ნიკა
ჩიტაძე
შავი
ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი
შავი
ზღვის რეგიონის საერთაშორისო სწავლების ცენტრის დირექტორი
აბსტრაქტი
სტატიაში გაანალიზებულია
გლობალურ
დონეზე ძალადობის გამომწვევი ისეთი ძირითადი მიზეზები, როგორებიცაა: მსოფლიოში
დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემები, ტერორიზმი, კონფლიქტებისა და არშემდგარი სახელმწიფოების არსებობა მსოფლიოს
პოლიტიკურ რუკაზე, ჩრდილოეთ-სამხრეთის დაპირისპირება, ტრეფიკინგი, კორუფცია და
ა.შ.
ნაშრომის მეორე ნაწილში განხილულია
ძალადობასთან ბრძოლის ფარგლებში არსებული
საერთაშორისო თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, კერძოდ, წარმოდგენილია ის
საერთაშორისო კონვენციები, რომლებიც საერთაშორისო კრიმინალთან ბრძოლისკენაა
მიმართული და უკავშირდება, ტერორიზმის, კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის და
ა.შ. წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.
ძირითადი
სიტყვები:
ძალადობა, კორუფცია,
კონფლიქტები, ტრეფიკინგი, საერთაშორისო კონვენციები
შესავალი
XX საუკუნის მეორე
ნახევრიდან, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი, კულტურული და სხვ. მიმართულებით
გლობალური პროცესების განვითარებასთან ერთად, ორგანიზებულმა დანაშაულმა უფრო მეტი საერთაშორისო
მნიშვნელობა შეიძინა. სხვადასხვა სპეციალისტთა მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით,
გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან, ორგანიზებული დანაშაულის მასშტაბები
ყოველწლიურად 5%-ით იზრდებოდა (Лебедева, М. 2007. Стр.197).
ძალადობასა და სხვა
უკანონი ქმედებებზე დამყარებული საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაული (სოდ) სხვადასხვა
სახით არის წარმოდგენილი, ამიტომაც ისეთ მნიშვნელოვან ტერმინეზე, როგორებიც გახლავთ
ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული და სხვ. ერთი საერთო ტერმინი არ არსებობს. თუმცა,
ძალადობრივ და დანაშაულებრივ ჯგუფებს გაკვეული საერთო მახასიათებლებიც გააჩნიათ, კერძოდ:
იერარქიის არსებობა ორგანიზაციის სტრუქტურებში, როლების განაწილება, ჯგუფის წევრთა
დანაშაულებრივ საქმიანობაში მუდმივი ჩართულობა. რიგ შემთხვევებში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები არა მარტო უკანონო,
არამედ ნაწილობრივ კანონიერ ბიზნესშიც არიან ჩართულნი.
ორგანიზებულ კრიმინალურ
დაჯგუფებებს კოლოსალური შემოსავალი გააჩნიათ. ჯერ კიდევ 1999 წელს, ჟურნალ "ეკონომისტის"
მიერ წარმოდგენილ სტატიაში წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით , ე.წ.
"ბინძური ფულის" მსოფლიოში ყოველწლიურად ბრუნვა 500 მილიარდიდან ტრილიონ
500 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც მსოფლიოს მშპ-ის დაახლოებით 5%-ს შეადგენდა (Лебедева, М. 2007. Стр.198).
გლობალურ დონეზე ძალადობის
გამომწვევი ძირითადი მიზეზები
ძირითად ფაქტორებს შორის, რომელიც
ძალადობის დამკვიდრებას უწყობს ხელს, განსაკუთრებული ყურადღება შემდეგ ნეგატიურ
მიზეზებზე უნდა გამახვილდეს, კერძოდ:
მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში დემოკრატიის არარსებობა.
მსოფლიოში
დემოკრატიული სახელმწიფოების რიცხვის ზრდის მიუხედავად, კერძოდ, ,,Freedom
House”-ის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში
არსებობს 58 ნაწილობრივ თავისუფალი და 47 არათავისუფალი სახელმწიფო - ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმებით.
ამავე დროს, მაგალითად,
თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოს ყველაზე დასახლებულ ნაწილს, აზიას, სადაც
მოსახლეობის რაოდენობა 2014 წელს დაახლოებით 4 მილიარდ 384 მილიონი ადამიანს
შეადგენდა, 2.5 მილიარდზე კაცზე, შესაბამისად აზიის მოსახლეობის 50%-ზე მეტი,
ცხოვრობს ავტორიტარულ ან ნახევრად(ნაწილობრივ)-ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. ამ
შემთხვევაში ძალადობის მთავარ სუბიექტებად პირველ რიგში შესაძლებელია შესასამისი
სახელმწიფო ინსტიტუტები მოგვევლინონ (Freedom House, 2014).
კონფლიქტები. იმ
ფაქტის მიუხედავად, რომ „ცივი ომის“ შემდგომ პერიოდში, რამდენიმე კონფლიქტი იქნა
მოგვარებული, მაგალითად, მოლაპარაკებების გზით შესაძლებელი გახდა სამხრეთ-დასავლეთ
აზიაში(კამბოჯა), აფრიკაში (ნამიბია, ანგოლა), ლათინურ ამერიკაში (ნიკარაგუა,
სალვადორის რესპუბლიკა) და ა.შ არსებული კონფლიქტების მოგვარება, XXI საუკუნის
დასაწყისში არსებული რეგიონალური და ადგილობრივი კონფლიქტები კვლავ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და დემოკრატიზაციას. შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ კონფლიქტის ბუნების გაგების გარეშე, შეუძლებელია სრულად
გვესმოდეს, როგორ იქნება შესაძლებელი ძალადობის თავიდან აცილება და გლობალურ
დონეზე ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების
დაცვის უზრუნველყოფა.
კონფლიქტების კვლევის
სფეროში ერთ-ერთი ავტორიტეტული ინსტიტუტის, ჰაიდელბერგის კონფლიქტების შესწავლის ცენტრის (გერმანია)
მონაცემებით, 2013 წელს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში კონფლიქტების საერთო
რაოდენობამ 414-ს მიაღწია (Conflict
Barometer, 2013).
ორი მსოფლიო ომი, დაახლოებით 200 ომი, ადგილობრივი
შეიარაღებული კონფლიქტები, ტერორი, შეიარაღებული ბრძოლა ძალაუფლებისთვის,
კონფლიქტების ყველა აღნიშნულმა ტიპმა, წინა საუკუნეში დაახლოებით 300 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
(A.
Antsupov. A. Shipolov. 2008. p.11).
კონფლიქტების შედეგად, XXI საუკუნის დასაწყისში 5.8
მილიონი ადამიანი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი საკუთარი ქვეყნის
ფარგლებში, 14.8 მილიონმა ადამიანმა კი
საკუთარი სამშობლო დატოვა და ლტოლვილად გადაიქცა. (United Nations. 2004. P. 253).
ტერორიზმი. ტერორიზმის, როგორც შედარებით იშვიათი დისტანციური
საფრთხის შესახებ არსებული შეხედულება რადიკალურად შეიცვალა 2001 წლის 11
სექტემბერის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. ნიუ-ირკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრში,
პენტაგონსა და პენსილვანიაში
განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა საერთაშორისო თანამეგობრობა აიძულა
ახლებურად გაეანალიზებინა ტერორიზმის საფრთხე და გაეკეთებინა შესაბამისი დასკვნა,
კერძოდ: ტერორისტულ ორგანიზაციებს გააჩნიათ სათანადო რესურსები განახორციელონ
ტერორისტული აქტები მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის შესაბამისის
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
2001
წლის 11 სექტემბრის მოვლენები გახდა გარდამტეხი ეტაპი მთელი საერთაშორისო
საზოგადოებისათვის, რათა ყურადღება გამახვილებულ
ყოფილიყო როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე.
როგორც 21-ე საუკუნის პირველ ნახევარში განვითარებული
მოვლენები ცხადყოფს, ტერორიზმი ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვან ძალადობად
ითვლება.
2008 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტული
ორგანიზაციების სიაში 44 გაერთიანება შეიყვანა (Joshua S. Goldstein. Jon C.
Pevehouse. 2010. P. 207).
დღევანდელ ეტაპზე, ისეთი ტერორისტული დაჯგეფებები,
როგორებიც გახლავთ „ბოკო ჰარამი“, „ტამილელი ვეფხვები“, „ალ-ქაიდა“, „ჰეზბოლა“,
„ჰამაზი“, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წამყვანი ზე-სახელმწიფოების საგარეო
პოლიტიკის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
დღევანდელ ეტაპზე, ტერორისტული საქმიანობის
ფარგლებში მთავარ საფრთხეს კვლავ ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ წარმოადგენს. აღნიშნული
სისხლიანი ფორმირების საქმიანობა ტერორიზმის ახალ გამოვლინებად შეიძლება
ჩაითვალოს, როდესაც ტერორისტული დაჯგუფება ორ ქვეყანაში მნიშვნელოვან, მათ შორის
სირიასა და ერაყში ნავთობის საბადოების მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებდნენ. 2014
წლის აგვისტოს მონაცემებით, რომელიც ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ წარმოადგინა,
ორივე ქვეყანაში მებრძოლთა რაოდენობა 20
ათასიდან და 31 500 -მდე მერყეობდა (Sciutto, Crawford, Carter, CNN, 2014).
საჭიროა
ავღნიშნოთ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ისეთი სახელმწიფოების არსებობის შესახებ, რომლებიც
აფინანსებენ და მხარს უჭერენ სხვადასხვა ტერორისტულ ჯგუფებსა და არალეგალურ
შეიარაღებულ ფორმირებებს მსოფლიოს
სხვადასხვა რეგიონში. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ პოლიტიკას „სახელმწიფო
ტერორიზმის“ პოლიტიკა ეწოდება და იგი დაგმობილია გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის 1984 წლის 39/159 რეზოლუციით (United Nations, 1984).
არშემდგარი სახელმწიფოების არსებობა მსოფლიო
პოლიტიკურ რუკაზე. არშემდგარობის სახელმწიფოების რაოდენობის
მკვეთრი ზრდა გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს იმ ფაქტის გამო, რომ აღნიშნულ
ქვეყნებში შიდა კონფლიქტების გაღვივების მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, რასაც
საბოლოო ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში უკანონო იმიგრაციის და კრიმინალური
ქმედებების ზრდისკენ მივყევართ.
სახელმწიფოთა წარუმატებლობისა და სამოქალაქო
დეგრადაციის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ზოგადად, ამ გლობალური საფრთხის ფარგლებში
ჩატარებული კვლევის შედეგები შემდეგ ფაქტორებზე მიუთითებს:
- არშემდგარი სახელმწიფოს
ნათელი ინდიკატორია სიღარიბე, რომელიც კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის სხვადასხვა
ფენებში შემოსავლების მნიშვნელოვან განსხვავებეზე მიუთიტებს;
- სუსტი ქვეყნები, მეტწილად დაუცველნი არიან შიდა
აჯანყებებისგან, რადგანაც ისინი იმართებიან ისეთი ხელისუფლებების მიერ, რომლებიც ღრმა
კორუფციაში და სხვა უკანონო საქმიანობაში არიან ჩართულნი, ბუნებრივია იწვევს
მოსახლეობის უდიდესი ნაწილის უკმაყოფილებას;
- დემოკრატია, გასანკუთრებით კი ძლიერი მთავრობის მართვის ქვეშ, ზოგადად
ამცირებს სახელმწიფოს წარუმატებლობის რისკს. ავტოკრატია
კი პირიქით, ქმნის წინაპირობებს სახელმწიფო ინსტიტუციების დასუსტების
მიმართულებით. შესაბამისად, არშემდგარი სახელმწიფოებრიობა სწორედ ავტოკრატიული
რეჟიმის მქონე ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი;
- არშემდგარ სახელმწიფოებში არსებული შიდა
არეულობების შედეგად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება იძულებით
გადაადგილებული პირი, ან ლტოლვილი, ხოლო სახელისუფლებო სტრუქტურებს არ გააჩნიათ
შესაბამისი რესურსები აღნიშნული ადამიანების მატერიალური დაკმაყოფილებისათვის;
- მთავრობები, რომლებსაც არ აქვს საკმარისი სურვილი
ან რესურსები ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფისთვს, განსაკუთრებით
მიდრეკილნი არიან არშემდგარობისკენ;
- იმ ქვეყენბში, სადაც ხელისუფლება მკვეთრად ზღუდავს
ეროვნულ თუ რელიგიურ თავისუფლებებს, ქმნის წინაპირობას ეთნიკური თუ რელიგიური
დაპირისპირების მიმართულებით.
სამხედრო ხარჯები – „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, მსოფლიო სამხედრო ხარჯები 1990-იანი წლების განმავლობაში საერთო ჯამში დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდა, თუმცა ახალმა რეალობებმა (მაგ: ომი ტერირიზმის წინააღმდეგ და ა.შ.) კვლავ შექმნა იმის წინაპირობა, რომ სამხედრო ხარჯები 21-ე საუკუნის პირველ დეკადაში კვლავ გაზრდილიყო. აღნიშნულ პერიოდში, მსოფლიო სამხედრო ხარჯების მოცულობა წელიწადში 1 ტრილიონ დოლარს აღემატებოდა. კერძოდ, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი
ინსტიტუტის მონაცემებით 2016 წელს მსოფლიოში სამხედრო
ხარჯებმა 1.7 ტრილიონი
დოლარი შეადგინა,
მსოფლიოს ეკონომიკის 2.2%[1] (forbes.ge. 2017).
შესაბამისად,
შიდა თუ სახელმწიფოთაშორისო კონფლიქტების
არსებობის, აგრეთვე სამშვიდობო ოპერაციებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობების
გათვალისწინებით, თავდაცვის საკითხებზე უზარმზარი თანხა გამოიყოფა, შესაბამისად,
მნიშვნელოვანი ფულადი რესურსები აკლდება იმ პროექტებს, რომლებიც დემოკრატიისა და
ადამიანთა უფლებების საკითხებთან იქნებოდა დაკავშირებული.
სიღარიბე - XXI საუკუნის დასაწყისში, მსოფლიო მოსახლეობის
დაახლოებით ნახევრის შემოსავალი დღეში $2-ზე ნაკლებია, ხოლო მსოფლიო მოსახლეობის
დაახლოებით ერთ მესამედს არ გააჩნია სათანადო წვდომა სუფთა წყალზე (UN, 2005);
ჩრდილოეთ
- სამხრეთის დაპირისპირება - დღეს,
განვითარებად მსოფლიოში (გლობალური სამხრეთი) ცხოვრობს მსოფლიო მოსახლეობის დაახლ.
80%, თუმცა განვითარებად ქვეყნებზე მოდის მსოფლიო მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი)
40%-ზე ნაკლები. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს მოსახლეობა
ყოველწლიურად დაახლ. 80-85 მილიონი ადამიანით იზრდება, და ამ მაჩვენებლის 90%
გლობალური სამხრეთის ქვეყნებზე მოდის, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გლობალური
ჩრდილოეთის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი ყოველწლიურად თანდათან მცირდება.
ამ ფაქტორმა შეიძლება გავლენა მოახდინოს გლობალური სამხრეთიდან გლობალური
ჩრდილოეთისკენ არალეგალური მიგრაციისა და გლობალურ დონეზე უმუშევრობის ზრდაზე. უფრო
მეტიც, გლობალური სამხრეთის ქვეყნებში, სადაც მაღალია მოსახლეობის კვლავწარმოების
დონე, სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურაში სჭარბობს ახალგაზრდა მოსახლეობა, რაც თავის
მხრივ ზრდის ძალადობის საშიშროებას, რადგან დაუსაქმებელი ახალგაზრდების დიდ ნაწილს
უფრო მეტი მიდრეკილება გააჩნია დაქირავებულის სახით ჩაერთოს სხვადასხვა ტიპის
სამხედრო ქმედებებში და ა.შ. (Kegkey, Blanton. 2010-2011)
გენდერული
უთანასწორობა. მიუხედავად ბოლო
რამდენიმე ათწლეულს განმავლობაში მილიონობით ქალის ყოველდღიური ყოფა შედარებით გაუმჯობესდა, ასევე 1979 წელს
მიღებულ იქნა საერთაშორისო კონვენცია ქალთა უფლებების დაცვის შესახებ, ხოლო 1999 წელს აღნიშნულ დოკუმენტთან
დაკავშირებით გენდერული თანასწორობის აუცილებლობის ფარგლებში მიღებული იქნა დამატებითი
ოქმი, ქალები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მამაკაცებთან შედარებით უუფლებო
მდგომარეობაში იმყოფებიან. უთანასწორობა კაცებსა და ქალებს შორის განსაკუთრებით
განათლების მიღების და სოციალურ სფეროებში არსებობს. გლობალური სამხრეთის ბევრ
ქვეყანაში წერა-კითხვის უცოდინართა რიცხვი ქალებს შორის გაცილებით უფრო მაღალია.
გარდა ამისა, გაცილებით უფრო დაბალია სხვადასხვა ქვეყნის კერძო თუ საჯარო სექტორში
ქალთა შრომის ანაზღაურება. შემდეგი პრობლემა ქალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას
და პოლიტიკური თანამდებობების დაკავების საკითხს უკავშირდება. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ძლიერი დემოკრატიული
ინსტიტუციები ფუნქციონირებს, გენდერული
თანასწორობა პარლამენტის წარმომადგენლობაში რეალიზაციისგან ჯერ კიდევ ძალიან
შორსაა. 2008 წელს ქალები წარმოადგენდნენ მსოფლიო პარლამენტარების 18%-ს. 1900
წლიდან მოყოლებული დღემდე, მსოფლიო ქვეყნების მხოლოდ 15%-ს ჰყოლია ერთი ან მეტი
ქალი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე, ხოლო დღევანდელ ეტაპზე - ქალთა მხოლოდ 14.5%-ის
წარმოდგენილი მინისტრის თანამდებობაზე (Kegley,
Blanton. 2010-2011).
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალთა 20 პროცენტს
ბავშვობაში გამხდარა ბავშვთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი (UNHCR
2008); ხოლო საერთაშორისო შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, “700 000-დან 2 მილიონამდე ქალი და ბავშვი
ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი“ (Kegley, Blanton. 2010-2011).
მონობა და ადამიანებით ვაჭრობა. ადამიანის
უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი
დარღვევა, რომელშიც როგორც ქალები, განსაკუთრებით დაუცველნი არიან, გახლავთ
ადამიანებით ვაჭრობა. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 2011 წლის
მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს 700 000 - დან 4 მილიონამდე ადამიანი იყიდება. აღნიშნული
არაადამიანური ქმედებების მსხვერპლნი ასრულებენ როგორც მეძავის, ასევე მოსამსახურის
ფუნქციას, ან მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციებში კონკრეტული
შეიარაღბული ფორმირების სასარგებლოდ. ადამიანებით ვაჭრობა, ნარკოტიკებით და
იარაღით ვაჭრობის შემდეგ, სიდიდით მესამე უკანონო ბიზნესია, რომლის წლიური ბრუნვა,
დაახლოებით $12-დან $17 მილიარდს შეადგენს (Kegley,
Blanton. 2010-2011).
ნარკოტიკებით
ვაჭრობის საერთაშორისო მასშტაბები.
ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა იმ გლობალურ შავ ბაზარს
წარმოადგენს, რომელიც უკანონო ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპიული ნივთიერებების წარმოების, ტრანსპორტირების, განაწილების, შეფუთვისა და გაყიდვისგან შედგება. ნარკოტიკებით ვაჭრობას ჩვეულებრივ სხვა სახის სასტიკი
და დანაშაულებრივ ქმედებები მოჰყვება, კერძოდ: ნარკოტიკთან დაკავშირებული
ასობით მკვლელობა, გატაცება და სხვა ძალადობრივი დანაშაული.
უკანონო ნარკოვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან
არალეგალურ აქტივობას წამოადგენს, რომლის მოცულობა $350 მილიარდს აღემატება.
გაეროს კვლევების მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი
(მსოფლიო მოსახლეობის 15-64 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის 4.8%) არალეგალურად მოიხმარს
ნარკოტიკს, აქედან 25 მილიონი კაცი კლასიფიცირებულია როგორც პრობლემური
მომხარებელი (0.6%) (Kegley, Blanton. 2010-2011).
უკანონო მიგრაცია და პოლიტიკური
ექსტრემიზმი - ბოლო
ათწლეულების განმავლობაში, საერთაშორისო მიგრაციებმა გლობალური ხასიათი შეიძინა და
მის წინააღმდეგ ბრძოლა საყოველთაო ძალისხმევას მოითხოვს. ამჟამად საერთაშორისო
მიგრანტთა მიზიდვის სამი მთავარი ცენტრია გამოკვეთილი: დასავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ
ამერიკა და ნავთობმომპოვებელი არაბული სახელმწიფოები.
იმიგრანტები სერიოზულ პრობლემას ქმნიან პრაქტიკულად
ყველა ქვეყანაში, სადაც მათი რაოდენობა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია. რასობრივი და
კულტურულ-რელიგიური განსხვავება უკვე თავისთავად ართულებს ადაპტაციას, ხოლო
ენობრივი ბარიერი, განათლების და კვალიფიკაციის დაბალი დონე და ცხოვრების
განსხვავებული სტილი ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს. ზოგჯერ იმიგრანტებს კონკურენტად
მიიჩნევენ შრომის ბაზარზე, გაცილებით ხშირად კი ისინი მაწანწალებისა და
კრიმინალების რიგებს ავსებენ. მაგალითად, 2011 წლის მონაცემებით აშშ-მექსიკის
საზღვარს ყოველრღიურად კვეთდა 3 ათასი არალეგალური მიგრანტი (დავითაშვილი,
ელიზბარაშვილი, 2012). მიგრანტებთან ერთად, 2007 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით
12,1 მილიონი ლტოლვილი და 34 მილიონი დევნილი აღირიცხა. ლტოლვილთა მიმღებ ქვეყნებს
შორის მაჩვენებლებით აშშ (2,6 მილიონი ლტოლვილი), გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია
და ზოგიერთი სხვა ევროპული ქვეყანა გამოირჩევა (დავითაშვილი, ელიზბარაშვილი,
2012).
ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა გამოაცოცხლა დასავლეთ
ევროპისთვის თითქმის უკვე მივიწყებული ეთნიკური რადიკალური ნაციონალიზმი და
გააძლიერა ქსენოფობია. სულ უფრო იზრდება ინდივიდუალური ტერორიზმის (გავიხსენოთ
ბრეივიკის შემთხვევა ნორვეგიაში) შემთხვევები, გარდა ამისა, ევროპაში მკვეთრად გაიზარდა
ულტრამემარჯვენე პარტიების რეიტინგი. მაგ: გავიხსენოთ საფრანგეთის „ეროვნული
ფრონტის“ ლიდერის, მარი ლე პენის გასვლა ამავე ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების
მეორე ტურში და ა.შ.
კორუფცია. აღნიშნული
პრობლემა საკმაოდ
მწვავედ დგას
ყველა ქვეყნის
წინაშე, მათ
შორის, იმ
ქვეყნებისა, რომლებიც,
როგორც წესი,
დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სოციალური
კეთილდღეობის ქვეყნებად
ითვლება (საკმარისია გავიხსენოთ გახმაურებული პოლიტიკური სკანდალები და სასამართლო პროცესები რეზიდენტებზე, მთავრობათა მეთაურებზე, მინისტრებზე იტალიაში,
იაპონიაში, სამხრეთ
კორეაში, ისრაელში).
როგორც ცნობილია
(თუნდაც მასობრივი
ინფორმაციის საშუალებით), ეს პრობლემა
განსაკუთრებით სიცოცხლის
უნარიანია თანამედროვე რუსეთში. მსოფლიო
ბანკის მონაცემებით, მსოფლიოში სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებზე ყოველწლიურად ტრილიონ
დოლარზე მეტი იხარჯება (მსოფლიო ბანკი, 2017).
განათლების პრობლემა: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების
სისუსტის და ძალადობისკენ მიდრეკილოების ერთ-ერთ
მიზეზს საგანმანათლებლო ფაქტორი წარმოადგენს.
განათლების სფეროში ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში მიღწეული პროგრესის
მიუხედევად, XXI საუკუნის
დასაწყისში 115 მილიონზე მეტ ბავშვს - მათ შორის ამ რაოდენობის თითქმის 56%-ს განვითარებად
ქვეყნებში მაცხოვრებელი გოგოები წარმოადგენენ - არ ჰქონდა დაწყებითი განათლების
მიღების შესაძლებლობა, ხოლო ბევრი მათგანი,
იძულებული გახდა მიეტოვებინა სწავლა სიღარიბის, ოჯახური ან სოციალური ზეწოლის
გამო. (UN, 2005. P.
184). წიგნიერების
ზრდის სფეროში საერთაშორისო ძალისხმევის მიუხედავად, 21-ე საუკუნის დასაწყისში 862
მილიონი ზრდასრული ადამიანი (აქედან ორი მესამედი იყო ქალი), გახლდათ წერა-კითხვის
უცოდინარი.
დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო - სამართლებრივი
ასპექტები
გლობალური ხასიათის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობამ
სხვადასხვა ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა განაპირობა. აღნიშნულ
საკითხზე რიგ შემთხვევებში კოორდინირებულმა ქმედებებმა ხანგრძლივი პერიოდი გაიარა,
რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა სფეროებში საერთაშორისო კონვენციების მიღებას
ითვალისწინებდა. გარდა ამისა, აქტუალურ თემას სისხლის სამართლის დამნაშავეების
გადაცემისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრის
საკითხები წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გაეროს
ფარგლებში მიღებული სხვადასხვა კონვენციის ანალიზი, მათ შორის „მონობის წინააღმდეგ“
1956 წელს მიღებული ჟენევის კონვენცია; „გენოციდის ყველა ფორმის აკრძალვის შესახებ“
1948 წელს მიღებული კონვენცია; 1963 წლის კონვენცია „რასობრივი დისკრიმინაციის
ყველა ფორმის შესახებ“; „აპარტეიდის პოლიტიკის წინააღმდეგ“ 1973 წლის კონვენცია; „წამების
და სხვა არაადამიანური მოპყრობის შესახებ“ 1984 წლის კონვენცია; 1988 წელს მიღებული
„კონვენცია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შესახებ“; 1937 წლის კონვენცია „ტერორიზმის
გაფრთხილების შესახებ“ და ა.შ. (ცქვიტაია, 2016).
დანაშაულობის გლობალური პრობლემების განხილვა საერთაშორისო აქტებში
პრევენციული ზომების
ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. ძირითადად,
ისინი ერთმანეთისაგან
დანაშაულობის ფორმების
მიხედვით განსხვავდება. უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომების რიცხვს
განეკუთვნება: საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდები. საერთაშორისო სამართლებრივ აქტებში
ეს ზომები
ასახულია ისეთ შესაბამის კონვენციებში, როგორებიცაა: ევროპის საბჭოს
1977 წლის კონვენცია
“ტერორიზმთან ბრძოლის
შესახებ”; 1970 წლის
კონვენცია “საჰაერო
ხომალდების უკანონო
შეპყრობასთან ბრძოლის
შესახებ”; 1971 წლის
კონვენცია “სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ
არაკანონიერ აქტებთან
ბრძოლის შესახებ”;
კონვენცია “დანაშაულობის პრევენციისა და
დასჯის შესახებ
საერთაშორისო დაცვით
მოსარგებლე პირთა
წინააღმდეგ, მათ
შორის დიპლომატიურ აგენტებთან მიმართებით”; 1973 წლის
საერთაშორისო კონვენცია „მძევლების შეპყრობის
წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“; 1980 წლის კონვენცია „ბირთვული მასალის
ფიზიკური დაცვის
შესახებ“; 1994 წლის
გაეროს გენერალური ასამბლეის „დეკლარაცია საერთაშორისო ტერორიზმის ლიკვიდაციის ზომების შესახებ“;
1999 წელს მიღებული „საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
1999 წლის
„ტერორიზმთან, სეპარატიზმთან და
ექსტრემიზმთან ბრძოლის
2001 წლის კონვენცია“[2]
(UN, 2017).
ზემოაღნიშნული კონვენციები განსაზღვრავენ ტერორიზმის ნიშნებს,
ამასთანავე, ზემოაღნიშნულ
დოკუმენტებში განსაზღვრულია ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე
სახელმწიფოსთვის ტერორისტების გაცემის წესები
და პროცედურები. უნდა აღინიშნოს,
რომ კონვენციებმა დადებითი გავლენა
მოახდინა ტერორიზმთან ბრძოლის სამართლებრივი ბაზის შექმნაზე
საქართველოში, ვინაიდან
საქართველოს სისხლის
სამართალში ტერორისტული ორგანიზაციების და
ტერორისტული აქტების
დაფინანსების სხვადასხვა ფორმის მიმართ
სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობის ნორმები იქნა შემოღებული.
უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ზომებს
უკავშირდება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის ზომები.
ამ საკითხის
მარეგლამენტერებელ საერთაშორისო აქტებს განეკუთვნება: “1961 წელს მიღებული „ერთიანი
კონვენცია ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“,
(1972 წლის პროტოკოლით შეტანილი შესაბამისი შესწორებებით); 1971
წელს მიღებული კონვენცია „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“; გაეროს 1988 წელს მიღებული
კონვენცია „ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტრიოპული ნივთიერებების უკანონო
ბრუნვის შესახებ“. ზემოაღნიშნული კონვენციების ძირითადი დებულებები ორგანულად შევიდა
მსოფლიოს მრავალი
ქვეყნის კანონმდებლობაში და ეს
საკითხი მეცნიერთა
მრავალ ნაშრომშია
ასახული (Колосов. 1999).
მონებით, ქალებით და ბავშვებით ვაჭრობა.
ამ პრობლემის
აქტუალობაზე მეტყველებს თუნდაც ის
ფაქტი, რომ
ამ ბოლო
10 წლის განმავლობაში კრიმინოლოგები სულ
უფრო ხშირად
იყენებენ კომპლექსურ მიდგომას და
ცდილობენ ღრმად
გაანალიზონ ქალებით
და ბავშვებით
ვაჭრობის დეტერმინაცია. მე-XX საუკუნეში მიღებული
იქნა 15-ზე
მეტი კონვენცია,
დეკლარაცია და
რეზოლუცია, რომლებიც
ადამიანით ვაჭრობისთვის წინააღმდეგობის გაწევის
სხვადასხვა ზომებს ითვალისწინებენ (ცქვიტაია,
2016).
რაც შეეხება კორუფციას, საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს, გამონახოს ამ
ბოროტებასთან ბრძოლის
სამართლებრივი საშუალებები. ამ მიმართულებით გამოქვეყნებულია მრავალი
ნაშრომი, ხოლო საერთაშორისო საზოგადეობის დონეზე
კი შემდეგი ძირითადი ბერკეტები არსებობს.
დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების ან სხვა სახის ქონების ლეგალიზაცია (გათეთრება).
დანაშაულებრივი საქმიანობის ამ
სახეობათა წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართულ
საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს:
ევროპის
საბჭოს 1990 წლის
კონვენცია „დანაშაულებრივი გზით
მიღებული შემოსავლების გათეთრების, გამოვლენისა და
კონფისკაციის შესახებ“;
გაეროს
2000 წლის კონვენცია
„ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ“(ცქვიტაია,
2016).
აღნიშნული
სამართლებრივი აქტები
განსაზღვრავენ (აკონტროლებენ): დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ცნებას; საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპებს აღნიშნულ
დანაშაულთან ბრძოლაში;
ურთიერთდახმარების ხასიათს
განსახილველ დანაშაულთა გამოძიებისას და
სამართლებრივი დახმარების სხვა აქტებს
მითითებული კატეგორიის საქმეებთან დაკავშირებით.
საქართველოს კანონმდებლობაში დასახელებული კონვენციების ძირითადი
დებულებებია ასახული. აუცილებელია
ყურადეღბა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ ტერორიზმის და მისი
დაფინანსების, კორუფციის,
დანაშაულებრივი გზით
მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ მიმართული ძირითადი
საერთაშორისო კონვენციები რეკომენდაციებით მიმართავენ წევრ სახელმწიფოებს, რათა ამ ქვეყნების
კანონმდებლობაში იურიდიული
პირების სისხლის
სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასპექტები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. დემოკრატიული
ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის მაგალითად,
აშშ–ში,
კანადაში, საფრანგეთში, ინგლისში, ნიდერლანდებში
და ა.შ. აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე პრაქტიკულ საქმიანობაში რეალური ზომებია
მიღებული.
დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თემის შეჯამებისთვის, ყურადღება შეგვიძლია
,,მილანის სამოქმედო
გეგმაზე’’ გავამახვილოთ, რომელშიც აღინიშნულ იქნა, რომ დანაშაული
სერიოზულ ეროვნულ
პრობლემას წარმოადგენს, თუმცა
რიგ შემთხვევაში კრიმინალურ აქტებს საერთაშორისო განზომილება გააჩნია, დანაშაულის ზოგიერთი ფორმა
(ტრეფიკინგი, ტერორიზმი,
ნარკობიზნესი) ძირს უთხრის ერების პოლიტიკურ,
ეკონომიკურ, სოციალურ
და კულტურულ
განვითარებას და
საფრთხის ქვეშ
აყენებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, აგრეთვე წარმოადგენს ძირითად
პრობლემას საერთაშორისო მშვიდობის, სტაბილურობისა და
უსაფრთხოების საქმეში (ცქვიტაია, 2016). მსოფლიო
ფორუმი, რომელსაც
გაერთიანებული ერების
ორგანიზაცია წარმოადგენს, გახლავთ
მთავარი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელმაც გლობალური დანაშაულის პრევენცია უნდა მოახდინოს
და ქვეყნებს შორის
დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული თანამშრომლობა უფრო ეფექტური გახადოს. ამასთან დაკავშირებით, ვ. ლუნეევი შემთხვევით არ აღნიშნავდა, რომ გლობალიზაციის არსებით და
სპეციფიკურ წვლილს
სულ მცირე
რვა კრიმინოლოგიურად მნიშვნელოვნად ასპექტში შეიძლება ხაზი გაესვას, კერძოდ: 1) დანაშაულის მაღალ დონეში
და თავისებურ
სტრუქტურაში მსოფლიოსა
და ცალკეულ
ქვეყნებში; 2) დანაშაულის და მისი
სხვადასხვა სახეობების მიზეზებისა და
პირობების ერთობლიობაში; 3) დამნაშავეთა პიროვნებების თავისებურებებში; 4) საშიში საქმიანობის ახალი ფორმებისა
და სახეობების წარმოშობაში; 5) სისხლის სამართლის
კანონმდებლობის ფარგლებში დანაშაულის სპეციფიკური სფეროს გაფართოვებაში; 6) ტრანსნაციონალურ (განსაკუთრებით ორგანიზებულ და ტერორისტულ) დანაშაულის ფარგლებში; 7) ტრანსნაციონალურ დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის იძულებით
გაფართოებაში; 8) დანაშაულის პრევენციის შინაარსსა
და ორგანიზებაში (ცქვიტაია,
2016). მაშასადამე, შეიძლება
ითქვას, რომ
გლობალური პროცესების შემდგომი
განვითარების მიმართულებით კრიმინოლოგიისა და
სისხლის სამართლის
ყველა შემადგენელმა ნაწილმა შესაძლოა
მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადოს. აღნიშნულის შესახებ დღევანდელ ეტაპზე
შესაბამისი დარგის ბევრი სპეციალისტი საუბრობს.
გამოყენებული ლიტერატურა:
Forbes.
Ge (2018). რომელ ქვეყნებს აქვთ ყველაზე მაღალი სამხედრო ხარჯები? მასალა
მიღებულია საიტიდან:
http://forbes.ge/news/3312/romel-qveynebs-aqvT-maRali-samxedro-xarjebi
დავითაშვილი,
ზ. ელიზბარაშვილი, ნ. (2012). გლობალური გეოგრაფია.
გამომცემლობა „მერიდიანი“.
ცქვიტაია
ირაკლი (2016). დანაშაულობის პრევენციის ცნება და მისი, როგორც გლობალური პრობლემის განხილვა საერთაშორისო აქტებში. გრიგოლ
რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი
Antsupov, A., Shipilov, A (2008). Conflict Studies. ISPN
978-5-469-01552-9. p. 11 Moscow
Basic Facts about the United Nations
(2005). Economic Development.
Department
of Public Information. United Nations, New York
Goldstein .
Jon C. Pavehouse. (2010-2011). International
Relations. ISBN: 978-0-205-78021-1. Ninth Edition. 2010-2011. P. 29
Freedom
House in the World. (2014).
Classification of the states by the level
of freedom. http://www.freedomhouse.org/report/freedom-world/freedom-world-2013
Heidelberg
Institute for International Conflict Research (Germany) (2014). Conflict Barometer 2013. Retrieved from:
http://hiik.de/de/downloads/data/downloads_2013/ConflictBarometer2013.
Kegley C. Blanton, S. (2010-2011).
World Politics. Trends and Transformation. ISBN-13: 978-0-495-80220-4. Printed in USA
Sciutto, J. Crawford,
J. Chelsea J. Carter, CNN. (2014) ISIS
can 'muster' between 20,000 and 31,500 fighters, CIA says. Retrieved from: https://edition.cnn.com/2014/09/11/world/meast/isis-syria-iraq/index.html
United Nations
(1984). Resolution 39/159. Inadmissibility of the policy of State terrorism
and any actions by States aimed at undermining the socio-political system in
other sovereign States.
Retrieved from: http://www.un.org/documents/ga/res/39/a39r159.htm
United
Nations (2006). United Nations. N. COUNTER-TERRORISM IMPLEMENTATION
TASK FORCE. Retrieved from: https://www.un.org/counterterrorism/ctitf/en/un-global-counter-terrorism-strategy
Всемирный Банк (2017). Коррупция. Что
это значит?
Доступно: http://www.un.org/ru/youthink/corruption.shtml
Колосов
Ю.М. (1999). Международное Право.
Издательство “Юристъ”.
Лебедева,
М. 2007. Мировая Политика. Изд.
“Аспект Пресс”.
Comments
Post a Comment