საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჭიდილის მაგალითზე და შესაძლო გამოსავალი
- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჭიდილის მაგალითზე და შესაძლო გამოსავალი
ნიკა ჩიტაძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
პროფესორი
საერთაშორისო საკითხების კვლევითი ცენტრის დირექტორი
როგორც
საზოგადოებისათვის ცნობილია, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების
შემდეგ საქართველოში მორიგი პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა, რომლის ძირითადი მიზეზი როგორც
მოგეხსენებათ გახლავთ ის ფაქტი, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას
და სახელისუფლებო პარტიას, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შედეგების გაყალბებაში და ძალაუფლების
მითვისებაში დასდეს ბრალი. აღნიშნული მიმართულებით, საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება
გამოხატეს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა. შედარებით რბილი პოზიცია დააფიქსირეს ეუთოს დემოკრატიისა
და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა და ევროპის საბჭომ.
შედეგად,
ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს და საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში შესაბამისი რაოდენობის ადგილებს
იმსახურებენ, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს აცხადებენ.
როგორც
ცნობილია, საერთაშორისო საზოგადოება, კერძოდ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის
წარმომადგენლები, მაგ: ევროპის საბჭო და ევროკავშირი, ასევე სხვადასხვა ქვეყანა, მათი
დიპლომატიური მისიების მეშვეობით ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.
ვითარებას
ართულებს ის ფაქტი, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მცდელობის მიუხედავად,
რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო საკითხების მოგვარებისა და საერთო
ჯამში პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენაა მიმართული, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის მოლაპარაკებათა
პროცესში ჯერჯერობით რაიმე შეხების წერტილი არ არსებობს. ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე
კატეგორიულ უარს აცხადებს და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების
ჩატარებას მოითხოვს, ხოლო ხელისუფლება აცხადებს რომ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი
არ განიხილება.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, ჩნდება კითხვა, შეუდგება თუ არა მუშაობას საქართველოს მე-10 მოწვევის
პარლამენტი იმ პირობებში, თუ ის მხოლოდ 90 დეპუტატით, მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის
წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული? ეს საკითხიც მნიშვნელოვან სამართლებრივ და
პოლიტიკურ პრობლემებს უკავშირდება, კერძოდ, საქართველოს უზენაეს კანონში, ქვეყნის კონსტიტუციაში
აღნიშნულია შემდეგი: „ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა
იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს
მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე
უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის
უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის
პარლამენტს“.
შესაბამისად,
თუ წარმოვიდგენთ, რომ ოპოზიციური პარტიის სიით გასული ყველა დეპუტატობის კანდიდატი დაწერს
განცხადებას სადეპუტატო მანდატზე უარის თქმის შესახებ, ამ შემთხვევაში ოცნების პირობითად, 90 დეპუტატს უფლება აქვს სხდომა გახსნას, მაგრამ ცესკოს თავმჯდომარე ვეღარ წარადგენს ას დეპუტატს, ვისი უფლებამოსილების ცნობაც
უნდა მოხდეს. მოცემულ ვითარებაში არსებობს იმის
შესაბამისი ალბათობა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა პირველივე დღეს შეწყვიტოს თავისი არსებობა.
თუმცა, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი არ მოუხსნიან
დეპუტატის უფლებამოსილებას ოპოზიციური პარტიის წევრებს. ამ შემთხვევაშიც ერთი
მნიშვნელოვანი იურიდიული კაზუსი არსებობს, კერძოდ, კონსტიტუციაში პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით აღნიშნულია: „პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება
შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება
ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:
„პარლამენტს
მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ..........“. ანუ, კონსტიტუციაში არ გახლავთ მკაფიოდ
ჩამოყალიბებული, შეუწყდება თუ არა ავტომატურად დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტის
წევრს პირადი განცხადების საფუძველზე? აქვს თუ არა პარლამენტს უფლება არ შეუჩეროს სადეპუტატო
უფლებამოსილება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს? ექნება თუ არა მმართველ
პარტიას სამართლებრივი უფლება მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება - მაგ: პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების შეჩერება/არ შეჩერებასთან
დაკავშირებით, თუ მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი? ან
შეეძლებათ თუ არა მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებს შეუწყვიტონ ან არ შეუწყვიტონ სადეპუტატო
უფლებამოსილება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, როდესაც წინა მოწვევის პარლამენტის
უფლებამოსილება ჯერ არ არის შეწყვეტილი?
ზემოაღნიშნული
კრიზისული ვითარების არსებობის გათვალისწინებით, ალბათ აუცილებელია გაანალიზებულ
იქნეს, თუ რას იგებს და აგებს როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება შექმნილ ვითარებაში.
რას იგებს და აგებს ოპოზიცია პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში?
პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში ოპოზიციამ შეიძლება
მოიგოს შემდეგი:
ის უმტკიცებს როგორც საქართველოს მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი დარღვევებით, რის გამოც ოპოზიცია არ ცნობს ახლადარჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას;
გარდა ამისა, ოპოზიცია ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას უმტკიცებს თავის პრინციპულობას, რომ ის არის საკუთარი პოზიციის ერთგული და აღნიშნული პრინციპულობის გამო კონკრეტული პოლიტიკოსი უარს ამბობს საკუთარ პრივილეგიებზე, იყოს პარლამენტის წევრი და ამის გამო გააჩნდეს მაღალი თანამდებობრივი სტატუსი და ჰქონდეს მაღალი ანაზღაურება;
ასევე, მეათე მოწვევის პარლამენტი მხოლოდ „ქართული ოცნებით“ იქნება დაკომპლექტებული, რაც მმართველ პარტიას საპარლამენტო მუშაობის ფარგლებში გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის;
ოპოზიცია არ დაკარგავს საკუთარ მომხრეებს, რომელთა უმრავლესობას
ოპოზიციის წინაშე საკუთარი მოთხოვნები გააჩნია, რაც ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიების
პარლამენტში არ შესვლას უკავშირდება.
რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება წააგოს ოპოზიციამ, აღსანიშნავია
შემდეგი:
მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე აღინიშნა - პარლამენტი მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრებით იქნება დაკომპლექტებული, რაც მას საკანონმდებლო მიმართულებით მუშაობაში დისკომფორტს შეუქმნის, „ქართული ოცნება“ - ოპოზიციის კრიტიკის გარეშე შეძლებს უპრობლემოდ სხვადასხვა - მათ შორის ოპოზიციისთვის მიუღებელი კანონებისა და სხვა გადაწყვეტილებების მიღებას;
კოვიდ 19-თან დაკავშირებული ვითარების გათვალისწინებით,
ოპოზიციას შესაძლოა გაუჭირდეს პერმანენტული საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის დიდი
რაოდენობით საკუთარი მომხრეების მობილიზება;
ოპოზიცია მოკლებული იქნება შანსს, გამოიყენოს საპარლამენტო ტრიბუნა კონკრეტული კანონპროექტის განხილვის, სხვადასხვა რეზოლუციებისა თუ დადგენილების მიღების, ასევე მთავრობის წევრების პარლამენტში დაბარების და მათთვის მაგ: სამთავრობო საათის ფარგლებში შეკითხვების დასმის და სხვა პროცედურების განხორციელების მიმართულებით;
ოპოზიცია საკომიტეტო საქმიანობის ფარგლებში მოკლებული იქნება შესაძლებლობას, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია კონკრეტული კანონპროექტის განხილვის ფარგლებში;
დღევანდელი კანონმდებლობისა და ე.წ. „ჩამკეტი“ მექანიზმის
არსებობის გათვალისწინებით, სახელისუფლებო პარტია, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების
პირობებშიც (რასაც უკვე ჰქონდა ადგილი), პარლამენტში 90-ზე მეტი დეპუტატის გაყვანას
ვერ შეძლებს. შესაბამისად, პარლამენტში 60 ოპოზიციონერის ყოფნის შემთხვევაში, იქნებოდა
იმის შესაძლებლობა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის მსგავსად, როდესაც „ქართული ოცნება“
ათზე მეტმა დეპუტატმა დატოვა, მეათე მოწვევის პარლამენტშიც სახელისუფლებო პარტიიდან
ოპოზიციაში ცალკეული დეპუტატების გადასვლის შემთხვევაში, ძველ ოპოზიციურ პარტიებს ახალ
ოპოზიციონერებთან მაგ: მთავრობისადმი უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების და ა.შ. მიზნით,
ალიანსი გაეფორმებინათ. ანუ, პარლამენტში არ შესვლით ოპოზიციამ შესაძლოა დაკარგოს პოტენციური
მოკავშირეები - პარლამენტის დეპუტატები „ქართული ოცნების“ რიგებიდან;
და ბოლოს, სახელისუფლებო პარტიის დღევანდელი პოზიციის თანახმად, შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს იმ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხი, რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში ჩართვაზე უარს აცხადებენ.
გარდა ამისა, ოპოზიციის მოთხოვნა თამარ ჟვანიას და მთლიანად საარჩევნო
ადმინისტრაციის შესვლასთან დაკავშირებით ასევე გარკვეულ სიძნელეებს უკავშირდება.
კერძოდ, დღევანდელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, არ არსებობს იმის
გარანტია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ოპოზიციისათვის მისაღები, უფრო
„ნეიტრალური“ პირებით იყოს დაკომპლექტებული;
გარდა ამისა, საერთო ჯამში, საარჩევნო კომისია მთლიანობაში - როგორც
ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე დაახლოებით 22 ათასი თანამშრომლით იქნა დაკომპლექტებული.
ხოლო ამ ადამიანების სრული შეცვლა ძალიან დიდ დროს და მეტად რთულ შესარჩევ პროცედურებს
მოითხოვს.
რას იგებს და აგებს ხელისუფლება?
შეიძლება
ითქვას რამდენიმე ფაქტორის შესახებ, რომელთა ფარგლებშიც შეიძლება მოიგოს სახელისუფლებო
პარტიამ. კერძოდ, თუ მეათე მოწვევის პარლამენტმა მაინც დაიწყო ფუნქციონირება, „ქართულ
ოცნებას“ შეეძლება საპარლამენტო კომიტეტების ფარგლებში შეიმუშაოს შესაბამისი კანონპროექტები
და შემდგომში პლენარულ სხდომაზე გაიტანოს შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც მისთვის
იქნება მისაღები და შესაბამისად კონკრეტული კანონპროექტები კანონად ყოველგვარი პრობლემის
გარეშე გადაიქცევა, მითუმეტეს რომ გადაწყვეტილების მიღებას გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება;
მეათე
მოწვევის პარლამენტში მმართველი პარტია შეძლებს მომავალი წლების ბიუჯეტის დამტკიცებას;
სახელისუფლებო
პარტია შეძლებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურისა და მთავრობის დამტკიცებას;
ხელისუფლება
ექნება მონოპოლიური უფლება გამოიყენიოს საპარლამენტო ტრიბუნა თავის სასარგებლოდ.
რას
აგებს ხელისუფლება?
იმ ფატის გათვალისწინებით,
რომ საქართველოს კონსტიტუციის
42-ე მუხლის „პარლამენტის
საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები“ მე-2 პუნქტის მიხედვით,
„დროებით კომისიაში
ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე
ნაკლები“, ხელისუფლება მომავალი პარლამენტის ფარგლებში
ვერ შექმნის საგამოძიებო
კომისიას;
ქვეყნის უზენაესი
კანონის 47-ე მუხლში: „საერთაშორისო ხელშეკრულებები“
აღნიშნულია, რომ „პარლამენტი
სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას,
დენონსირებას და გაუქმებას. პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას ახორციელებს
სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით“.
შესაბამისად,
პარლამენტს შეექმნება პრობლემა განახორციელოს ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება,
რომელიც გახლავთ სამხედრო ხასიათის, მაგალითად თუ დღის წესრიგში დადგება (ღმერთმა ქნას) აშშ-ის სამხედრო
ბაზების საქართველოში განთავსების
საკითხი, ან ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორისო კავშირში საქართველოს შესვლას და ა.შ.
საქართველოს
კონსტიტუციის 77-ე მუხლის მიხედვით, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვის წესს უკავშირდება,
„კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული
შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი“. შესაბამისად, ხელისუფლება ვერ განახორციუელებს საკონსტიტუციო
ცვლილებებს.
კრიზისიდან
გამოსვლის შესაძლო გამოსავლის ძიებაში
ფაქტია, რომ
შექმნილი ვითარებისა და ასევე კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანა მეტად რთულ მდგომარეობაში იმყოფება. ბუნებრივია, რომ ერთის მხრივ უკეთესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ დებატებს ადგილი ჰქონდეთ შენობებში და არა ქუჩაში, მაგრამ რიგ
შემთხვევებში, კონკრეტული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი იძულებულია, რომ
ქვეყანაში შექმნილი სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება მშვიდობიანი აქციებით გააპროტესტოს.
რაც შეეხება
გამოსავალს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებათა პროცესის მიუხედავად,
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე საერთო შეხების წერტილები არ არსებობს,
აუცილებელია, რომ ორივე მხარემ, განსაკუთრებით კი ხელისუფლება დათმობების
მიმართულებით გარკვეული კონკრეტული კომპრომისული ნაბიჯები გადადგას. კერძოდ,
ოპოზიცია პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში უნდა დათანხმდეს, თუ ხელისუფლება
დათანხმდება, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, წმინდა პროპორციული წესით (ანუ 150-ვე პარლამენტის წევრი არჩეულ იქნეს
პროპორციულად, შესაბამისად, 30 მაჟორიტარული ოლქი უნდა გაუქმდეს) და 1%-იანი
საარჩევნო ბარიერის პირობებში 2024 წლის ნაცვლად გაიმართოს
2022 წელს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომავალი
საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ელექტრონული
მეთოდით (ესტონური მოდელი), რაც გამორიცხავს ბიულეტენების დათვლის დროს შეცდომების
დაშვების, ასევე ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების (მაგ: საარჩევნო
უბნებზე „ოცნების“ მხარდამჭერი აქტივისტების მობილიზებას) და დარღვევის სხვა
შესაძლო მეთოდების (მაგ: „საარჩევნო კარუსელების“) გამოყენების შესაძლებლობას.
გარდა ამისა,
არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარების პირობებში, საარჩევნო უფლებების მქონე
საქართველოს უფრო მეტ მოქალაქეს ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების
შესაძლებლობა. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში
მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის (საარჩევნო უფლების მქონე) 56%-მა. ერთ-ერთი
ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობის 44%-მა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო
გახლავთ ის, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისათვის (მათი
რიცხვი კი მილიონს აღემატება) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მხოლოდ 38 საარჩევნო
უბანი იყო გახსნილი. გარდა ამისა, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების
მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის (რეგისტრაციის
მისამართი) ფარგლებს გარეთ. მაგალითად, რეგიონში მაცხოვრებელი ბევრი მოქალაქე
სამუშაოს საძიებლად ჩამოსულია თბილისში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში და ა.შ.
შესაბამისად, ბევრმა ადამიანმა ვერ შეძლო მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ფიზიკურად
რეგიონში გამგზავრება და თავისი საცხოვრებელი ადგილიდან ხმის მიცემა.
რა თქმა უნდა
ყველა ზემოაღნიშნულ ცვლილებას რიგი საკონსტიტუციო შესწორებები სჭირდება, ამისათვის
კი მეათე მოწვევის პარლამენტი 150-ვე წევრით უნდა იყოს დაკომპლექტებული, რომ
წევრთა მინიმუმ 2/3-მა საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭიროს მხარი. ამ შეთხვევაში კი
ოპოზიციას შესაძლოა დამატებითი მოტივაცია მიეცეს შევიდეს პარლამენტში და
საქართველოსთვის და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისათვის მნიშვნელოვან
ცვლილებებს დაუჭიროს მხარი.
Comments
Post a Comment