელსაც ვლადიმერ პუტინი ტრადიციულად ყოველი წლის ბოლოს ატარებდა ხოლმე), შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი შეშფოთებულია ომის არაპოპულარობისა და გაჭიანურების გამო. უფრო მეტიც, არსებობს
მოსაზრება, რომ რუსეთის ლიდერი, შესაძლოა, განუკურნებლადაა დაავადებული და პოსტიდან წასვლას აპირებს. ასეა თუ ისე, 2022 წლის
24 თებერვალს განხორციელებულმა სამხედრო ავანტიურამ კრემლს ომიდან „ღირსეული“
გამოსვლისთვის არანაირი შანსი არ დაუტოვა და მისი გავლენა ბევრ სფეროში შემცირდა.
შესაბამისად, ვლადიმერ პუტინის მიერ გაჩაღებულმა ომმა თანამედროვე მსოფლიო რადიკალურად
შეცვალა. აღნიშნულიდან
გამომდინარე, შეგვიძლია განხილოთ, თუ რა საკითხები და პრობლემები წამოიჭრა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მსოფლიოში და რა ძირითადმა ფაქტორებმა განაპირობეს კარდინალური გეოპოლიტიკური,
გეოეკონომიკური და გეოსტრატეგიული ცვლილებები ჩვენს პლანეტაზე. კერძოდ:
ომის შედეგებიდან
გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენა მთელს მსოფლიოში
შემცირდა. ჯერ კიდევ 2022 წლამდე ბევრი ექსპერტი რუსეთს - ტერიტორიის ფართობით
(17,1 მილიონი კვადრატული კილომეტრი) მსოფლიოში პირველ სახელმწიფოს - ერთ-ერთ
მნიშვნელოვან „გეოპოლიტიკურ ცენტრად“ განიხილავდა. კერძოდ, არსებობდა მოსაზრება
მრავალპოლარული (მულტიპოლარული) მსოფლიოს შესახებ, სადაც რუსეთი აკონტროლებდა
უდიდეს გეოპოლიტიკურ სივრცეს, საუბარია პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რომელიც მსოფლიოს
სახმელეთო ნაწილის 1/6-ს შეადგენს. შესაბამისად, სხვადასხვა პოლიტოლოგი თუ
პოლიტიკური მოღვაწე თვლიდა, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში ატლანტიზმის
გამარჯვება „ცივ ომში“ გახლდათ დროებითი მოვლენა და 21-ე საუკუნის პირველ და მეორე
დეკადებში რუსეთის გაძლიერების შედეგად ევრაზიანიზმის აღზევებას ჰქონდა ადგილი.
თუმცა, დღევანდელ ეტაპზე, რუსეთის ეკონომიკური თუ სამხედრო დასუსტების შედეგად
შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის, როგორც ერთ-ერთ წამყვანი გეოპოლიტიკური ძალის
მნიშვნელობა საფუძვლიანად შეირყა.
აღნიშნულის
ნათელი მაგალითი გახლავთ ის, რომ რუსეთი კარგავს თავის გეოპოლიტიკურ გავლენას
პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, რომელსაც რუსეთი ოფიციალურად უწოდებდა “ახლო
საზღვარგარეთს”, ანუ საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენის სფეროს. აღნიშნულის
მაგალითებია ყაზახეთის მცდელობა გაატაროს საერთაშორისო ბაზარზე საკუთარ ტერიტორიაზე
მოპოვებული ნავთობი საქართველოს ტერიტორიის გავლით და შესაბამისად რუსეთის გვერდის
ავლით, თურქმენეთის სურვილი განახორციელოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში
კვლავ რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით, სომხეთში დაწყებული მოძრაობა, რათა
ქვეყანამ დატოვოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ხოლო ამავე
ქვეყნის ქალაქ გიუმრიში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა გავიდეს სომხეთის
ტერიტორიიდან. ასევე, აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს რუსეთის
კიდევ ერთი ე.წ. სტრატეგიული მოკავშირის - ტაჯიკეთის პრეზიდენტის პოზიცია რუსეთის
მიმართ, როდესაც ცენტრალური აზიის ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა
რუსეთი-ცენტრალური აზიის სამიტზე საჯაროდ მიმართა ვლადიმერ პუტინს და მისგან ტაჯიკეთის
და სხვა ქვეყნების მიმართ პატივისცემის დადასტურება მოითხოვა. გარდა ამისა,
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ქვეყნიდან რუსეთის მე-14 სამხედრო ბაზის
(დნესტრისპირეთშია დისლოცირებული) გასვლა მოითხოვა.
ასევე,
აუცილებელია აღინიშნოს, რომ რომ რუსეთი თანდათან კარგავს თავის გავლენას
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შუამავლისა და შესაბამისად მთიანი ყარაბაღის პრობლემის
მოგვარების საკითხში. კარგად არის
ცნობილი, რომ 2020 წლის ნოემბერში სწორედ რუსეთი მოგვევლინა სომხეთსა და
აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული კონფლიქტის მოგვარების მთავარ
„გარანტად“, როდესაც თითქოს რუსეთმა შეაჩერა საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში
და განათავსა საკუთარი „სამშვიდობო ძალები“ – 1980 სამხედრო პირის შემადგენლობით
კონფლიქტის - ძალთა დაშორიშორების ზონაში, თუმცა კარგად არის ცნობილი ის ფაქტი,
რომ 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში აზერბაიჯანმა (რუსეთის უკრაინის ომში ჩართვის
გათვალისწინებით) სამხედრო შეტევა განახორციელა რუსი „სამშვიდობოების“
პასუხისმგებლობის ზონაში და ლოჭინის დერეფნის მიმართულებით სტრატეგიული ტერიტორია
დაიკავა. გარდა ამისა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან შეხვედრისას,
ევროკავშირმა გამოხატა თავისი მზადყოფნა განათავსოს საკუთარი მეთვალყურეები
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.
უკრაინაში დაწყებული ომის
შედეგად შეიქმნა გეოპოლიტიკური დაპირისპირებისა და ცივი ომის საფრთხე არქტიკაში, რადგანაც ომმა გამოიწვია თანამშრომლობის დარღვევა რუსეთსა და არქტიკის რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც ემუქრება რეგიონის ეკოლოგიას და იქ მცხოვრებ ხალხებს. ასევე შეიძლება გამწვავდეს
დაპირისპირება არქტიკის რეგიონში მდებარე ნავთობისა და გაზის რესურსებზე,
მითუმეტეს რომ სხვადასხვა მონაცემების მიხედვით არქტიკის რეგიონში მდებარეობს მსოფლიოში
არსებული ნავთობისა და გაზის რესურსების 10%-ზე მეტი;
გარდა ამისა, რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა
განამტკიცა
ნატო,
როგორც ატლანტიზმის მთავარი სიმბოლო. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ერთიანი ფრონტით გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად, დღის წესრიგშია
ალიანსის გაფართოება იმ პირობებში, როდესაც ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში
გაწევრიანების საკითხი განიხილება. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შემცირდა გარკვეული
გეოპოლიტიკური თუ გეოსტრატეგიული ხასიათის უთანხმოებები ნატო-ს ამერიკელ და
ევროპელ მოკავშირეებს შორის.
საერთო
ჯამში, უკრაინასთან ომში რუსეთის დამარცხება შექმნის წინაპირობას, რომ მსოფლიოში
არსებული, პირველ რიგში კი პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტები გადაიჭრას
მშვიდობიანი გზით და კაცობრიობამ იცხოვროს ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში,
სადაც ომსა და კონფლიქტებს შეცვლის ერთა შორის მშვიდობიანი თანაარსებობა.
Comments
Post a Comment